თბილისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძველი თბილისი

თბილისი - საქართველოს დედაქალაქი. ლოკალიზდება ამიერკავკასიის ცენტრალურ ნაწილში.

სარჩევი

სახელწოდება

ტფილ“-ი, რომელიც საფუძვლად უდევს ტფილისის სახელს და ნიშნავს თბილს, ქართული სიტყვაა. დედაქალაქის სახელწოდება ტფილისი-თბილისი მომდინარეობს იმ თბილ (ტფილ) წყაროთაგან, რომლებიც ქალაქის ტერიტორიაზე მრავლად იყო. „ტფილისის“ ფორმით გავრცელდა ქალაქის სახელწოდება სხვა ენებში. აქედანაა ნაწარმოები სომხური „ტფლის“, ბერძნული „ტიფილის“, არაბულ-სპარსულ-თურქული „თიფლის“, რუსული „ტიფლის“ და ევროპულ ენებში დამკვიდრებული „ტიფლისი“ (შანიძე 1958: 20-22). ზოგიერთი სომხური წყარო ტფილისს „ფაიტაკარანად“ მოიხსენიებს, რაც „ხით ნაშენს“, „ხის ქალაქს“ ნიშნავს (თბილისი 1990: 48).

დედაქალაქის ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა

თბილისი მდებარეობს მდინარე მტკვრის ხეობაში, ჩრდლოეთ განედის 41° 43' და აღმოსავლეთ გრძედის 44° 49'. იგი მოქცეულია ამიერკავკასიის ცენტრალურ ნაწილში ზღვის დონიდან 400–500 მეტრ სიმაღლეზე. ქალაქს დასავლეთიდან საზღვრავს თრიალეთის ქედის ჩრდილო განშტოებანი, აღმოსავლეთიდან — ძეძვის, ყეენისა და მახათის მთების კალთები, ხოლო სამხრეთით — თრიალეთის ქედი; ჩრდილოეთის მხრიდან ქალაქს საგურამოს ქედი ემიჯნება. საქართველოს დედაქალაქი სწრაფი ტემპით იზრდება და, ცხადია, მისი დღევანდელი საზღვრები თითქმის ყველა მიმართულებით იცვლება დროსა და სივრცეში.

თბილისის ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობისათვის დამახასიათებელი თავისებურებაა საქართველოს მნიშვნელოვანი ლანდშაფტების გზაშესაყარზე განაშენიანება; აქ ხვდება ერთმანეთს სამცხე-თრიალეთის მთიანეთი, კახეთისა და შიდა ქართლის მთაშორისი ბარი, იორის ზეგანი და სხვ.

ისტორიულ თბილისს მუდმივი, უცვლელი დარაჯებივით გარს ეკვროდნენ მთები, რომლებიც ხელს უწყობდნენ ქალაქის დაცვას უცხოელ მძარცველთა პერმანენტული შემოსევებისაგან.

გეოლოგიურად თბილისის ტერიტორია მესამეული ეპოქის ზღვის ფსკერს წარმოადგენს. მნიშვნელოვნად განსხვავდება თბილისში მტკვრის მარჯვენა და მარცხენა ნაპირები. მარჯვენა მხარე საგრძნობლად შემაღლებულია, უფრო ციცაბოა, დანაწევრებულია განივი მიმართულების მქონე პატარა მდინარეებითა და ხრამებით. მარცხენა მხარეზე რელს ფი შედარებით თანაბარია, მაგრამ აქაც გვხვდება მშრალი ხევები - უსიცოცხლო ხრამები.

თბილისში საკმაოდ არის გავრცელებული ხელოვნური ტერასები, რაც განაპირობა ტოპოგრაფიულმა თავისებურებებმა: რელიეფი მნიშვნელოვნად დანაწევრებულია, მრავლადაა ხევები; ამასთან ერთად, მთის ფერდობების არსებობა დიდად აფერხებდა ქალაქის ტერიტორიულ ზრდას. ეს იყო მიზეზი, რომ მოსახლეობა ხელოვნურ ტერასებს აწყობდა მტკვრის ორივე მხარეს. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობდა ეროზიული მოვლენების წინააღმდეგ ბრძოლასაც”.

ახლო წარსულში თბილისს რამდენიმე ხევი ჰკვეთდა: სოლოლაკის ხევი, ეკალხევი, ვარდისუბნის ხევი, გაბაანთ ხევი, კუკიის ხევი, ჩუღურეთის ხევი, ვარაზის ხევი და სხვა. ამჟამად ეს ხევები გადახურულია, მასზე გაშენდა კეთილმოწყობილი ქუჩები და მოედნები. მტკვარს თბილისში ერთვის პატარა მდინარეები ვერე და წავკისის წყალი ანუ ლეღვთახევი.

თბილისის მიდამოები არ არის მდიდარი მნიშვნელოვანი წიაღისეულით. აქ მოიპოვება ნავთობი, სამშენებლო მასალა, მინერალური წყლები.

კლიმატი

თბილისის კლიმატი საკმაოდ მრავალფეროვანია. ნალექი მცირე იცის, ჰაერი მშრალია. იგი დაბალ გეოგრაფიულ განედზე მდებარეობს, რის გამო ღრუბლიანობა მცირეა, ხოლო მზის რადიაცია უხვი და ხანგრძლივი.

ქალაქის წლიური საშუალო ტემპერატურა მაღალია და აღწევს 12,6%-ს, მაგრამ მისი სხვადასხვა უბნები, მკვეთრი რელიეფური სხვაობის გამო, საშუალო ტემპერატურის მხრივაც არ არიან ერთნაირი.

წყლები

თბილისის კლიმატური და რელიეფური პირობები ბევრად განსაზღვრავს შიდა წყლების ქსელის წარმოქმნას. მდ. მტკვარი წყალუხვია და წყლის ენერგიის საკმაო მარაგს შეიცავს.

მცირე მდინარეების, ხევებისა და ღელეებისათვის, ძლიერი წვიმების დროს, დამახასიათებელია ღვარცოფები, განსაკუთრებით კი მაისსა და ივნისში.

თბილისის მიდამოებში ტბებიც არის: კუს ტბა, ლისის ტბა, გლდანის ტბა. 1950-იან წლებში მლაშე ტბების ადგილას მოეწყო ხელოვნური წყალსაცავი, რომელიც მდ. იორიდან გამოყვანილი არხის მეშვეობით საზრდოობს. ამ დიდ ტბას ახლა „თბილისის ზღვას“ ეძახიან.

ნიადაგი

რელიეფის, კლიმატისა თუ სხვა ფიზიკურ-გეოგრაფიული ფაქტორების ზეგავლენით თბილისის ნიადაგიც მრავალფეროვნებით გამოირჩევა; უმეტესწილად გავრცელებულია წაბლა ნიადაგები, რაც ხელს უწყობდა ვენახის გაშენებას, ბოსტნეულისა და ხორბლეულის მოყვანას. მამადავითის ქედზე უფრო მეტი მოცულობითაა მცირე სისქის, ხირხატიანი ტყის ყავისფერი ნიადაგები, ზოგან კი ფერდობი მთლიანად გადარეცხილია.

ფლორა

თბილისის მიდამოები, ასევე, მრავალფეროვანი მცენარეულით ხასიათდება. მცენარეულ საფარში ძირითადად ადგილი ბალახიან ველებს უჭირავს. ახლო წარსულში კი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ტყით იყო დაფარული. სხვადასხვა გარემოებათა გამო ტყე გაიჩეხა; მცირე რაოდენობით გვხვდება ჭალის ტყე. ამჟამად თბილისი დამშვენებულია დეკორატიული მცენარეებით, ხოლო მისი გარემომცველი მთები და ხევები ხელოვნურად გაშენებულ ტყეებს უჭირავს.

თბილისის ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა საკმაოდ ხელსაყრელი იყო მოსახლეობის უძველესი ხანიდანვე დამკვიდრებისათვის და შემდგომ დედაქალაქად გადაქცევისათვის.

არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური მონცემები თბილისის მოსახლეობაზე

არქეოლოგიური მონცემები

არქეოლოგიური დაზვერვები და გათხრები, აგრეთვე შემთხვევითი აღმოჩენები ცხადყოფენ, რომ ჩვენი დედაქალაქი და მის ახლო მდებარე მიდამოები უძველესი ხანიდან ყოფილა დასახლებული. შორეუ წინაპრების კულტურა და საზოგადოებრივი ცხოვრება მსოფლიო ცივილიზაციის კვალდაკვალ ვითარდებოდა.

ოქროყანის ველზე 1960 წელს მოყავისფრო კაჟის ლამელა და ობსიდიანის ნატეხები აღმოჩნდა, ხოლო 1962 წელს - საბურთალოზე ასევე მოყავისფრო კაჟის ქვის ხელშუბისპირი. მართალია, ეს ნივთები შემთხვევით იპოეს და, ამდენად, მყარი მეცნიერული დასკვნის გამოტანის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ მათი აღმოჩენის ფაქტი აღნიშვნულ პუნქტებში ქის ხანის ადამიანის სავარაუდო არსებობას მაინც გულისხმობს.

საკმაოდ მრავალფეროვანი არქეოლოგიური ძეგლები აღმოჩნდა 1930-1931 წელს დიდუბეში. დიდუბის ნასახლარი ენეოლითის ხანას, ანუ ქვიდან ლითონის ეპოქაზე გარდამავალ პერიოდს (ძვ.წ.IV-III ათასწლეული) მიეკუთვნება. აქ შემოჩენილი ნივთები აშკარად იმის მაუწყებელია, რომ აქ ბინადარი მოსახლეობა იყო, რომელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა მეზობელ ტომებთან. „მთელ ამ პერიოდში დიდუბეში ცხოვრობდა მობინადრე მიწათმოქმედი და მესაქონლე მოსახლეობა, რომლის მეურნეობაში... დიდი ადგილი ეკავა აგრეთვე მონადირეობას და მეთევზეობას: როგორც მასალიდან ირკვევა, დიდუბის მოსახლეობას სცოდნია აგრეთვე სუფთად დართული ძაფით ქსოვა“. (რ. აბრამიშვლი)

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მიმდინარე სამუშაოების დროს აღმოჩნდა უძველესი დასახლების ნაშთი, რომელიც „დელისის ნასახლარის“ სახელითაა ცნობილი. „ამ ძეგლს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და ამიერკავკასიის უძველესი ისტორიის შესწავლისათვის. დელისის ნასახლარის მასალა პარალელბს პოულობს, ერთის მხრივ, ძვ. წ. V-IV ათასწლეულის პირველი ნახევრის ამიერკავკასიის ე. წ. ადრესამიწათმოქმედო კულტურის ძეგლებთან, ხოლო, მეორე მხრივ, ე. წ. მტკვარ-არაქსის კულტურის (ძვ.წ. IV ათასწლეულის II ნახევრისა და III ათასწლეულის) მასალასთან“... ამგვარად, თბილისის ტერიტორიაზე ნასახლარებს ჩვენ უკვე 6 000 წლის წინ ვაწყდებით (რ.აბრამიშვილი)

ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარის ნაშთები აღმოჩნდა დიღომში საქართველოს სამხედრო გზის გასწვრივ მდებარე ე.წ. თრელიგორაზე.

გვიანი ბრინჯაოს ხანის საინტერესო ძეგლები აღმოჩნდა ნავთლუღში, ორხევის მინდორზე. აღმოჩენილი ნივთები ძვ.წ. XIII-XI საუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს.

გიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის შესანიშნავი ძეგლი იქნა გათხრილ-შესწავლილი დიღმის ველზე. გვიანბრინჯაოს ხანის ძეგლები მიკვლეულია დედაქალაქის სხვა რაიონებშიც - ღრმაღელე, ნაძალადევი, დავით აღმაშენებლის პროსპექტი, მახათას მთის ფერდობი, ნავთლუღი, ორთაჭალა, სანაპირო, კრწანისი, ავლაბარ-ისანი და სხვ.

ეპოქის შესაბამისი მაღალიკულტურის მატარებელი მოსახლეობის დამადასტურებელია, აგრეთვე, აქეოლოგიური ძეგლები, რომლებიც აღმოჩენილია მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, საბურთალოზე, ვაკეში, დიდუბეში, ნაძალადევში, ავჭალაში, მთაწმინდა-სოლოლაკსა და თანამედროვე თბილისის სხვა უბნებში. ეს ძეგლები რკინის ფართო ათვისებისა და ანტიკური ხანისაა (ძვ.წ. I ათასწლეული - ახ. წ. III ს.).

გვიანანტიკური პერიოდისაა აგრეთვე თბილისის ვაკის უბანში აღმოჩენილი ქვასამარხი, რომელშიაც იყო ოქროს ორი მონეტა რომის იმპერატორ ავგუსტის დროს მოჭრილი (ძვ. წ. 27 - ახ. წ. 14 წწ.), ოქროსავე ბურთულები, გვირგვინის ფურცლები და სხვა ნივთები

განსაკუთრებით საყურადღებოა დიღმის ველზე, ახალი ხიდის მახლობლად, ძვ. წ. IV-III სს. ბერძნული მონეტის აღმოჩენა, ხოლო დიდუბეში, კეცხოველის ქუჩაზე, ორთაჭალაში, ბოტანიკური ბაღის მიდამოებში, ვაკეში, საბურთალოსა და სხვა ადგილებში ძვ. წ. III - ახ. წ. III სს. ბაქტრიული, ბოსფორული, რომაული და პართული მონეტების თუ ეგვიპტური „სკარაბეების“ მიკვლევა. როგორც ჩანს, აღნიშნულ ადგილებში მცხოვრებ იმდროინდელ მოსახლეობას ფართო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირი ჰქონია საბერძნეთთან, კასპიის ზღვის გაღმა მდებარე ბაქტრიის სამეფოსთან, ეგვიპტესთან, რომის იმპერიასთან და ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე ბოსფორის სამეფოსთან. თბილისის რეგიონში მყოფი მოსახლეობა განფენილი იყო აზიიდან ევროპისაკენ მიმავალ დიდ სავაჭრო გზაზე, რაც ხელს უწყობდა მის ჩაბმას მსოფლიო ვაჭრობის სფეროში.

თბილისის არქეოლოგიურ წარსულზე საუბრისას უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ქალაქმა თავისი სახელწოდება („ტფილისი“, შემდეგ კი — „თბილისი“) იმ ცხელი გოგირდოვანი წყლებიდან მიიღო, რომლებიც ლეღვთახევში, მდებარეობენ; გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფეოდალური ხანის ქალაქის ტერიტორიაც, ძირითადად, და მეტეხ-ავლაბრის მიდამოებით შემოიფარგლებოდა. რაც შეეხება იმ ადგილებს, სადაც აღმოჩენილია არქეოლოგიური ძეგლები ძვ. წ. V-IV ათასწლეულებიდან ახ. წ. IV საუკუნემდე, ისინი თბილისის ახლო მდებარე დასახლებებს წარმოადგენდნენ და უნდა ვიფიქროთ, რომ სწორედ ამ პუნქტების ხარჯზე და ურთიერთშერწყმის შედეგად წარმოიშვა ძველ თბილისში ჯერ „ქალაქი-ციხე“ (ახ. წ. IV) მემდეგ კი სამეფოს კულტურულ-ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი — დედაქალაქი.

ფეოდალური ხანის თბილისი არქეოლოგიური თვალსაზრისით, სამწუაროდ დღემდე არ არის სრულყოფილად შესწავლილი.

სამასი არაგველის სახ. ბაღის კეთილმოწყობის დროს, 1948-1949 წლებში წარმოებული გათხრების შედეგად დადგინდა, რომ ფეოდალურ ხანაში აღნიშნული უბანი კერამიკული წარმოების მძლავრ კერას წარმოადგენდა. აქ ამზადებდნენ არა მარტო მოუჭიქავ, არამედ მაღალმხატვრულ მოჭიქულ ჭურჭელს და, შესაძლოა, მინის ჭურჭელსაც... უფრო მეტიც: ბაღში გათხრილი შვიდი ქურა, ჩანს, მარტო ჭურჭლეულის დასამზადებლად კი არ იყო გამოყენებული, არამედ მოჭიქული კრამიტისა და შორენკეცების საწარმოებლადაც.

1956-1957 წლებში ერეკლე მეორის მოედანზე მდებარე ბაღში წარმოებული გათხრების დროს, ფეოდალური ხანის (V—XVIII სს.) მრავალმნიშვნელოვანი მონაპოვრების გვერდით, აღმოჩნდა V ს. აქატის ქვის გეგმა (საბეჭდავი). არსებობს მოსაზრება, რომ ამ საბეჭდავზე გამოსახული პიროვნება შეიძლება იყოს მეფე ვახტანგ გორგასალი.

იქ სადაც არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა, იყო თბილისის მთავარი თავდაცვითი ნაგებობა - „დედაციხე“, რომელიც წყაროებში „კალას“, „შურისციხის“, „ნარიყალას“ და „ქალაქის ციხის“ სახელებითაც არის ცნობილი.

დედაციხე თბილისის ერთ-ერთი უძველესი თავდაცვითი ნაგებობაა. წერილობითი წყაროების მიხედვით იგი ახ. წ. IV საუკუნიდან არსებობს,

მაგრამ 1948 წელს, მოსწავლეების მიერ დედაციხის ტერიტორიაზე ბრინჯაოს სატევრის აღმოჩენა თუ საეჭვოდ არ მიიჩნევა, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ადგილი გვიანბრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. XIII-XII სს.), უკვე ყოფილა დასახლებული და, შესაძლოა, იგი გორა-ნასახლარს წარმოადგენდა. თუ რამდენად სწორია ეს აზრი, ამას მომავალი გათხრები დაადგენს. ჯერჯერობით კი, დედაციხის ტერიტორიაზე ჩატარებული თხრის შედეგად, ძირითადად, განვითარებული და გვიან ფეოდალური ხანის ძეგლები გამომზეურდა. თუმცა მცირე რაოდენობით აღმოჩნდა ადრეფეოდალური ხანის მასალებიც - ჩუქურთმიანი ქვის ფილა და კერამიკული ნაწარმი.

საუკუნეთა მანძილზე თბილისი და მისი დედაციხე მრავალჯერ დაანგრია მტერმა. ასევე ბევრჯერ აღდგა იგი და, ცხადია, დანგრეულ ნაგებობათა ადგილზე იგებოდა ახალი, რის შედეგად ზოგჯერ მთლიანად ისპობოდა ძველი შენობის კვალი. თბილისის დედაციხის ტერიტორიაზე ადრეფეოდალური ხანის ნაგებობებიდან მხოლოდ ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდგარი კოშკია შემორჩენილი, რომლიც თლილი, კვადრატული ქვებით არის ნაგები და ვახტანგ გორგასლის ეპოქით თარიღდება.

დედაციხის ტერიტორიაზე ჩატარებული თხრის შედეგად აღმოჩენილი ნაგებობებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია გუმბათიანი ტაძრის ნაშთი. ეს ტაძარი თავისი გეგმით თითქმის სრული ანალოგიაა მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირას მდგომი ტაძრისა, რომელიც XIII ს. ბოლოსაა აგებული.

ვახუშტი ბაგრატიონი თბილისის დედაციხეში მდგარ ტაძარს წმ. ნიკოლოზის სახელობისად მიიჩნევს.

წმ. ნიკოლოზის ტაძარი თითქმის მთლიანად იყო დანგრეული და მიწით დაფარული. თხრის შედეგად. აღმოჩნდა, რომ ტაძარი ნაგები იყო ქვისა და აგურის წყობით, კირის ხსნარზე. კედლები შემოსილი ჰქონია თლილი ქვის პერანგით, რომლის დიდი ნაწილი სხვადასხვა სახის ორნამენტით იყო შემკული. ვახუშტის გეგმაში ტაძარი ჯვრის ტიპის გუმბათიან ნაგებობას წარმოადგენს. გუმბათი დაყრდნობილი ყოფილა აგურით ნაგებ სვეტებსა და საკურთხევლის კედლებზე. ტაძრის შიდა კედლები, ჩანს, ფრესკებით იყო მოხატული. ამას გვაფიქრებინებს ჩრდილოეთის მრგვალ სვეტზე შემორჩენლი მხატვრობის ნაშთი ადამიანის ფეხის გამოსახულებით.

თბილისის დედაციხის არქეოლოგიური ექსპედიციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაპოვრად უნდა ჩაითვალოს აგრეთვე ძველი სასახლის ნაშთების გამომზეურება. შესაძლებელია ეს ჰქონდა მხედველობაში ვახუშტის, როცა წერდა: „მაღალს ციხეში არს...სასახლე, მეფისა, პალატნი დიდი და მშვენიერნი.

დედაციხის ტერიტორიაზე სამეფო სასახლის არსებობის ფაქტი უფრო ძველ წყაროებშიც არის მითითებული. მაგრამ ჯერჯერობით ძნელია სრული დაბეჯითებით ითქვას, რომ აღმოჩენილი სასახლის ნაშთები წყაროებში მოხსენიებულ სასახლეს გულისხმობდეს. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ექსპედიციის მიერ დედაციხის ქვედა ბაქანზე გათხრილ - ნაგებობათა შორის ეს შენობა ყველაზე დიდი მოცულობისა ყოფილა.

ლეგენდა თბილისზე

გადმოცემის მიხედვით სანადიროდ გამოსული მეფე ვახტანგ გორგასლის მიმინო გაუჩინარდა და მხლებლებმა იპოვეს გოგირდიან ცხელ წყალში ჩამხრჩვალი წმ. მეფემ აქ აბანოები ააშენებინა და ამ ადგილს „აბანოთა უბანი“ უწოდეს.

მეფე ვახტანგ გორგასლის მემკვიდრემ, დაჩი I-მა უჯარმელმა, დაამთავრა ქალაქის ზღუდე-გალავნის აგება. მან ქალაქის საზღვრები განავრცო და, მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა.

საუკუნეების განმავლობაში თბილისის ციხემ და თვით ქალაქმა მრავალი ცვლილება განიცადა, იგი არაერთხელ გამხდარა შემოსეული მტრის თავდასხმისა და აწიოკების მსხვერპლი, მაგრამ დედაქალაქი კვლავ ახერხებდა სიცოცხლის შენარჩუნებასაც და განახლებასაც.

თბილისი ისტორიულად ცნობილი იყო რელიგიური ტოლერანტობით. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ძველ თბილისში, სადაც სულ რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მართლმადიდებლურ ეკლესიასაც ნახავთ, სინაგოგასაც, მეჩეთსაც და სომხურ მონოფიზიტურ სალოცავსაც.

შუა საუკუნეებში ტფილისის ტერიტორია გაცილებით მცირე იყო. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით „ტფილისი არს სამი ქალაქი-ტფილისი, კალა და ისნი. ჰყოფს მტკუარი კალას, ტფილისს და ისნს-დასავლით და სამხრით. ხოლო კალასა და ტფილისს ჰყოფს სალალაკის წყალი, რომელი გამოსდის წავკისისა და კოჟრის მთებსა, სამხრით და აღმოსავლით უდის კალას და დასავლით ტფილისს. არამედ პირველ იყო დაბა ... ტფილისს დის ცხელი წყალი კლდიდამ. არს მით აბანონი ექუსნი და დიდშენნი ... აქ დასხნა შასეფიმ სეიდნი, მის გამო სპარსნი უწოდებენ სეიდაბადს. ყოფილან ეკლესიანი დიდშენნი, არამედ აწ შემუსვრილნი არიან“ (ქც 4: 333,28,29, 334,1-16). ვახუშტი ბაგრატიონი ამ ტერიტორიას თბილისის გეგმაზე მოიხსენიებს ორი სახელით – „სეიდაბადი ანუ ტფილისი“.

თეიმურაზ ბაგრატიონი აღნიშნავდა, რომ „ტფილისი უწინარეს ვახტანგ გორგასლანისა იყო მცირეს სოფლებად დაყოფილი ... სოფელი აბანოების ხევს გაღმა ყოფილა, სეიდაბადის ბაღები რომ არის იქ, ტფილს წყლებს ახლო. და იმ სოფელს ტფილისი რქმევია“ (მესხია 1958ა: 158-162).

თავდაპირველად ტფილისი მოიცავდა აბანოების უბანსა და მის მიმდებარე ტერიტორიას იმ ადგილებამდე, სადაც დღეს სამასი არაგველის ძეგლია (კვირკველია 1985: 79). ქალაქის ზრდა-განვითარებასთან ერთად სახელი ტფილისი მთელ ქალაქზე გავრცელდა. საკუთრივ ტფილისმა, რომელიც დროთა განმავლობაში დედაქალაქის ერთ-ერთ უბნად იქცა, XVII ს-ში მიიღო სეიდაბადის სახელწოდება (ქც 4: 334,15). შემდეგ ამ უბანს შეერქვა ხარფუხი. გვიან შუა საუკუნეებში „ტფილისის ანუ სეიდაბადის“ ტერიტორია წარმოადგენდა ქალაქის გარეუბანს თავისი ცნობილი ბაღებით (ბერიძე 1977: 71-77).

V ს-ის მეორე ნახევრის საგზაო რუკაზე, რომელიც შედგენილია რომაელი ავტორის კასტორიუსის მიერ, გზის ერთ მონაკვეთზე, კერძოდ რუსთავსა და არმაზციხეს შორის აღნიშნულია სადგური, რომლის სახელწოდება რუკის სხვადასხვა ხელნაწერსა და ვარიანტში მოცემულია გადამწერის მიერ დამახინჯებული ფორმით „ფილადო“, „ტილიდა“. თავდაპირველი ფორმა უნდა ყოფილიყო „ტფილადო“ ან „ტფილიდა“, რაც ტფილისს უნდა გულისხმობდეს (ერემიანი 1939: 87; ლომოური 1958: 23-28). ქართულ წყაროებში ტფილისი პირველად იხსენიება „მოქცევაი ქართლისაიში“ IV ს-ის მეორე ნახევრის ამბების თხრობისას. „მაშინ მოვიდა ხუარ სპარსთა მეფისა პიტიახში ტფილისს და კუალად ციხედ და ქართლი მისსა ხარკსა შედგა“ (მქ 1963: 92,4,5). ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით – მეფის, ვარაზბაკურის დროს ტფილისი, რომელიც მანამდე დაბა იყო, სპარსელებმა ააშენეს მცხეთის „შურის ციხედ“ (ქც 4: 334,4-6). V ს-ის მეორე ნახევარში ქალაქის მშენებლობას საფუძველი დაუდო ვახტანგ გორგასალმა (ქც 1: 200,1). დაჩი ვახტანგის ძემ დაასრულა ქალაქის ზღუდის აგება და ტფილისი ქართლის სახელმწიფოს დედაქალაქად აქცია (ქც 1: 205,6,7). 628 წ. ტფილისი სასტიკად ააოხრეს ჰერაკლე კეისრისა და მისი მოკავშირე ხაზართა ჯარმა (ქც 1: 225,7-10). VII ს-ის შუა ხანებში ტფილისი დაიპყრეს არაბებმა და ქალაქი ტფილისის საამიროს ცენტრად აქციეს (ქც 1: 250,17). 853 წ. ტფილისი გადაწვა არაბთა სარდალმა ბუღა თურქმა (ქც 1: 256,1-3). ბაგრატ IV-მ (1027-1072) მოახერხა ქალაქის დაბრუნება, მაგრამ მალე იძულებული გახდა ტფილისი ისევ მაჰმადიანი მმართველებისათვის დაეთმო (ქც 1: 299,14-22, 300,7-11). 1122 წ. ქალაქი გაათავისუფლა დავით აღმაშენებელმა (1089-1125), რომელმაც საქართველოს სამეფო ტახტი ტფილისში გადმოიტანა (ქც 1: 342,18). 1226 წ. ქალაქი ააოხრა სულთანმა ჯალალედინმა (ქც 4: 202,15-25). 1386 წ. დაიპყრო თემურ-ლენგმა (ქც 4: 264,4). 1477 წ. ტფილისი აიღო უზუნ-ჰასანმა (ქც 2: 342,16). 1522 წ. ტფილისში გაბატონდა შაჰ ისმაილი (ქც 2: 356,26). შემდგომ ქალაქი დაიბრუნა ლუარსაბ I-მა (1527-1556) (ქც 2: 357,9). 1541 წ. ტფილისი დაიპყრო შაჰ-თამაზმა (ქც 2: 357,19). 1578 წ. ოსმალებმა მუსტაფა ლალა ფაშას მეთაურობით ქალაქი ააოხრეს (ქც 4: 410,5). 1616 წ. ტფილისის ციხეში თავისი გარნიზონი ჩააყენა შაჰ-აბას I-მა (1587-1629). XVII ს-ის 40-იანი წლებიდან ვიდრე XVIII ს-ის 20-იან წლებამდე ქალაქის ცხოვრება შედარებით მშვიდობიანად მიმდინარეობდა, რამაც ხელი შეუწყო ტფილისის დიდ ეკონომიკურ აღმავლობას (გაბაშვილი 1962: 267). 1723 წ. კახთა მეფე კონსტანტინემ ლეკთა რაზმებით ტფილისი ააოხრა. ამას მოჰყვა ქალაქში ოსმალთა გაბატონება. 1735 წლიდან „ოსმალობა“ „ყიზილბაშობამ“ შეცვალა. 1748 წ. ერეკლე II-მ (1744-1798) ყიზილბაშები ტფილისიდან განდევნა. 1795 წ. ტფილისი ააოხრა აღა-მაჰმად-ხანმა.

წყარო

  • „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
  • ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილის, 2013 წ.
  • ქართული ღვინის ტურიზმის გზამკვლევი, გამომცემლობა "უსტარი", თბილისი2014
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები