ჯაყელი აღბუღა (I)
აღბუღა (I) ჯაყელი - ძე სამცხის სპასალარ ყვარყვარე I-ისა ათაბაგ-ამირსპასალარი 1361-1391 წწ-ში. XIV ს-ის პირველ ნახევარში სამცხის სამთავროში მემკვიდრეობის წესის დარღვევისა და ბექა I-ის ძეების ერთობლივი მმართველობის დამყარების შედეგად ათაბაგ-ამირსპასალარის თანამდებობა და სამცხის მმართველობა გადავიდა არა ბექა (I) ჯაყელის უფროსი ვაჟის, სარგის (II) ჯაყელის (გარდ. 1334 წ.) მემკვიდრეებზე, არამედ მისი მეორე ვაჟის, ყვარყვარე (I) ჯაყელის (1334-1361) ძე აღბუღაზე. იგი ათაბაგ-ამირსპასალარად იხსენიება ბექა-აღბუღას სამართლის შესავალში და ზესხევის (ხოვლეს) ეკლესიის წარწერაში. XIV ს-ის 90-იანი წწ-ის დოკუმენტებსა და ხელნაწერთა მინაწერებში, ასევე ათბაგ-ამირსპასალარად იწოდებოდა აღბუღას ძე ივანეც.
ამდენად, მთელი XIV ს-ის განმავლობაში სამცხის მმართველი ჯაყელები ათაბაგ-ამირსპასალარებად და სამცხის სპასალარებად იწოდებიან. XV ს-დან მოყოლებული, მათი ათბაგობა თუ ათაბაგ-ამირსპასალარობა, ისევე, როგორც სამცხის სპასალარობა, მხოლოდ სამხრეთ საქართველოთი შემოიფარგლება და ამ მხარის მმართველი საგვარეულოს საპატიო ტიტულს წარმოადგენს.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში