ბესიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ბესიკი – (1750 – 1791), ნამდვილი სახელი და გვარი – ბესარიონ გაბაშვილი; პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე.

დაიბადა თბილისში. იყო თეიმურაზ II-ის კარის მოძღვრის ზაქარია გაბაშვილის ვაჟი. მას ქართლ-კახეთის სამეფო კარზე კარგი განათლება მიუღია, შემდეგ იგი ერეკლე II-ის კარზე მოღვაწეობდა, მაგრამ როცა მისი მამის ზაქარია გაბაშვილისა და კათალიკოს ანტონ I-ს შორის კონფლიქტი ქართლ-კახეთიდან ზაქარიას განდევნით დამთავრდა, ამან გარკვეული როლი ითამაშა ბესიკის ცხოვრებაშიც და მას ქართლ-კახეთის დატოვება მოუხდა. XVIII საუკუნის 70-იანი წლებიდან ბესიკი იმერეთის მეფის სოლომონ I-ის კარზე იმყოფებოდა. 1778 წელს ბესიკი ირანში გაემგზავრა ქერიმ-ხანთან დიპლომატიური მისიით, მაგრამ იგი გარდაცვლილი დახვდა.

ბესიკის პოეტური მემკვიდრეობა მრავალფეროვანია, მას ეკუთვნის რამდენიმე პოემა, სახოტბო ოდები, სხვადასხვა ტიპის გასართობი ლექსები. მისი ლირიკული ლექსებიდან აღსანიშნავია: „სევდის ბაღს შეველ“, „ტანო-ტატანო“, „მე შენზე ფიქრმა მიმარინდა” და სხვა. მისი ლექსები სიმღერებად ვრცელდებოდა, რამაც დიდი პოპულარობა მოუპოვა. საგმირო-პატრიოტულ პოემაში „ასპინძისათვის” ოსმალო-ლეკთა ჯარზე გამარჯვების ამბავი გადმოსცა და ხოტბა შეასხა ქართველ გმირებს. ომის თემას ეხება, აგრეთვე, პოემა „რუხის ომი”. მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია დახვეწილი ბგერწერა და მდიდარი მეტაფორული აზროვნება.

1787 წელს იმერეთის მეფე დავითმა ბესიკს დააკისრა საგანგებო მისია – რუსეთისათვის მფარველობის თხოვნა, გაფორმება ისეთივე ტრაქტატისა, როგორიც დაიდო რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის 1783 წელს. ამ მისიის შესრულებისას იგი გარდაიცვალა ახლანდელი რუმინეთის ქალაქ იასში, დაკრძალულია იქვე.


* * *
ტანო ტატანო, გულწამტანო,
უცხოდ მარებო!
ზილფო, კავებო, მომკლავებო,
ვერსაკარებო,
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო,
შემაზარებო,
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო,
სულთწამარებო,
პირო მთვარეო, მომიგონე მზისა დარებო!
თვალთა ნარგისი, დამდაგისი,
შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლისა, უტოლებსა,
გველი გყვა მცველად,
გეხსნეს ხალები, მაკრძალები,
ამარტის ველად,
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი,
მიქმოდენ ხელად,
მიწვევენ შენად შესამკობლად,
დამამწარებო!
ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი
მოსარხეველნი,
მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი
მოსახვეველნი,
ზარიფსა წელსა დაეკვირნეს
ქვეყანად მვლელნი,
ოდეს გნახვიდი, შევიმატნი
ათასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი,
უცხო ვარებო.
ბაგემდუმრიად გიალერსებ,
ბაგეო ვარდო!
თვალთა სურიან ხილვა შენი,
კეკელა მარდო!
გულსა სწყურიან დამაშვრალსა
რას შეგაფარდო?
თუცა შენ დაგთმო, ვინღა ვპოვო,
სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არვისი მსურს,
შევიზარებო.
შენმა გონებამ მიმამსგავსა
მილეულს მთავრეს,
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი
სიკვდილსა მწარეს.
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ,
მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ,
დამფალთ სამარეს!
ვაჰ, სიცოცხლეო უკუღმართო,
დანაცარებო!

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები