მაჩუ-პიქჩუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:48, 25 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაჩუ-პიქჩუ

მაჩუ-პიქჩუ – (ინგლ. Machu Picchu < Quechua (Inca) machu მოხუცი და pikchu მწვერვალი, პიკი) თანამედ-როვე მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი, ინკების XV საუკუნის ძეგლი პერუში, კუსკოს რეგიონში, ზღვის დონიდან 2 430 მეტრ სიმაღლეზე. გაშენებულია მდინარე ურუბამბის ხეობის თავზე, მთაგრეხილზე, რომელიც ქალაქ კუსკოდან 80 კილომეტრით ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.

მაჩუ-პიქჩუ

მთელ მსოფლიოში, ინკების სამყარო ბევრისთვის სწორედ მაჩუ-პიქჩუს პორტრეტთან ასოცირდება. ის დაახლოებით 1450-იან წლებში აშენდა, ინკების იმპერიის ძლიერების პიკზე. მშენებლობის პერიოდი ინკების ორი უძლიერესი იმპერატორის – პაჩაკუტისა (1438-1471 წწ.) და ტუპაკ ინკა იუპანკის (1472-1493 წწ.) მმართველობის პერიოდს ემთხვევა. ზუსტად 100 წლის შემდეგ, 1572 წელს, ინკებმა იგი მიატოვეს, რაც ესპანური დაპყრობის ერთ-ერთი გვიანი შედეგი იყო. სავარაუდოა, რომ მისი მოსახლეობა ყვავილის ეპიდემიამ გაანადგურა, რომელიც ამ არეალში ესპანელი კონკისტადორების გამოჩენამდე სხვა მოგზაურებმა შეიტანეს. მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ ადგილობრივთათვის ცნობილი იყო, დანარჩენმა სამყარომ მასზე 1911 წლამდე არაფერი იცოდა, სანამ ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ამერიკელმა ისტორიკოსმა, იელის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰირამ ბინგემმა არ მოაქცია. ამის შემდეგ, მაჩუ-პიქჩუ მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა. ინკების დაპყრობის დროს, მაჩუ-პიქჩუს შესახებ ესპანელთათვის არაფერი იყო ცნობილი, შესაბამისად, იგი შედარებით ხელუხლებლადაა შემონახული, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. საუკუნეთა მანძილზე გარსშემორტყმულმა ჯუნგლებმა, მაჩუ-პიქჩუ დაფარა და მისი არსებობის შესახებ ძალიან ცოტა გარეშე პირმა თუ იცოდა.

ქვები ისეა ამოჭრილი, რომ ერთმანეთს მჭიდროდ ეკვრის, ყოველგვარი კირხსნარის გარეშე

მაჩუ-პიქჩუ სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლია და ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა მთელ ლათინურ ამერიკაში. ქალაქი გაშენებულია ორ მთას – მაჩუ-პიქჩუსა და უაინა-პიქჩუს შორის არსებულ უნაგირზე. მიწა სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რათა იმაზე ოთხჯერ მეტი საკვები პროდუქტები მოეწიათ, ვიდრე ხალხი ცხოვრობდა. ბორცვები დატერასებულია, არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის, არამედ მტრისათვის ქალაქში შესვლის უფრო გასაძნელებლად. ამავე დროს, ტერასები მიწის ეროზიას ამცირებდა და ქალაქს მეწყერისგან იცავდა. მაჩუ-პიქჩუდან ქალაქ კუსკოში, მთებში მიმავალი ორი გზიდან, ერთი მზის ჭიშკარს გაივლის, მეორე კი ინკების ხიდს. ორივე მათგანის დაბლოკვა ადვილი იყო, თუკი მას მტრები როგორმე მიუდგებოდნენ. მიუხედავად იმისა, თუ რა იყო მაჩუ-პიქჩუს თავდაპირველი დანიშნულება, ფაქტია, რომ ის სტრატეგიულ, საკმაოდ დაცულ ადგილასაა გაშენებული. მაჩუ-პიქჩუს ნანგრევები ორ მთავარ ნაწილადაა გაყოფილი: ურბანულ და აგრარულ სექტორებად. გარდა ამისა, აგრარული სექტორი თავის მხრივ, დაყოფილია ზემო და ქვემო ნაწილებად, ურბანული სექტორი კი ფართო მოედნების საშუალებით აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად. მაჩუ-პიქჩუს ცენტრალური შენობები ინკების კლასიკურ არქიტექტურულ სტილშია გადაწყვეტილი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ნატიფი მშრალი ქვის სწორი კედლები. ინკები ამ ტექნიკის ნამდვილი ოსტატები იყვნენ; ქვები ისეა ამოჭრილი, რომ ერთმანეთს მჭიდროდ ეკვრის, ყოველგვარი კირხსნარის გარეშე. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მრავალი გზაჯვარედინი იმდენად სრულყოფილია, რომ მის ქვებს შორის ბალახიც კი არასდროს ამოსულა. ზოგიერთ შენობას ინკები კირ-ხსნარის გამოყენებით აგებდნენ, მაგრამ მათი სტანდარტით, ასეთი კონსტრუქცია უვარგისად ითვლებოდა და არ გამოიყენებოდა მნიშვნელოვანი სტრუქტურების მშენებლობისას.

მაჩუ-პიქჩუ
მთავარი ტაძარი ტრაპეციული ფორმის ფანჯრებით

როგორც ცნობილია, პერუ სეისმურად საკმაოდ აქტიური ქვეყანაა, თუმცა, კირხსნარის გარეშე აგებული შენობები მიწისძვრისადმი უფრო მედეგი იყო, ვიდრე კირხსნარით აგებული. მშრალად აგებული კედლები დანგრევის გარეშე იძლეოდა სხვაგან გადატანის საშუალებას. ინკების კედლების მონახაზს მრავალი დეტალი აქვს, რომლებიც მათ მიწისძვრის დროს დანგრევისგან იცავდა. კარები და ფანჯრები ტრაპეციის ფორმისაა და დახრილია შიდა მიმართულებით ძირიდან წვერისკენ; კუთხეები როგორც წესი, მომრგვალებულია; ოთახებში შიდა კუთხეები ხშირად ოდნავ დაქანებულია; სტრუქტურის გასამაგრებლად, გარე კუთხეებში ხშირად „L“-ის ფორმის ბლოკებს იყენებდნენ. ინკებს ყოფაცხოვრებაში არასოდეს გამოუყენებიათ ბორბალი, თუმცა, მის შესახებ საკმაოდ კარგად იცოდნენ, რაც მათ მიერ შექმნილი სათამაშოებიდანაც ჩანს, რომლებშიც ბორბლებია გამოყენებული; მიუხედავად ამისა, მას პრაქტიკაში არ გამოიყენებდნენ. ბორბლის არაპრაქტიკულობა შესაძლოა გამოწვეული იყო ძლიერი გადამზიდავი ცხოველების ნაკლებობით, ციცაბო რელიეფითა თუ გაუვალი მცენარეულობით. თუ როგორ გადააადგილებდნენ ისინი უზარმაზარ ქვის ბლოკებს, დღემდე საიდუმლოდ რჩება; თუმცა ეჭვგარეშეა, რომ დახრილ ზედაპირზე ამ ქვების ასატანად ინკები ასობით ადამიანს იყენებდნენ. ზოგიერთ ქვას დღემდე შერჩენილი აქვს სახელური, რომელსაც ალბათ მისთვის სასურველი პოზიციის დასაკავებლად გამოიყენებდნენ. დამტკიცებულია, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ისინი სახელურებს აცლიდნენ, თუმცა ზოგიერთი მათგანის მოშორება როგორც ჩანს, გამორჩათ.

ინტერიერი ტრაპეცული ფორმის კარით

მაჩუ-პიქჩუს კომპლექსი შედგება 140 სტრუქტურისგან, რომელთა შორისაა ტაძრები, სიწმინდეები, პარკები და რეზიდენციები, რომლებიც ჩალით გადახურულ სახლებს მოიცავს. აგებულია ასზე მეტი ქვის საფეხურებიანი კიბე – ხშირად მხოლოდ ერთნაირი გრანიტის ქვით და მრავალი შადრევანი. ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული კლდეებში გაყვანილი წყლისა და სადრენაჟო სისტემის არხები, რაც ძირითად საირიგაციო სისტემას წარმოქმნის. როგორც ნივთმტკიცებები უჩვენებს, საირიგაციო სისტემის წყალობით, წმინდა წყაროდან წყალი თითოეულ სახლს მიეწოდებოდა.

არქეოლოგიური მონაცემების თანახმად, მაჩუ-პიქჩუს ურბანული ნაწილი სამ დიდ რაიონად იყო დაყოფილი: წმინდა უბანი, სამოსახლო უბანი სამხრეთით და ქურუმთა და დიდებულთა უბანი. პირველ ზონაში ნამდვილი არქეოლოგიური განძეულია განლაგებული: ინტიჰუატანა, მზის ტაძარი და სამფანჯრიანი ოთახი. სამივე მათგანი ინტის ეძღვნებოდა – ინკების მზის ღმერთსა და უზენაეს ღვთაებას. სამოსახლო უბანში დაბალი კლასის ხალხი ცხოვ-რობდა. იგი სასაწყობე შენობებსა და უბრალო სახლებს მოიცავს. სამეფო უბანი ანუ დიდებულთა სექტორი ფერდობებზე მწკრივებად გაშენებული სახლების ჯგუფია. ამაუტასების (განსწავლული ადამიანები) სახლები გამოირჩეოდა მოწითალო ფერის კედლებით, ნუსტასების (პრინცესები) ზონას კი ტრაპეციის ფორმის ოთახები ჰქონდა. მონუმენტური მავზოლეუმი ამოკვეთილი სტატუეტია, კამაროვანი ინტერიერითა და ნაკვეთი ნახატებით. იგი რიტუალებსა და მსხვერპლშეწირვისთვის გამოიყენებოდა. მაჩუ-პიქჩუს რეგიონამდე ინკებს გზები ჰქონდათ გაყვანილი, რომლებიც მათ დიდ საგზაო სისტემას მიეკუთვნებოდა. საყარაულო შენობის ფუნქციას სამკედლიანი ნაგებობა ასრულებდა, რომლის ერთი ყველაზე გრძელი კედელი საცერემონიო ტერასას უერთდება. ინკების სამკედლიან არქიტექტურულ სტილს ვაირონას უწოდებენ. 2007 წლის 1 აგვისტოს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამოავლინეს მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრება, სადაც მაჩუ-პიქჩუმ მე-3 ადგილი დაიკავა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები