ელიია
ელიჲა (ბალყ.-ყარაჩ. Элия) – ელვა-მეხისა და მოლაშქრეების მფარველი ღვთაება ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. უკავშირდება ქრისტიანული წმინდანის – ილია წინასწარმეტყველის – კულტს, რომელიც, როგორც ამინდისა და ჭექა-ქუხილის გამგებელი, ფართოდ იყო გავრცელებული და დიდი პოპულარობით სარგებლობდა; წარმოდგენილი ჰყავდათ, როგორც შუბით, მშვილდ-ისრითა და ხანჯლით შეიარაღებული ახოვანი, გრძელხელება მხედარი, რომელსაც ისარი და ხმალი არ ეკარებოდა; მისი ცხენის ნესტოებიდან სქელი ნისლი გამოდის, მისი ძახილით მთები იძვრის. როცა ელია ცხენს მიაჭენებს, ჭექა-ქუხილი იწყება, როცა ისარს ისვრის - მეხი ურტყამს; მისი ოფლი დაბლა წვიმის სახით ეშვება. ბალყარელები საყვარელ ღვთაებას შემდეგ ჰიმნს უძღვნიდნენ:
- ნართების ქვეყანაში მთელი ხალხი შეიკრიბა, ელია!
- ხალხი სათაყვანებლად გელოდება, დაგვენახვე, ელია!
- შენს გარეშე ღამეულ გზას ვინ გაგვინათებს, ელია!
- შენს გარეშე ღამით სალაშქროდ ვინ წავა, ელია!
- შენს გარეშე გემრიელ ლუდსაც არ ვსვამთ, ელია!
- თუ ვერ გნახეთ, გათენებამდე ვერ ვიძინებთ, ელია!
- ჩვენი მოხუცები სიკვდილის წინაც შენზე ლოცულობენ, ელია!
- სიკვდილის წინ დალოცვას გთხოვენ, ელია!
- ჩვენ კი ძალ-ღონეს გთხოვთ, ელია!
- შენსავით ვერავის შევიყვარებთ, ელია!
- ჩვენი თანამგზავრი შავი ყორანი იქნება, ელია!
- შენთან უწყებით მოფრინდება, ელია!
1807 წელს აკადემიკოსი გ. კლაპროტი წერდა: „ისინი (ბალყარელები და ყარაჩელები – ნ. ა.) ეთაყვანებიან თეგრის (თენგრი/თეირი – ნ. ა.), აგრეთვე ილია წინასწარმეტყველს. ამტკიცებენ, რომ იგი ხშირად ჩნდება ყველაზე მაღალი მთის მწვერვალზე; ელიას ცეკვა-სიმღერით სწირავენ ბატკნებს, რძეს, კარაქს, ყველსა და ლუდს“. ყარაჩსა და ბალყარეთში ელიას სახელი არაერთმა ტოპონიმმა შემოინახა. ერთ-ერთ ასეთ ადგილზე (Ачысы-Элия ургъан) მისი სახელობის სამლოცველო – ქვის სახლაკი – მდებარეობდა, სადაც ყარაჩელები და ბალყარელები სალაშქროდ წასვლის წინ ლოცულობდნენ.
ელიას სახელობის დღესასწაულზე (Элия-той) გამართული რიტუალური ცეკვა (Элляры-Шоппагъан барыу), რომელშიც ელიას როლის შემსრულებელი ხმალშემორტყმული და ხელშუბიანი მოცეკვავე ჯაჭვის პერანგითა და მუზარადთ იმოსებოდა, თანხლებული იყო სიმღერით:
ფერხულის შემდეგ მსხვერპლად შეწირულ ციკანს მოხარშავდნენ და იქვე შეჭამდნენ. ბოლოს შამანის (къымсачы) მონაწილეობით საწესო ცეკვას (Къымсагъа-барыу) ასრულებდნენ.
საგაზაფხულო ციკლის აგრარული დღეობის – საბან-თოჲს – დროს ახალმოხნულ მიწაზე გაჩაღებულ კოცონთან ახალშეუღლებულთათვის გაშლიდნენ ლოგინს, რომელზედაც პირველი ღამის ინსცენირება ხდებოდა (მიიჩნევდნენ, რომ ამ რიტუალით მინდვრის მოსავლიანობას გაზრდიდნენ). ამის შემდეგ ქალიშვილები პატარძალს წყლით წუწავდნენ და მღეროდნენ:
- დე, ელია გწყალობდეს,
- დე, შენი ახალგაზრდა სახე მანათობელი გახადოს,
- სადაც ფეხი დაადგა – ბალახმა იხაროს,
- სადაც გაივლი – მარცვალმა იხაროს.
ლიტერატურა
- Клапрот Г.-Ю. Описание поездок поКавказу и Грузии в 1807 и 1808 годах. Нальчик, 2008;
- Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995;
- Малкондуев Х. Х. Историко-этнографические истоки и функции осенне-зимних песен балкарцев и карачаевцев // Календарно-обрядовая поэзия народов Северного Кавказа. Махачкала, 1988;
- Малкондуев Х. Х. Обрядово-мифологическая поэзия балкарцев и карачаевцев. Жанровые и художественно-поэтические традиции. Нальчик, 1996;
- Каракетов М. Д. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.