მედუზა (მითი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მედუზა(მედუსა) (ბერძნ.) გორგოთაგან ერთ-ერთი და.

მედუზა
ამფორას ფერწერა (ძვ.წ. 490 წ.), მიუნჰენი, ანტიკური კოლექციის სახელმწიფო მუზეუმი

ადრეული ხანის მითების თანახმად, იყო სამი და – ურჩხული. მათ გორგოები ერქვათ. ევრიალე და სთენო უკვდავნი იყვნენ, ხოლო მედუზა – მოკვდავი. შემზარავი გარეგნობა ჰქონდათ ამ დებს. მათ თავზე გველები იკლაკნებოდნენ, ხოლო დაღრეჭილი კბილებიდან ენები ჰქონდათ გამოჩრილი. გორგოთა ხილვისას ყველა მოკვდავი ქვად იქცეოდა.

როდესაც პერსევსი მეფე პოლიდექტესს გორგო-მედუზას თავს შეჰპირდა ძღვნად, ქალღმერთი ათენა მოევლინა შემწედ. არც მას უყვარდა ეს მედუზა და ამიტომ გმირს თავისი ფარი აჩუქა. სარკესავით ბზინავდა ფარი. სხვა ღმერთებისგანაც მიიღო პერსევსმა საჭირო აღსაჭურველი და გორგოთა სამყოფელს მიადგა. დებს ეძინათ. იცოდა გმირმა, რომ სახეში არ უნდა შეეხედა მედუზასათვის, თორემ იქვე გაქვავდებოდა. ამიტომ ათენას ნაბოძები ფარი იმგვარად მოიმარჯვა, რომ ზედ გორგო არეკლილიყო. გამოფხიზლება არ აცალა, ისე მოჰკვეთა პერსევსმა თავი მედუზას. ურჩხულის უთაო სხეულიდან ამოცვივდნენ ფრთოსანი ცხენი პეგასოსი და ბუმბერაზი ქრისაორი.

მოგვინებით მედუზას სახელი დაუკავშირდება ქალღმერთ ათენას. სწორედ მის ეგისს დაამშვენებს პერსევსის მიერ მოკვეთილი მედუზას თავი.

ხელოვნებაში ხშირად წარმოსახავდნენ მედუზას გველებით დახუნძლული თავით, დაკრეჭილი კბილებიდან რომ ჰქონდა გამოჩრილი ენა . ასეთი გამოსახულებები ნაპოვნია იმ ფარებზე, რომელთაც ჰკიდებდნენ ნაგებობათა კარიბჭეებთან, როგორც უბედობათა განმარიდებელ თილისმებს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები