თეოსოფია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:53, 19 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეოსოფია - თვითშემეცნების თეორია და პრაქტიკაა, რომლის მიზანი ადამიანსა და მის გარემომცველ სამყაროში ღვთის სულის ამოცნობაა. გაირჩევა ორი მიმართულება: ქრისტიანული და ზოგადრელიგიური.

დღეისათვის უფრო პოპულარულია მეორე, რომელსაც მოდერნისტულ, ანუ თანამედროვე თეოსოფიას უწოდებენ („თეოსოფიური საზოგადოება“). დამაარსებელია ელენე ბლავაცკაია (1831-1891). ეფუძნება აღმოსავლურ და დასავლურ რელიგიურ-ფილოსოფიურ მსოფლმხედველობა, განსაკუთრებით - ბუდიზმსა და ინდუიზმს და, ძირითადად, ამ რელიგიათა ცნება-ტერმინებით ოპერირებს.

ერთი რომელიმე კონფესიით შემოფარგლული არ არის და მისი მიმდევარი შეიძლება ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენელი იყოს.

სარჩევი

ცნება

თეოსოფია ბერძნული სიტყვაა (თეოს - ღმერთი, სოფია - სიბრძნე) და „ღვთის სიბრძნეს“, ღვთაებრივ სიბრძნეს ნიშნავს.

მოკლე განმარტებით, თეოსოფია არის ღვთიური სიბრძნის წარმოჩენის მეცნიერება და ღვთისშემეცნების მეთოდოლოგია. ამ სახელით ღვთაებრივ სიბრძნეს და ღვთაებრივ მოძღვრებას სხვადასხვა რელიგიურ და ფილოსოფიურ სისტემაში მოიხსენიებდნენ, მაგალითად, - იუდაურ კაბალაში, ანტიკურ და ქრისტიანულ გნოსტიციზმში, ისლამურ სუფიზმში, მაგრამ თეოსოფია, როგორც დარგი, XIX საუკუნის 70-იან წლებში ჩამოყალიბდა. იგი, ძირითადად, დაფუძნებულია ინდურ რელიგიურ გარემოსა და სპირიტუალობაზე, მაგრამ ჭეშმარიტების მარცვლებს ყველგან ხედავს და „კაცთა მოდგმის საყოველთაო ძმობას“ ქადაგებს.

არსებობს თეოსოფიის სხვადასხვაგვარი დეფინიცია:

1) რელიგიის ისტორიკოსებისა და ეზოთერიზმის მკვლევართა განსაზღვრებით, თეოსოფია მისტიციზმის ნაირსახეობას წარმოადგენს. იგი განსხვავდება თეოლოგიისაგან. თუკი თეოლოგია მოცემული რელიგიის საფუძვლების, როგორც ავტორიტეტის, რაციონალურ და რეფლექტურ ანალიზს ემყარება, თეოსოფიის წყარო, უპირატესად, ინდივიდუალური ზეშთაგონებანია. შესაბამისად, მისი ველი ვრცელია და ერთი კონკრეტული რელიგიის ფარგლებს სცილდება.

2) თვით თეოსოფიის, როგორც ერთ-ერთი თანამედროვე რელიგიურ-მისტიკური მიმართულების თვალთახედვით, თეოსოფია იმ ზეჭეშმარიტების გამოცხადებას წარმოადგენს, რომელიც ადამიანის შინაგან სამყაროში არსებული ღვთაებრივი ცენტრიდან გადმოიღვრება და, რომლის საფუძველზე ერთი კონკრეტული დარგი და სისტემა იქმნება. თუკი ამ სისტემის საზღვრებს გავცდებით, ძველი და ახალი დროის ბევრი მისტიკოსის, ოკულტისტისა და გნოსტიკოსის თეოსოფად გამოცხადება მოგვიწევს.

ისტორია

თეოსოფიის ამოსავალი დებულებები გვიან ანტიკურ ეპოქაშიც გვხვდება. იგულისხმება ნეოპლატონიზმი, გნოსტიციზმი და კაბალისტიკა. თეოსოფიურ თეორიებს შუა საუკუნეებში ბევრი ქრისტიანი და იუდეველი მისტიკოსი ავითარებდა (პიკო მირანდოლა, იოჰანეს როიხლინი, ქრისტიან როზენროტი, ფრანც მერკურიუს ჰელმონტი, ემანუელ სვედენბორგი, მაისტერ ერკჰარტი, გოეთე და სხვ.). ამ თეორიებს ეფუძნება, აგრეთვე, ხასიდების მისტიკა თანამედროვე იუდაიზმში.

ეზოთერიზმის მკვლევრები ერთმანეთისაგან მიჯნავენ (1) „კლასიკურ“, ანუ ქრისტიანულ თეოსოფიას, რომელსაც დასრულებული სახე იაკობ ბიომემ და ვილჰელმ ბლაკემ მისცეს და (2) „თანამედროვე“, ანუ ინტერკონფესიურ (პანეკუმენურ) თეოსოფიას, რომლის ფუძემდებელი და თეორეტიკოსი ე. პ. ბლავაცკაიაა.

კლასიკური, ანუ ქრისტიანული თეოსოფია, ძირითადად, მარტინ ლუთერის თეოლოგიას ეფუძნება, განსაკუთრებით იმ პრინციპს, რომელიც ღვთის ძიების გზაზე ბიბლიის ინდივიდუალურად კითხვასა და შემეცნებას გულისხმობს, აგრეთვე - როზენკროიცერებისა და პიეტისტების მოძღვრებას (XVI-XVIII სს).

XVIII საუკუნის დასაწყისიდან დასავლეთ ევროპაში ვითარდება ერთობ ინტელექტუალური ორიენტაციის თეოსოფია, რომლის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი ფრიდრიხ ქრისტოფ ოეტინგერი იყო. მომდევნო ეტაპად ითვლება რომანტიკოსების მისტიცზმი (სანტმარტინი და ფრანც ბაადერი), რომლის ხაზს აგრძელებენ და ასრულებენ XIX-XX საუკუნეების მოაზროვნეები: ნიკოლაი ბერდიაევი, ლეოპოლდ ციგლერი, ვალენტინ ტომბერგი, რუდოლფ შტაინერი (ნაწილობრივ) და სხვანი.

თანამედროვე („მოდერნისტული“) ანთროპოსოფია, ქრისტიანული თეოსოფიისაგან განსხვავებით, ავტონომიურ დარგად, მიმდინარეობად და ორგანიზაციადაა წარმოდგენილი. მის სათავეში რუსული წარმოშობის მისტიკოსი (ოკულტისტი) და მწერალი ელენა პავლეს ას. ბლავაცკაია (1831-1891) დგას. მან ქმრის გარდაცვალების შემდეგ მთელი ფინანსური შესაძლებლობები სულიერი ინტერესების შესაბამისად გამოიყენა. ამტკიცებდა, რომ იყო ინდოეთში, ეწვია ტიბეტს, გაიცნო დალაი ლამა და ბევრ საიდუმლო (დაფარულ) ცოდნასა და სიბრძნეს ეზიარა, ეწვია საქართველოსაც. შემდეგ იგი ამერიკაში გადავიდა, სადაც მან და ჰენრი შტელ ოლკოტმა 1875 წლის 17 ნოემბერს ნიუიორკში თეოსოფიური საზოგადოება დააარსეს. ეს იყო ერთგვარი ეზოთერულ-ოკულტური ორდენი. პრეზიდენტად ე. ბლავაცკაია აირჩიეს.

1878 წელს ბლავაცკაია, ოლკოტი და მათი რამდენიმე თანამოაზრე სამხრეთ ინდოეთში, მადრასში, გადასახლდნენ და იქ, ქ. ადიარში, მადრასის სიახლოვეს, თეოსოფიური საზოგადოება - დიდი თეოსოფიური სკოლა - ჩამოაყალიბეს. თანამედროვე თეოსოფიამ დასრულებული სახე სწორედ ინდოეთში მიიღო. მისი წინამძღვრები, ბლავაცკაია და ოლკოტი, ისე ღრმად დაუკავშირდნენ ბუდიზმს, რომ მათ 1880 წლის მაისში, შრი ლანკაში, თავი ბუდისტებად გამოაცხადეს და აღთქმა დადეს. თეოსოფიურ საზოგადოებას ბევრი ადგილობრივი ბუდისტი თუ არაბუდისტი შეუერთდა, მათ შორის - ანაგარიკა დჰარმაპალა, დაიანანდა სარასვატი, ინდოეთის ნაციონალური კონგრესის გენერალური მდივანი ალან ოკტავიან ჰუმე და სხვანი. თეოსოფიის მიმართ სიმპათიები ლეგენდარულმა მაჰატმა განდიმაც გამოხატა. ოლკოტმა 1881 წელს „ბუდისტური კატეხიზმო“ დაწერა და მხარი დაუჭირა რეფორმატორულ მოძრაობას ამ კონფესიის წიაღში. თეოსოფიურმა საზოგადოებამ დაარსების პირველივე დღიდან ფართომასშტაბიანი ანტიკოლონიური და ანტირასისტული კამპანია წამოიწყო - მოუწოდეს ევროპელებსა და ამერიკელებს, მხარი დაეჭირათ მათთვის ინდუსი და ბუდისტი ხალხების ეროვნული კულტურის დაცვისათვის ბრძოლაში.

ბლავაცკაიას გარდაცვალების შემდეგ (1891 წ.) თეოსოფიური საზოგადოების პრეზიდენტი ანი ბეზანტი გახდა. მან და მისმა თანამშრომლებმა ვილიამ ქუან იუდგესმა და ფრანც ჰარტმანმა ბევრი იღვაწეს, რათა ბლავაცკაიას ფუნდამენტურ წიგნებში განხილული საკითხები სისტემაში მოეყვანათ და საზოგადოებაში ერთსულოვნება შეენარჩუნებინათ. ამის მიუხედავად, 1895 წელს ინტერკონფესიური თეოსიფიური მოძრაობა ორ მიმართულებად გაიყო: ოლკოტისა და იუდგეს სკოლებად. ოლკოტი მადრასში, ადიარში, ცხოვრობდა, იუდგე - ამერიკაში, კალიფორნიაში, პოინტ ლომაში. ამ უკანასკნელმა მეტი მცდელობა გამოიჩინა და მისი სკოლა დღესაც აქტიურობს. ამ სკოლის ცენტრი და უნივერსიტეტი ქ. პასადენაში მდებარეობს.

თეოსოფიური საზოგადოების ფილიალები ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა რეგიონში, თვით ბლავაცკაიას ინიციატივით XIX საუკუნის 80-იან წლებში დაარსდა. ასე შეიქმნა ავსტრიული და გერმანული სექციები, რომელთაგან ზოგიერთმა, მოგვიანებით, ნაციონალ-სოციალისტების იდეები გაიზიარა. ზოგიერთი სექცია დამოუკიდებელ გზას დაადგა და არცერთ ზემოაღნიშნულ სკოლასთან კავშირი არ შეინარჩუნა. ერთ-ერთი გერმანული სექციის თავმჯდომარედ დოქტ. რუდოლფ შტაინერი დაინიშნა. მისი მოძღვრების თანახმად, დედამიწის განვითარების, კაცობრიობის ცივილიზაციის ცენტრალური მოვლენა არის გოლგოთის მისტერია (მაცხოვრის შობა, ჯვარცმა, აღდგომა). ამასთანავე, ყველა ადრინდელი რელიგია, როგორც ამას ჯერ კიდევ V საუკუნეში ნეტარი ავგუსტინე ქადაგებდა, კაცთა მოდგმას ქრისტესთან შესახვედრად ამზადებდა. ეს თეორია წინააღმდეგობაში მოვიდა ბლავაცკაია-ოლკოტისეულ ქრისტოლოგიასთან, რის გამოც რ. შტაინერმა თეოსოფიური საზოგადოება დატოვა.

მოძღვრება და პრაქტიკა

თეოსოფია არც რელიგიაა და არც მეცნიერება, თუმცა ფორმითაც და შინაარსითაც იგი ერთთანაცაა დაკავშირებული და მეორესთანაც. თეოსოფია, მისი წარმომადგენლების თვითშეფასებით, ზერელიგია და ზემეცნიერებაა. ამის შესაბამისად, შესაძლებელია, რომ თეოსოფი ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენელი გახდეს. თეოსოფია, პირველ ყოვლისა, თვითშემეცნების სისტემაა, რაც უფრო ინდივიდუალიზმს გულისხმობს, ვიდრე კოლექტივიზმს. შემმეცნებელი სუბიექტები თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას, ე.ი. სწავლებისა და ასკეტიზმის პროცესს, ინდივიდუალურადაც გადიან და ერთობლივადაც, ქმნიან საზოგადოებებს, ჯგუფებს და სხვადასხვა სახის გაერთიანებებს.

თეოსოფიის, როგორც ცალკე მდგომი სისტემის, ზოგად საფუძველს წარმოადგენს ნეოპლატონიკოსთა მისტიკა ღვთიური ემანაციის შესახებ. ღმერთი სამყაროს ძალა და საფუძველია. იგი კოსმიური ძალაა, რომლის წიაღიდან ყველაფერი, ხილულიც და არახილულიც (მატერიალურიც და არამატერიალურიც), თავისთავად გამოედინება, ანუ წინასწარი განზრახვის გარეშე იქმნება. სხვანაირად რომ ვთქვათ, ღმერთი ისევე ასხივებს სამყაროს, როგორც მზე გამოსცემს სხივებს, - მარადის და უკუნისამდე, ვიდრე არსებობს. თეოსოფთა ფორმულა ასეთია: ღმერთი არის ყველაფერში და ყველაფერი არის ღმერთში. ეს მსოფლმხედველობა, თავის მხრივ, განაპირობებს თანამედროვე თეოსოფიაში მკაფიოდ გამოხატულ პრინციპს ხალხთა დაახლოებისა და დაძმობილების შესახებ.

თანამედროვე (ინტერკონფესიურ) თეოსოფიურ საზოგადოებათა ერთ-ერთი არსებითი ნიშანია ის, რომ მათ აითვისეს სპირიტუალური ცოდნა და გამოცდილება, რაც მასონთა ორდენმა საუკუნეთა განმავლობაში დააგროვა. ამ ეტაპზე ეს ცოდნა, მათი განზრახვით, დემოკრატიული უნდა გამხდარიყო და შეძლებისამებრ ყველა ხალხსა და სოციალურ ფენაში უნდა გავრცელებულიყო, რათა კაცთა მოდგმის დაახლოებასა და დაძმობილებას მყარი საფუძველი ჩაყროდა. ამ იდეალის სრულყოფის გზაზე თეოსოფებს პირველი რიგის ამოცანად რელიგიათა და კულტურათა დიალოგი ესახებოდათ, რასაც შედეგად, მათი ფიქრით, ანტიკური და თანამედროვე არაქრისტიანული რელიგიების, ქრისტიანობისა და XIX საუკუნის მეცნიერების ურთიერთგაგებისა და თანხმობის მიღწევა მოჰყვებოდა.

თეოსოფიურმა საზოგადოებამ სამი ძირითადი მიზანი და მუშაობის მეთოდი ჩამოაყალიბა:

1. ღვთაებრივი იმპულსებისა და ცოდნის წინ წამოწევა სხვადასხვა რელიგიური სისტემის შესწავლითა და გათვალისწინებით, თანაც ისე, რომ უპირატესობა არც ერთ რელიგიურ სისტემას არ მიენიჭოს, 2. რელიგიათა შორის საერთო იმპულსების გამოვლენა და ამ მიმართულებით კვლევაძიების გაღრმავება ისე, რომ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებმა ამ საზოგადოებაში სულიერი ერთობა იგრძნონ, 3. ბუნების საიდუმლოებებისა და აუხსნელი მოვლენების შესწავლა ისე და იმ დანიშნულებით, რომ ამის შედეგად ადამიანის ზეგრძნობადი ძალები განვითარდეს.

ამ და ბევრ სხვა საკვანძო საკითხზე თავისი შეხედულებები ე.ბლავაცკაიამ გადმოსცა წიგნებში „საიდუმლო დოქტრინა“ და „თეოსოფიის გასაღები“, რომლებიც თანამედროვე თეოსოფიის ფუძემდებლურ შრომებად ითვლება. მათში გადმოცემულ მოძღვრებას ყველა თეოსოფიური საზოგადოება ავტორიტეტულად მიიჩნევს, თუმცა აღიარებენ, რომ აქ სისტემატიზაციის პრინციპი სრულყოფილად გათვალისწინებული არ არის. ამ ხარვეზის გამოსწორება მომდევნო სახელმძღვანელოების ავტორებმა სცადეს. სახელმძღვანელოს დანიშნულება აქვს, აგრეთვე, ე.წ. „მაჰატმას წერილებს“.

ზოგადი შეფასებით, ბლავაცკაია-ოლკოტის თეოსოფია ბუდიზმის, ბრაჰმანიზმის, გნოსტიციზმის, ქრისტიანული ფილოსოფიის, ალქიმიის, ოკულტიზმის, სპირიტიზმის, ანთროპოსოფიისა და სხვათა სინკრეტიზმს წარმოადგენს. ამდენად, იგი საკმაოდ რთული ფსიქოლოგიურ-კოსმოლოგიური და რელიგიურ-თეოლოგიური სისტემაა: აღიარებს მოკვდავ სხეულში მყოფი ადამიანის იმქვეყნიურ სამყაროსთან შეერთების შესაძლებლობას, ამუშავებს სათანადო გზებსა და მეთოდებს და საამისოდ ყველა რელიგიის ასკეტური პრაქტიკის გამოყენებას ცდილობს. მართალია, მისი ცოდნისა და რწმენა-წარმოდგენების ველი ინტერკონფესიურია, მაგრამ მეტწილად ბუდიზმს ეყრდნობა და ამ რელიგიის საფუძვლებს - რეინკარნაციას, მეტემფსიქოზს, კარმასა და მაჰატმას („დიდ სულს“, სანსკ.) - აღიარებს.

თეოსოფიური საზოგადოება ქრისტეს მიიჩნევს ერთ-ერთ დიად ხელდასხმულად, ანუ ისეთად, როგორებიც იყვნენ შვიდი რიში, ზარატუსტრა, ბუდა, მოსე და სხვ. ამდენად, მათ იესო ქრისტე მიაჩნიათ არა ღვთის ძედ და მისი სიტყვის (ლოგოსის) განსხეულებად, ე.ი. ღმერთად, არამედ ერთ-ერთ ხელდასხმულად, ინდური ტერმინოლოგიით - ავატარად.

თეოსოფები განსაკუთრებული ინტერესითა და ინტენსივობით სწავლობდნენ და სწავლობენ ძველი აღმოსავლეთის რელიგიურ ფილოსოფიას, რაც წარმოდგენილია უპანიშადებში, სუტრებსა და ინდოელ მაჰატმათა მოძღვრებებში; ქადაგებენ ადამიანთა შორის ძმობას, განურჩევლად სარწმუნოებისა, რასისა და ეთნიკური წარმომავლობისა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები