ფაჩუაშვილი მიხეილ
ფაჩუაშვილი მიხეილ ივანეს ძე - (2.VIII.1886, სოფ, მაღლაკი -?) - ქართველი სოციალისტ-რევოლუციონერი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი.
სარჩევი |
ბიოგრაფია
დაწყებითი განათლება სოფლის სამრევლო სკოლაში მიიღო. შემდგომში სწავლობდა ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელში, გაიარა სასწავლებელთან არსებული პედაგოგიური კურსები. ადრეული ასაკიდან შეუერთდა სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიას. 1907 წლიდან მუშაობა დაიწყო მასწავლებლად ოზურგეთის, შორაპნისა და ქუთაისის მაზრაში (მშობლიურ სოფელში). 1914 მიიღო უმაღლეს-დაწყებით სასწავლებლის მასწავლებლის წოდება. შემდგომში მასწავლებლად მუშაობდა ართვინში, სუფსასა და ლანჩხუთში. დამოუკიდებლობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ პარტიულ და პედაგოგიურ საქმიანობას. 1918 წელს საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის მხრიდან დასახელდა ეროვნული საბჭოს წევრად. იყო ეროვნული საბჭოს განათლების კომისიის წევრი. 1919 წლის თებერვლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში კენჭს იყრიდა საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა სიით. იყო საკანდიდატო სიის 10-ე ნომერი.
საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ ცნობები არ მოიპოვება.
ირაკლი ირემაძე
ლიტერატურა
სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107, 109, 119, 121.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი