ვერთჰაიმერი მაქს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:19, 3 სექტემბერი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვერთჰაიმერი მაქს

ვერთჰაიმერი მაქს - Wertheimer Max, Вертгеймер Макс, 1880-1943

გერმანელი ფსიქოლოგი, გეშტალტფსიქოლოგიის ერთერთი ფუძემდებელი. დაიბადა პრაღაში. იქვე სწავლობდა სამართალს და ფილოსოფიას. ფსიქოლოგიური განათლება მიიღო ბერლინში (შტუმფთან) და ვიურცბურგში (ო. კიულპესთან). 1916-1929 წლებში მუშაობდა ბერლინში, შემდეგ იყო ფრაკფურტის უნივერსისტეტის პროფესორი. 1921 წელს ვერთჰაიმერმა ვ. კელერთან და კ. კოფკასთან ერთად დააარსა ჟურნალი „Psychologische Forshung” (ფსიქოლოგიური გამოკვლევები). 1933 წლიდან წავიდა ემიგრაციაში აშშ-ში და ცხოვრების ბოლომდე ხელმძღვანელობდა ფსიქოლოგიის კათედრას ნიუ-იორკის სოციალური კვლევების ახალ სკოლაში.

ვერთჰაიმერმა ექსპერიმენტულად და კონცეფცეპტუალურად გააკრიტიკა და საბოლოოდ უკუაგდო ელემენტარიზმის პრინციპებზე აგებული აღქმის თეორიები. 1912 წელს გამოაქვეყნა ცნობილი სტატია ილუზორული მოძრაობის შესახებ, რომელიც გეშტალტფსიქოლოგიის დასაბამად არის მიჩნეული. მასში ექსპერიმენტულადაა ნაჩვენები, რომ ილუზორული მოძრაობის ახსნა შეუძლებელია ელემენტარისტული პოზიციიდან. აღქმა, ისევე როგორც მთელი ფსიქიკა, მთლიანობითი ბუნებისაა და არა ნაწილების ერთობლიობა. აღქმის ხატის მთლიანობითი სტრუქტურის (გეშტალტის) შესწავლა გახდა გეშტალფსიქოლოგიის მთავარი საკითხი. ვერთჰაიმერი აქტიურად მონაწილეობდა აღქმის ველის სტრუქტურიზაციის ანუ გეშტალტის ფორმირების ფაქტორებისა და კანონების გამოვლენაში, მიანიჭა რა განსაკუთრებული ყურადღება ე.წ. პრეგნანტობის კანონს, რომელიც უკეთესი გეშტალტისკენ, დასრულებული და კარგი ფორმისკენ სწრაფვაში მდგომარეობს. მოგვიანებით ვერთჰაიმერმა გეშატლტფსიქოლოგიის პრინციპები სხვა ფსიქიკურ პროცესებზე გაავრცელა, კერძოდ აზროვნებაზე. გამოიყო აზროვნების პროცესის რამდენიმე ეტაპი:

  1. თემის წარმოქმნა, საკითხის დასმა. აქ აღმოცენდება საკითხზე „მიმართული დაძაბულობა” {დეტერმინაციის ტენდენცია, შდრ. ინტენცია}, რომელიც მობილიზაციას უკეთებს ადამიანის შემოქმედებით ძალებს.
  2. პრობლემის გაცნობიერება და ყველა ნიუანსის ანალიზი. ამ ეტაპზე პრობლემური სიტუაციის მთლიანი წარმოდგენა ყალიბდება.
  3. პრობლემის გადაჭრა, საჭირო სტრუქტურის მონახვა ინსაიტის (მიხვედრის) გზით. სააზროვნო პროცესის ეს სტადია, უპირატესად, არაცნობიერად მიმდინარეობს.
  4. საშემსრულებლო სტადია, ანუ ამ სტრუქტურის შესაბამისი რეალიზაციის კონკრეტული გზების გამონახვა.

მთლიანობაში აზროვნება გაგებული იქნა, როგორც გეშტალტების თანმიმდევრული ცვლილების, სიტუაციის განსხვავებული „დანახვის” პროცესი. აზროვნების მექანიზმი ძევს არა ახალი ასოციაციური კავშირების დამყარებაში, არამედ ამოცანიდან გამომდინარე, საწყისი მასალის გადასტრუქტურებაში, მის ახალ დინამიკურ მთლიანობად რეორგანიზაციაში. ამაში ვლინდება აზროვნების შემოქმედებითობა. ეს აზრები ვერთჰაიმერმა გადმოსცა კლასიკურად მიჩნეულ წიგნში „პროდუქციული აზროვნება”, რომელიც მისი გარდაცვალების მერე გამოიცა (1945) {პროდუქციული აზროვნება}.

ვერთჰაიმერი ცნობილია აგრეთვე გამოკვლევებით მუსიკის ფსიქოლოგიის, „პრიმიტიული ხალხების” ფსიქოლოგიის და იურიდიული ფსიქოლოგიის დარგებში. კერძოდ მან ერთერთმა პირველმა დაამუშავა „სიცრუის დეტექტორთან” დაკავშირებული ფსიქოლოგიური საკითხები.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები