ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:55, 11 აპრილი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია - ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ალბანეთის რესპუბლიკაში. ქრისტიანობა ახლანდელ ალბანეთის ტერიტორიაზე ვრცელდება I საუკუნიდან. საეკლესიო გადმოცემით, ალბანეთის ტერიტორიაზე პირველი ეპისკოპოსი კესაროსი ხელდასხმულ იქნა წმ. მოციქულ პავლეს მიერ.

VIII საუკუნის შუა წლებიდან ალბანეთის მრევლი შედიოდა მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში, 1018 წლიდან – ოჰრიდის სამთავარეპისკოპოსოში (ბულგარეთის სამეფო). ჯვაროსანთა მიერ კონსტანტინოპოლის აღების (1204) შემდეგ ალბანეთზე გავრცელდა რომის პაპების ხელისუფლება და ალბანეთის ერთადერთი საეპისკოპოსო – დირაჰიის ეპარქია დაიკავეს კათოლიკე მღვდელმთავრებმა.

XV საუკუნეში ალბანეთი დაიპყრო ოსმალეთმა, რასაც მოჰყვა მოსახლეობის დიდი ნაწილის გამაჰმადიანება. 1767 წ. ოჰრიდის სამთავარეპისკოპოსო გაუქმდა და ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია შევიდა კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის პირდაპირ დაქვემდებარებაში.

1912 წ. ალბანეთი გამოცხადდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. 1922 წ. ბერატის საეკლესიო კრებაზე მოხდა ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თვითგამოცხადება ავტოკეფალურ (დამოუკიდებელ) საეკლ ერთეულად. 1937 წ. 12 აპრილს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტმა ცნო ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. 1946 წ. ალბანეთში დამყარდა კომუნისტური რეჟიმი, რის შემდეგაც დაიწყო ყველა რელიგიის წარმომადგენლის დევნა. 1967 წ. ქვეყანაში საერთოდ აიკრძალა ყოველგვარი რელიგიური კულტმსახურება. უაღრესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც. დააპატიმრეს ყველა სასულიერო პირი, მათ შორის ეკლესიის მეთაური, ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპიკოპოსი დამიანე (კოკონეში), რომელიც საპყრობილეში გარდაიცვალა. დაიხურა ყველა მოქმედი ტაძარი და მონასტერი. მორწმუნეთა დევნა-შევიწროება შეწყდა მხოლოდ კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ. 1991 წ. ამოქმედდა ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე სტრუქტურა და კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ ბერძენი მიტროპოლიტი ანასტასიოსი (იანულატოსი) დანიშნა საპატრიარქოს ეგზარქოსად ალბანეთში. 1992 წ. 24 ივლისს მიტროპოლიტი ანასტასიოსი აირჩიეს აღდგენილი ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურად – ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსად. ალბანეთში მოქმედებს 4 ეპარქია და 2 მონასტერი. სასულიერო კადრებს ამზადებს ქ. დურესის ქრისტეს აღდგომის მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო აკადემია.

2010 წ. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი.

ვ.კოროტკოვა

ლიტერატურა

Поместные Православные Церкви, M., 2004.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები