სამსონ აბაშიძე
აბაშიძე სამსონ (ფსევდონიმები: „თერგდალეული“, „ჯვარელი“, „ზემო იმერელი“) (1835 - 1894) — პუბლიცისტი, კრიტიკოსი, მთარგმნელი.
დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, მსახურობდა ალექსანდრე მეორის სამხედრო ამალაში, იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი. იქვე დაუახლოვდა მომავალ „თერგდალეულებს“. იზიარებდა ი. ჭავჭავაძის ესთეტიკურ-ლიტერატურულ მრწამსს. თავის პუბლიცისტურ-კრიტიკულ და სატირულ თხზულებებს ბეჭდავდა „ცისკარსა“ და „საქართველოს მოამბეში“, მას ეკუთვნის „რამდენიმე სიტყვა ზემოური იმერლის გორისელის სტატიაზედ“ („ცისკარი“, 1862, N 2), რომელშიც გაკრიტიკებულია ი. ჭავჭავაძის წინააღმდეგ მიმართული ე. წერეთლის წერილი. თარგმნა ლესინგის „ნათან ბრძენი“. ითვლება გოგოლის თხზულებათა პირველ ქართველ მთარგმნელად. ს. აბაშიძის წიგნი „ნაწერები“ გამოიცა 1957 წ.