კლდე (გაზეთი)
(ახალი გვერდი: '''„კლდე“''' - (1918 – 1920, თბილისი) - ყოველკვირეული გაზეთი. დამოუკიდებ...) |
12:38, 4 თებერვალი 2019-ის ვერსია
„კლდე“ - (1918 – 1920, თბილისი) - ყოველკვირეული გაზეთი. დამოუკიდებელი ნაციონალურ-დემოკრატიული პარტიის ორგანო (1920 წელს - „ნაციონალური და აგრარული პოლიტიკის ორგანო” - საქართველოს ნაციონალური პარტიის ორგანო).
1918 წლის 10 დეკემბრიდან გაზეთი გამოიცემა ყოველდღიურად, 1919 წ. №1-31 - ყოველკვირეულად, ხოლო 1920 წლიდან №33 (4 ივლ.) - ისევ ყოველდღიურად. იბეჭდება სამხედრო სამინისტროს სტამბაში. რედაქტორი - გრიგოლ ვეშაპელი (ვეშაპიძე); გამომცემელი - დამოუკიდებელი ნაციონალურ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტი და საპარლამენტო ფრაქცია. 1919 გაზეთი გამოდიოდა აგრეთვე „სალი კლდის“ (№1 (7/1) - №58 (28/VII) და შემ- დეგ „პიტალო კლდის“ №1 (4/VIII) - №22 (29/VII) სახელწოდებებით. „სალი კლდე“ ყოველკვირეული გაზეთია, ხოლო „პიტალო კლდე“ - ყოველკვირეული საორშაბათო გამოცემა. ორივე ქართული ნაციონალური პოლიტიკის ორგანოა, რომელთაც რედაქტორობდა გრ. ვეშაპელი. აღსანიშნავია, რომ გაზეთი მემკვიდრეა ამავე სახელდების ყოველკვირეული ჟურნალისა, რომელიც 1912 – 1915 წლებში გამოდიოდა. სწორედ ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ჟურნალ „კლდის“ მესვეურთა და ავტორ-თანამშრომელთა გუნდის, ე.წ. „კლდეისტების“ (რ. გაბაშვილის ტერმინი) დიდი ნაწილის ძალისხმევით მოხერხდა რამდენიმე წლით გვიან გაზეთის გამოცემა. ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ნაციონალურ-დემოკრატიულ პარტიას გამოეყო რამდენიმე წევრი: გრ. ვეშაპელი, ვ. წერეთელი, დ. ვაჩნაძე, ივ. ელიაშვილი, შ. ქარუმიძე, რ. გაბაშვილი, დიმ. ჯავახიშვილი. მათ თავი გამოაცხადეს „დაოუკიდებელ ნაციონალურ-დემოკრატიული პარტიის მთავარ კომიტეტად“ და დააარსეს გაზეთი „კლდე“, რომელიც წინამორბედის ღირსეული მიმდევარი აღმოჩნდა.
გაზეთის პირველივე ნომერში ვეცნობით ამ ჟურნალისტური ტრადიციის ამსახველ პუბლიკაციებს: დ. ვაჩნაძის (დ. კახელი) ვრცელ წერილს „კლდის ტრადიცია”, რომელშიც ავტორი გვაცნობს ეროვნული ინტერესების დამცველი გამოცემის ისტორიას. ამავე საკითხს ეხება დიმ. ჯავახიშვილის სტატია „ექვსი წელი“. სიმბოლურ დატვირთვას იძენს გაზეთის მესამე ნომერში „განდეგილის“ (დომინიკა ერისთავი-მდივანი) ფსევდონიმით დაბეჭდილი წერილი „რამე თუ შენ ხარ კლდე“. ავტორი სახარებისეული ენით ხსნის გამოცემის დანიშნულებას, მის მზაობას, მედგრად შეხვდეს ყოველგვარ წინააღმდეგობას, რაც კონცეპტუალურადაა გაცხადებული გაზეთის სახელწოდებაში. „კლდის“ მიზანდასახულობა ეროვნული პრობლემატიკის პრიორიტეტულობაში გამოიხატება და ყველა იმ საჭირბოროტო თემატიკას მოიცავს, რაც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამავე დროს, მისი მხედველობის არეში ექცევა თანამედროვეობის ყველა აქტუალური საკითხი, რასაც საზოგადოების წინსვლა-განვითარებისთვის ხელის შეწყობა შეუძლია. თემათა ფართო სპექტრიდან, რომელსაც გამოცემა გვთავაზობს, ცალკე უნდა გამოიყოს პუბლიკაციები როგორც პარტიის შიგნით მიმდინარე რეორგანიზაციულ პროცესებზე (მაგ.: გრ. ვეშაპელის „სოციალ-დემოკრატია და ჩვენი პარტია”, სარედაქციო წერილი „პარტიის რეორგანიზაცია” და სხვ.), ასევე, პარტიათა შორის დაპირისპირებაზე (მაგ.: მოწინავე წერი- ლი „ოპოზიცია ნოე ჟორდანიას პარტიაში”), დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკაზე, ქართული ჯარის მოწყობაზე, ქვეყ ნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე, ეკონომიკურ და აგრარულ საკითხებზე (მაგ.: ვ. წერეთლის „მიწის ნორმა” და სამეურნეო კულტურა”), სომხეთთან საომარ ვითარებასა და სომეხი ლტოლვილების პრობლემაზე (მაგ.: ივ. ტატიშვილის „სომეხ ლტოლვილთა კოლონიზაცია საქართველოში”, გრ. ვეშაპელის „ომი სომხებთან”, ილ. ჭყონიას „საქ. და სომხეთის საზღვრები”, „სომეხ-ქართველთა ბრძოლა” და სხვ.), განსაკუთრებით აქტუალურია საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობისა და აჭარის (ბათუმის) საკითხი (მაგ.: ი. დოლიძის „ოსმალეთი და საქართველო”; რ. გაბაშვილის „ბათომის ბედზე”, „აჭარაში მუშაობისათვის” და სხვ.). გაზეთში დიდი ადგილი უჭირავს აგრეთვე სოციალ-დემოკრატიული მიმართულების პერიოდულ გამოცემებთან პოლემიკას.
„კლდეში“ ძირითადად პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხებია გაშუქებული. ნაკლებად გვხვდება კულტურული ცხოვრების ამსახველი და ლიტერატურული მასალა. გაზეთის მუდმივ რუბრიკებს შორის შეიძლება დავასახელოთ: „ქართული პრესა“, „გერმანული პრესა“, „ქრონიკა“, „ფელეტონი“, „უკანასკნელი ცნობები“, „დეპეშები“ და სხვ.
- მანანა შამილიშვილი
ლიტერატურა
- გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, თბ., 1947. გაზ. „კლდე“, 1918-1920.
- დ. ჭუმბურიძე, „ისტორიული პორტრეტები: დასაწყისი XX საუკუნისა“, თბ., 2008.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი