კიულპე ოსვალდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ოსვალდ კიულპე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კიულპე ოსვალდ

კიულპე ოსვალდ - Kulpe Oswald, Кюльпе Освальд, 1862-1915

გერმანელი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი, ვიურცბურგის სკოლის ფუძემდებელი. ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა ლაიფციგში ვ. ვუნდტთან, იყო მისი ასისტენტი, შემდგომში დაინიშნა პროფესორად. 1894 წელს გადავიდა ვიურცბურგის უნივერსიტეტში, სადაც ორი წლის მერე დააარსა საყოველთაოდ ცნობილი ლაბორატორია. 1909 წელს გადავიდა მიუნჰენში, სადაც ძირითადად ფილოსოფიისა და ესთეტიკის დარგებში მუშაობდა.

კიულპეს მთავარ დამსახურებად მიჩნეულია ექსპერიმენტული მეთოდის გავრცელება უმაღლეს ფსიქიკურ პროცესებზე (აზროვნებასა და ნებისყოფაზე). ამით კიულპემ გააბათილა ვუნდტის შეხედულება, რომ ექსპერიმენტი მხოლოდ დაბალ ფსიქიკურ პროცესებს მიეყენება. ამასთან, კიულპეს, ვუნდტის მსგავსად, მიაჩნდა, რომ ინტროსპექცია უმთავრესი წყაროა ფსიქიკურ სინამდვილეში შეღწევისა. ვიურცბურგის სკოლაში მან დანერგა სისტემატური ექსპერიმენტული თვითდაკვირვების მეთოდი. ინტელექტუალური ამოცანის გადაჭრისას (მაგ., ცნებებს შორის ლოგიკური კავშირის გარკვევისას), ცდისპირს უნდა მოეცა რეტროსპექციული (უკუხედვითი) ანგარიში თავისი ცნობიერების მდგომარეობათა შესახებ, რომელნიც განიცადა ამოცანის ამოხსნის პროცესში. ეს გაპირობებული იყო კიულპეს რწმენით, რომ არ შეიძლება ვიაზროვნოთ, მთლიანად ჩავიძიროთ აზრებში და, ამავე დროს, დავაკვირდეთ მათ მიმდინარეობას - ფსიქიკის ასეთი ბოლომდე გაყოფა შეუძლებელია. ვიურცბურგში გამოყენებული ექსპერიმენტული ინტროსპექციის სისტემატურობა იმაში მდგომარეობს, რომ აზროვნების პროცესი მკაფიოდ იყოფა მონაკვეთებად (პერიოდებად) და მეორდება მრავალჯერ, თვითდაკვირვების კორექციის მიზნით.

კიულპეს ლაბორატორიაში ამ მეთოდიკით ჩატარებული გამოკვლევების შედეგად გაირკვა, რომ აზროვნების პროცესი არ დაიყვანება გრძნობად მონაცემებზე, მასში არათვალსაჩინო შინაარსები ჭარბობს; აზროვნება მიზანმიმართულია, მთლიანია, აქტიურია, ამოცანითაა დეტერმინირებული [ვიურცბურგის სკოლა]. ამ კვლევა-ძიების საერთო ჩანაფიქრი კიულპეს ეკუთვნოდა. მან გამოიგონა აგრეთვე ირელევანტური აღქმის მეთოდი, რომელიც ქვეცნობიერის ექსპერიმენტული კვლევის კარგი საშუალებაა.

კიულპეს მრავალრიცხოვანი მოწაფეებიდან, იმათ გარდა, ვინც უშუალოდ ვირცბურგის სკოლაში შედიოდა, გამოსარჩევია მ. ვერთჰაიმერი - გეშტალტფსიქოლოგიის ერთერთი ფუძედებელი და ჯ. ენჯელი - ამერიკული ფუნქციონალიზმის ერთერთი ლიდერი.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები