ეკლესია ღვთისმშობელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეკლესია ღვთისმშობელი, ახალქალაქური - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთის რკინიგზის სადგურის პირდაპირ, მთის კლდოვან ფერდზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, აგებულია XI-XII საუკუნეებში.

აქ არსებული სამონასტრო კომპლექსიდან შემორჩენილია ღვთისმშობლისა და საცხოვრებლად გადაკეთებული ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიები. ისტორიულ წყაროებში ღვთისმშობლის ეკლესია ცნობილია ახალქალაქურის სახელწოდებით. 1609 წელს მეფე ლუარსაბისაგან დევნილმა გ. სააკაძემ თავის ახლობლებთან ერთად თავი ახალქალაქურ მონასტერს შეაფარა.

XIX საუკუნის 90-იან წლებში ვინმე ოლღა გორნიჩმა გააწმენდინა მიწით დაფარული ეკლესია, შეაკეთებინა და დააარსა იქ ქალთა მონასტერი.

ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (13,6X6,7 მ), ნაგებია საშუალო ზომის ნატეხი ქვით. შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. აღმოსავლეთით განიერი, ნახევარწრიული აფსიდია. დარბაზის ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა. აღმოსავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებში გაჭრილია თითო სარკმელი (აღმოსავლეთის სარკმელი XIX საუკუნეშია გადაკეთებული) კანკელი (XVIII-XIX საუკუნეები) იმეორებს შუა საუკუნეების კანკელთა ფორმას. ამჟამად ინტერიერი შელესილი და შეთეთრებული.

ეკლესიას დასავლეით ეკვრის კარიბჭე, რომლის შუა ნაწილი გვერდის ნაწილებთან შედარებით რამდენადმე ამაღლებულია. იგი გადახურულია კედლის პროფილირებულ ორნამენტიან შვერილებზე დაყრდნობილი ვარსკვლავისებრი შეკრული კამარით, რომლის ცენტრში ორნამენტიანი მედალიონია ვარდულით. გარედან კარიბჭის სამხრეთის კედელი საერთო მოხაზულობიდან გამოწეულია. დასავლეთის ფასადზე შემორჩენილია ლავგარდნის ორი ქვა. კარიბჭე თავისი კონსტრუქციითა და გაფორმებით სამთავროს ტაძრის სამხრეთ კარიბჭის მსგავსია და განეკუთვნება XI-XII საუკუნეებს.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები