დელაფონდიოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:40, 23 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დელაფონდიოზი - (delafondiosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Delafondia + ბერძნ. osis დაავადება) – ცხენის, სახედრის, ჯორის ჰელმინთოზი. აღმძვრელია ნემატოდა – Delafondia vulgaris, რომლის ზრდასრული ფორმები პარაზიტობენ მსხვილ ნაწლავებში, ლარვები – ნაწლავის კედლისა და ჯორჯლის ფუძის არტერიებში. გავრცელებულია ყველგან. სიმპტ.: დელაფონდიების მიერ სისხლძარღვების დაინვაზიებისას მატულობს სხეულის ტემპერატურა, ვითარდება ანემია, ირღვევა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქცია. ქრონიკული მიმდინარეობისას ჭვლები პერიოდულად შეტევებით (5-10 წლის ასაკის ცხენებში) ვლინდება. არჩევენ დელაფონდიური ჭვლების მსუბუქ და მძიმე ფორმებს. მსუბუქი ფორმის დროს, საწყის ეტაპზე, ცხოველი მოუსვენრად არის, ეცემა მიწაზე, გორავს, აღინიშნება დეფეკაცია, ამასთან, პულსი და სუნთქვის სიხშირე ნორმის ფარგლებშია. პერიოდულად, ჭვლები სუსტდება ან ძლიერდება. მსუბუქი ფორმის დროს დაავადება ერთ დღეში გაჯანსაღებით მთავრდება. მძიმე ფორმისათვის დამახასიათებელია ჭვლების მძაფრი შეტევები, არაბუნებრივი დგომა, ზოგჯერ – მუცლის მოცულობის გადიდება.

ჭვლების შეტევები სულ უფრო ხშირი და ხანგრძლივია. თავდაპირველად ნაწლავის პერისტალტიკა გაძლიერებულია, აღინიშნება ხშირი დეფეკაცია, ფეკალი თხიერი და ზოგჯერ სისხლნარევია. შემდეგ პერისტალტიკა სუსტდება და სრულიად წყდება, ვითარდება მეტეორიზმი, მუცლის კედლები დაჭიმულია. გართულებებისას (ენტერიტი, პერიტონიტი) სხეულის ტემპერატურა მატულობს, პულსი სუსტდება, ჩნდება კუნთების კანკალი, რომელიც კრუნჩხვებში გადადის. მძიმე ფორმით მიმდინარე დელაფონდიოზი ერთი-ორი, იშვიათად 15-20 დღის შემდეგ ცხოველის სიკვდილით მთავრდება. ნაწლავური დელაფონდიოზის დროს ქვეითდება ან სრულიად დაკარგულია მადა, გამოხატულია ანემია. ცხოველი გამხდარია, სწრაფად იღლება. კვიცები ზრდა-განვითარებაში ჩამორჩებიან.

წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები