თბილისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძველი თბილისი

თბილისი - სახელწოდება მიღებულია სიტყვიდან „თბილი“. ლოკალიზდება ამიერკავკასიის ცენტრალურ ნაწილში. მდებარეობს მტკვრის ხეობაში, წარმოადგენს საქართველოს დედაქალაქს.

სარჩევი

სახელწოდება

ტფილ“-ი, რომელიც საფუძვლად უდევს ტფილისის სახელს და ნიშნავს თბილს, ქართული სიტყვაა. დედაქალაქის სახელწოდება ტფილისი-თბილისი მომდინარეობს იმ თბილ (ტფილ) წყაროთაგან, რომლებიც ქალაქის ტერიტორიაზე მრავლად იყო. „ტფილისის“ ფორმით გავრცელდა ქალაქის სახელწოდება სხვა ენებში. აქედანაა ნაწარმოები სომხური „ტფლის“, ბერძნული „ტიფილის“, არაბულ-სპარსულ-თურქული „თიფლის“, რუსული „ტიფლის“ და ევროპულ ენებში დამკვიდრებული „ტიფლისი“ (შანიძე 1958: 20-22). ზოგიერთი სომხური წყარო ტფილისს „ფაიტაკარანად“ მოიხსენიებს, რაც „ხით ნაშენს“, „ხის ქალაქს“ ნიშნავს (თბილისი 1990: 48).

მდებარეობა

მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380-600 მ სომაღლეზე 1922-1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსტ-ს დედაქალაქი;

ტფილისს (1936 წლიდან თბილისს) დღეისათვის საზღვრავს აღმოსავლეთიდან ძეძვის, ყეენისა და მახათას მთის კალთები, დასავლეთიდან თრიალეთის ქედის ჩრდილო განშტოებანი, ჩრდილოეთიდან საგურამოს ქედი, სამხრეთიდან თრიალეთის ქედი. ქალაქს 720 კვ.კმ. ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს.

ისტორია

არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. უძველესი წყაროს მოხსენიება განეკუთვნება IV საუკუნის II ნახევარს, როცა ამ ადგილებში მეფე ვარაზ-ბაკურის დროს ციხე ააგეს. IV საუკუნის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელის - პიტიახშის რეზიდენცია გახდა. V საუკუნის შუა წლებიდან ქალაქი კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა. თბილისისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება და დიდი აღმშენებლობა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლია.

გადმოცემის მიხედვით სანადიროდ გამოსული მეფე ვახტანგ გორგასლის მიმინო გაუჩინარდა და მხლებლებმა იპოვეს გოგირდიან ცხელ წყალში ჩამხრჩვალი წმ. მეფემ აქ აბანოები ააშენებინა და ამ ადგილს „აბანოთა უბანი“ უწოდეს.

მეფე ვახტანგ გორგასლის მემკვიდრემ, დაჩი I-მა უჯარმელმა, დაამთავრა ქალაქის ზღუდე-გალავნის აგება. მან ქალაქის საზღვრები განავრცო და, მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა.

საუკუნეების განმავლობაში თბილისის ციხემ და თვით ქალაქმა მრავალი ცვლილება განიცადა, იგი არაერთხელ გამხდარა შემოსეული მტრის თავდასხმისა და აწიოკების მსხვერპლი, მაგრამ დედაქალაქი კვლავ ახერხებდა სიცოცხლის შენარჩუნებასაც და განახლებასაც.

თბილისი ისტორიულად ცნობილი იყო რელიგიური ტოლერანტობით. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ძველ თბილისში, სადაც სულ რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მართლმადიდებლურ ეკლესიასაც ნახავთ, სინაგოგასაც, მეჩეთსაც და სომხურ მონოფიზიტურ სალოცავსაც.

შუა საუკუნეებში ტფილისის ტერიტორია გაცილებით მცირე იყო. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით „ტფილისი არს სამი ქალაქი-ტფილისი, კალა და ისნი. ჰყოფს მტკუარი კალას, ტფილისს და ისნს-დასავლით და სამხრით. ხოლო კალასა და ტფილისს ჰყოფს სალალაკის წყალი, რომელი გამოსდის წავკისისა და კოჟრის მთებსა, სამხრით და აღმოსავლით უდის კალას და დასავლით ტფილისს. არამედ პირველ იყო დაბა ... ტფილისს დის ცხელი წყალი კლდიდამ. არს მით აბანონი ექუსნი და დიდშენნი ... აქ დასხნა შასეფიმ სეიდნი, მის გამო სპარსნი უწოდებენ სეიდაბადს. ყოფილან ეკლესიანი დიდშენნი, არამედ აწ შემუსვრილნი არიან“ (ქც 4: 333,28,29, 334,1-16). ვახუშტი ბაგრატიონი ამ ტერიტორიას თბილისის გეგმაზე მოიხსენიებს ორი სახელით – „სეიდაბადი ანუ ტფილისი“.

თეიმურაზ ბაგრატიონი აღნიშნავდა, რომ „ტფილისი უწინარეს ვახტანგ გორგასლანისა იყო მცირეს სოფლებად დაყოფილი ... სოფელი აბანოების ხევს გაღმა ყოფილა, სეიდაბადის ბაღები რომ არის იქ, ტფილს წყლებს ახლო. და იმ სოფელს ტფილისი რქმევია“ (მესხია 1958ა: 158-162).

თავდაპირველად ტფილისი მოიცავდა აბანოების უბანსა და მის მიმდებარე ტერიტორიას იმ ადგილებამდე, სადაც დღეს სამასი არაგველის ძეგლია (კვირკველია 1985: 79). ქალაქის ზრდა-განვითარებასთან ერთად სახელი ტფილისი მთელ ქალაქზე გავრცელდა. საკუთრივ ტფილისმა, რომელიც დროთა განმავლობაში დედაქალაქის ერთ-ერთ უბნად იქცა, XVII ს-ში მიიღო სეიდაბადის სახელწოდება (ქც 4: 334,15). შემდეგ ამ უბანს შეერქვა ხარფუხი. გვიან შუა საუკუნეებში „ტფილისის ანუ სეიდაბადის“ ტერიტორია წარმოადგენდა ქალაქის გარეუბანს თავისი ცნობილი ბაღებით (ბერიძე 1977: 71-77).

V ს-ის მეორე ნახევრის საგზაო რუკაზე, რომელიც შედგენილია რომაელი ავტორის კასტორიუსის მიერ, გზის ერთ მონაკვეთზე, კერძოდ რუსთავსა და არმაზციხეს შორის აღნიშნულია სადგური, რომლის სახელწოდება რუკის სხვადასხვა ხელნაწერსა და ვარიანტში მოცემულია გადამწერის მიერ დამახინჯებული ფორმით „ფილადო“, „ტილიდა“. თავდაპირველი ფორმა უნდა ყოფილიყო „ტფილადო“ ან „ტფილიდა“, რაც ტფილისს უნდა გულისხმობდეს (ერემიანი 1939: 87; ლომოური 1958: 23-28). ქართულ წყაროებში ტფილისი პირველად იხსენიება „მოქცევაი ქართლისაიში“ IV ს-ის მეორე ნახევრის ამბების თხრობისას. „მაშინ მოვიდა ხუარ სპარსთა მეფისა პიტიახში ტფილისს და კუალად ციხედ და ქართლი მისსა ხარკსა შედგა“ (მქ 1963: 92,4,5). ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით – მეფის, ვარაზბაკურის დროს ტფილისი, რომელიც მანამდე დაბა იყო, სპარსელებმა ააშენეს მცხეთის „შურის ციხედ“ (ქც 4: 334,4-6). V ს-ის მეორე ნახევარში ქალაქის მშენებლობას საფუძველი დაუდო ვახტანგ გორგასალმა (ქც 1: 200,1). დაჩი ვახტანგის ძემ დაასრულა ქალაქის ზღუდის აგება და ტფილისი ქართლის სახელმწიფოს დედაქალაქად აქცია (ქც 1: 205,6,7). 628 წ. ტფილისი სასტიკად ააოხრეს ჰერაკლე კეისრისა და მისი მოკავშირე ხაზართა ჯარმა (ქც 1: 225,7-10). VII ს-ის შუა ხანებში ტფილისი დაიპყრეს არაბებმა და ქალაქი ტფილისის საამიროს ცენტრად აქციეს (ქც 1: 250,17). 853 წ. ტფილისი გადაწვა არაბთა სარდალმა ბუღა თურქმა (ქც 1: 256,1-3). ბაგრატ IV-მ (1027-1072) მოახერხა ქალაქის დაბრუნება, მაგრამ მალე იძულებული გახდა ტფილისი ისევ მაჰმადიანი მმართველებისათვის დაეთმო (ქც 1: 299,14-22, 300,7-11). 1122 წ. ქალაქი გაათავისუფლა დავით აღმაშენებელმა (1089-1125), რომელმაც საქართველოს სამეფო ტახტი ტფილისში გადმოიტანა (ქც 1: 342,18). 1226 წ. ქალაქი ააოხრა სულთანმა ჯალალედინმა (ქც 4: 202,15-25). 1386 წ. დაიპყრო თემურ-ლენგმა (ქც 4: 264,4). 1477 წ. ტფილისი აიღო უზუნ-ჰასანმა (ქც 2: 342,16). 1522 წ. ტფილისში გაბატონდა შაჰ ისმაილი (ქც 2: 356,26). შემდგომ ქალაქი დაიბრუნა ლუარსაბ I-მა (1527-1556) (ქც 2: 357,9). 1541 წ. ტფილისი დაიპყრო შაჰ-თამაზმა (ქც 2: 357,19). 1578 წ. ოსმალებმა მუსტაფა ლალა ფაშას მეთაურობით ქალაქი ააოხრეს (ქც 4: 410,5). 1616 წ. ტფილისის ციხეში თავისი გარნიზონი ჩააყენა შაჰ-აბას I-მა (1587-1629). XVII ს-ის 40-იანი წლებიდან ვიდრე XVIII ს-ის 20-იან წლებამდე ქალაქის ცხოვრება შედარებით მშვიდობიანად მიმდინარეობდა, რამაც ხელი შეუწყო ტფილისის დიდ ეკონომიკურ აღმავლობას (გაბაშვილი 1962: 267). 1723 წ. კახთა მეფე კონსტანტინემ ლეკთა რაზმებით ტფილისი ააოხრა. ამას მოჰყვა ქალაქში ოსმალთა გაბატონება. 1735 წლიდან „ოსმალობა“ „ყიზილბაშობამ“ შეცვალა. 1748 წ. ერეკლე II-მ (1744-1798) ყიზილბაშები ტფილისიდან განდევნა. 1795 წ. ტფილისი ააოხრა აღა-მაჰმად-ხანმა.



წყარო

  • „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
  • ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილის, 2013 წ.
  • ქართული ღვინის ტურიზმის გზამკვლევი, გამომცემლობა "უსტარი", თბილისი2014
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები