ოლიმპიური მუზეუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:44, 29 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოლიმპიური მუზეუმი

ოლიმპიური მუზეუმი - გაიხსნა 1915 წელს ლოზანაში, ბარონ პიერ დე კუბერტენის თაოსნობით. თავდაპირველად კაზინო „მონტბენონის“ შენობაში ეკავა ერთი ოთახი. 1922 წელს ლოზანის ცენტრში მდებარე ვილა მონ-რეპოში გადავიდა, სადაც სოკ-ის მაშინდელი შტაბ-ბინა იყო განთავსებული. პიერ დე კუბერტენს სურდა, რომ მუზეუმს საკუთარი შენობა ჰქონოდა და მთელი 10 წლის განმავლობაში აგროვებდა სახსრებს, სამუზეუმო ექსპონატებს, საარქივო მასალებს. ეს ჩანაფიქრი მაშინ განუხორციელებელი დარჩა.

1982 წელს ოლიმპიური მუზეუმი დროებით გადავიდა ისევ ლოზანის ცენტრში, ავენიუ რუჩონეტზე მდებარე შენობაში. 1988 წელს სოკ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ხუან ანტონიო სამარანჩის თაოსნობით, ჟენევის ტბის სანაპიროზე დაიწყო ოლიპიური მუზეუმის თანამედროვე, ხუთსართულიანი შენობის მშენებლობა. პროექტის ავტორები: პედრო რამირეს ვასკესი (მექსიკა) და ჟან პიერ კაენი (შვეიცარია). შენობის აგებას 5 წელიწადი დასჭირდა. ახალი მუზეუმის გახსნის ცერემონია 1993 წლის 23 ივნისს გაიმართა.

მუზეუმი გარშემორტყმულია ოლიმპიური პარკით, თავად საგამოფენო სივრცე 3000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. აქ წარმოდგენილია ანტიკური ხანის და თანამედროვე ექსპონატები (მათ შორის, ძველბერძნული ამფორები და ვაზები, 1914 წლის პირველი ოლიმპიური დროშა, 1896-2018 წლების ოლიმპიური მედლების და 1936-2018 წლების ოლიმპიური ჩირაღდნების კოლექცია), მრავალფეროვანი სარქივო, ფოტო, აუდიო და ვიზუალური მასალა, რომლებიც გვაცნობენ ოლიმპიური მოძრაობის ისტორიას დასაბამიდან დღემდე.

ვიზიტორებისთვის ტარდება ინტერაქტიული პრეზენტაციები. პირველ სართულზე: „ოლიმპიური სამყარო“; მეორე სართულზე - „ოლიმპიური თამაშები“; მესამე სართულზე - „ოლიმპიური სული“. ოლიმპიურ მუზეუმს ყოველწლიურად 300 ათასამდე ვიზიტორი სტუმრობს.

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები