პეგასოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პეგასოსი.
ტაძრის ფრონტონი (ძვ.წ. VI ს.), ტარკვინია, ეროვნული მუზეუმი

პეგასოსი(ბერძნ.) ჯადოსნური რაში.

უძველესი მითოსი გვამცნობს, რომ გორგო მედუზას პოსეიდონმა ჩაუსახა რაში, რომელიც ოკეანოსის წყაროსთვალთან იშვა. იგი პერსევსის მიერ განგმირული მედუზას თავმოკვეთილი სხეულიდან ამოფრინდა ბუმბერაზ ქრისაორთან ერთად. წყაროსთვალთან დაბადებულ რაშს სახელიც შესაბამისი შეურჩიეს – პეგასოსი, რადგანაც ბერძნულად „პეგე“ წყაროს აღნიშნავს. რაში ოლიმპოსზე აფრინდა, ზევსმა იგი ელვის მიმწოდებლად განაწესა.

პეგასოსის სახელი მჭიდროდ დაუკავშირდა ბელეროფონის მითს. გმირმა სწორედ ამ ჯადოსნური რაშის შემწეობით დაამარცხა საზარელი ქიმერა, რომელსაც ლომის თავი ება და სამი ხახიდან ერთდროულად ცეცხლს აფრქვევდა. ამ მითოსში პეგასოსი უკვე ფრთოსანი ცხენია, მაშინ როდესაც გამომსახველობითი ხელოვნების უძველეს ქმნილებებზე იგი არ არის ფრთაშესხმულად წარმოდგენილი.

ძველები პეგასოსს განთიადის ღვთაება ეოსსაც უკავშირებდნენ და მიაჩნდათ, რომ ბელეროფონი გარდაცვალების შემდეგ ცად აღაზევეს ღმერთებმა და იმ თანავარსკვლავედად გარდასახეს, რომელსაც დღემდე პეგასოსის თანავარსკვლავედი ჰქვია.

ძვ.წ. III საუკუნეში ალექსანდრიელმა პოეტებმა პეგასოსი პოეტთა რაშად წარმოსახეს, რადგანაც მასზე ასეთი მითოსიც ყოფილა შეთხზული: ოდესღაც, თურმე დიდი ხნის წინ, როცა მუზები ჰელიკონზე მოიგალობდნენ, სიხარულით და ბედნიერებით აღსავსე მთამ ამაღლება იწყო და თხემით ცის კაბადონს შეეხო. პოსეიდონმა სცადა, ჰელიკონისათვის თავდაპირველი სახე დაებრუნებინა. მისი ბრძანებით, პეგასოსმა მთის ფერდობს ჩლიქი დაჰკრა და გაპობილი მიწიდან ამოწანწკარდა წყარო, რომელსაც ჰიპოკრენე უწოდეს. ამ წყაროს თურმე პოეტური შთაგონების საოცარი ძალა გააჩნდა.

გადატანითი მნიშვნელობით გამოთქმა: „მან პეგასოსი დაიმორჩილა“ ნიშნავს: „ის პოეტია“. ზოგადად კი „პეგასოსი“ პოეტური შთაგონების სიმბოლოდ მიიჩნიეს პოეტებმა.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები