არისტოკრატია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არისტოკრატია - (άριστοκατία), „საუკეთესოთა ძალაუფლება“ - მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც ძალაუფლება არისტოკრატების ხელშია.

ძველ საბერძნეთში თავდაპირველად საუკეთესოთა ძალაუფლება კეთილშობილთა მმართველობას წარმოადგენდა. თუ რამდენ ხანს იარსება არისტოკრატიულმა სამეფო კარმა, არ არის ცნობილი. ჰომეროსი წარმოგვიდგენს მეფის ავტორიტეტს და მის საპირწონედ სახალხო კრების მნიშვნელოვანებას გვიხატავს, რომელიც კეთილშობილ ოჯახთა მეთაურებით იყო მოქცეული საზღვრებში. კეთილშობილები პოლისის - ქალაქ-სახელმწიფოს მმართველ ფენას წარმოადგენდნენ. ისინი იყვნენ მიწათმფლობელნი, ჰყავდათ საქონელი, უმთავრესად ცხოვრობდნენ ქალაქებში და გამოირჩეოდნენ თავიანთი წარმოშობით, სიმდიდრით და, აგრეთვე პიროვნული სიმამაცითა და სიქველით. მათ შექმნეს მხედართა (ίππείς) ფენა, რომლებიც ერთმანეთთან კეთილშობილების დაუწერელი კანონებით, ტომის ძველი სოციალური და რელიგიური ერთობებით, ძმობით და ოჯახებით იყვნენ დაკავშირებულნი (ფილე, გენოსი). ნობილიტეტი ქალაქს საბჭოს მეშვეობით მართავდა, მაგრამ ძვ. წ. VIII ს-ში სამხედრო ტაქტიკა შეიცვალა და მხედრები მძიმედ შეიარაღებულმა ქვეითმა დანაყოფებმა (ჰოპლიტებმა) ჩაანაცვლეს. შემდგომი ეკონომიკური განვითარების შედეგად სიმდიდრის ახალი წყაროები წარმოიქმნა, რომლებიც კეთილშობილებთან ერთად სხვა ფენების მიერაც იყო გამოყენებული. ამ პირობებში არისტოკრატიამ ნელ-ნელა იცვალა სახე და ნობილიტეტის პოლიტიკური გავლენის დონეს არაარისტოკრატებმაც მიაღწიეს. სავარაუდოდ, არანობილიტეტის წარმომადგენელთათვის შესაძლებელი გახდა მცირე ერთობებში, განსაკუთრებით ფრატრიებში შესვლა, ანდა ახალი ერთობები იქნა დაფუძნებულნი იმავე უფლებებით. არისტოკრატია იქცა ოლიგარქიად, თუმცა ნობილიტეტის მორალური ღირებულებები და პოლიტიკური მეთაურობა კიდევ კარგა ხნის მანძილზე იყო პოლიტიკური საზოგადოების წარმმართველი. მოგვიანებით არისტოკრატია ფილოსოფიის პოლიტიკური და მორალური იდეალი გახდა როგორც საუკეთესო და ყველაზე ბრძენ ადამიანთა მმართველობა.




წყარო

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო (ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე, თბილისი, 2012.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები