ბუბასტისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ბუბასტისი''' – (ეგვიპტ. „ბასტეტის სახლი“, საიდანაც წარმოიშვა...)
 

მიმდინარე ცვლილება 22:27, 18 ოქტომბერი 2024 მდგომარეობით

ბუბასტისი – (ეგვიპტ. „ბასტეტის სახლი“, საიდანაც წარმოიშვა ბერძნული „ბუბასტისი“). ქალაქი მდებარეობდა ნილოსის დელტის პელუსიურ ტოტზე, დღევანდელი ქ. ზაგაზიგის გვერდით (თელ-ბასტა). შესაძლოა ბასტეტის, და ასევე ქალაქის სახელი ნიშნავს „მალამოს“. ამ მოსაზრების სასარგებლოდ მეტყველებს ისიც, რომ ბუბასტისის მთავარ ქურუმს მოგვიანებით „მთავარი ექიმის“ და „მალამოს წამსმელის“ წოდება ჰქონდა.

ჰეროდოტემ აღწერა ბუბასტისი და მისი ბასტეტის ტაძარი, როგორც ერთ-ერთი ულამაზესი ეგვიპტეში. XIX საუკუნის შუახანებში, ევროპელი მეცნიერის ჯ.გ. ვილკინსონის აღწერით, ტაძარი გამოიყურებოდა ისევე, როგორც ჰეროდოტეს დროს. დღეს ქალაქისაგან აღარაფერია დარჩენილი. ბუბასტისი დასახლებული იყო გვიანი წინადინადინასტიური დროიდან ჩვ.წ.-ის VII საუკუნემდე; ეგვიპტის არაბების მიერ დაპყრობის შემდეგ (დაახლ.642 წ.) ქალაქი თანდათან დაცარიელდა. ძველი სამფეოს დროიდან, ბასტეტის კულტის აღზევებასთან ერთად, ბუბასტისი თანდათან იხვეჭს მნიშვნელობას. ნანგრევების ბლოკებზე მოძიებული წარწერების თანახმად, ქალაქში აქტიური მშენებლობა მიმდინარეობდა ფარაონების ხეოფსის, ხეფრენის და პეპი I-ის დროს. გათხრილია ასევე ამავე პერიოდის სასაფლაო, სადაც კერძო პირები და ადგილობრივი მოხელეები არიან დაკრძალული. სავარაუდოდ, ძველ სამეფოში აქ უკვე არსებობდა ბასტეტის ტაძარი, მაგრამ აღმოჩენილია მხოლოდ ნაგებობა, რომელიც შენდებოდა XII დინასტიის ფარაონების ამონემხატ I-ის, სენუსერტ I-ის და სენუსერტ III-ის დროს.

შუა სამეფოთია დათარიღებული ასევე დიდი ადმინისტრაციული სასახლე, რომელიც მოიცავდა მოხელის საცხოვრებელ აპარტამენტებს, სახელმწიფო დანიშნულების ოთახებს და საკუჭნაოებს. დიდი ხანძარი, რომლის შედეგად სასახლე დაიწვა დაახლოებით XIII დინასტიის დროს, შესაძლოა დელტაში ჰიკსოსების შემოჭრასთან არის დაკავშირებული. ახალი სამეფოდან ქალაქის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. ის ხდება XVII ქვემოეგვიპტური ნომის დედაქალაქი, მაგრამ ინფორმაცია მის შესახებ ძალიან მწირია. ჯ. ბრესტედის აზრით, სავარაუდოდ, ბასტეტის ტაძრის კედლებზე მოთავსებული იყო ისეთივე მატიანე ნუბიაში ეგვიპტელების სამხედრო ექსპედიციების შესახებ, როგორიც შემოინახა კარნაკის ტაძარმა ეგვიპტის ომებზე აზიაში. სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ წარწერის მცირე ნაწილია გადარჩენილი. ამონხეტეპ IV-ის დროს აქ აიგო პატარა ტაძარი ატონისადმი.

XXII (ლიბიური დინასტიის დროს ბუბასტისი სამეფო რეზიდენცია ხდება. ლიბიელმა ფარაონებმა, განსაკუთრებით ოსორკონ I-მა და II-მ აქ დიდი სამშენებლო სამუშაოები ჩაატარეს. ლიბიური დინასტიის დაცემის შემდეგ, ქალაქმა საბოლოოდ დაკარგა თავისი პოლიტიკური მნიშვნელობა, თუმცა თავისი ისტორიის ბოლომდე მან მნიშვნელოვანი სავაჭრო და რელიგიური ცენტრის სტატუსი შეინარჩუნა. ბუბასტისის მდებარეობამ უმნიშვნელოვანესი სავაჭრო მარშრუტების გადაკვეთაზე განაპირობა მისი საოცარი სიმდიდრე. ოსორკონ I-ის წარწერის თანახმად, მან მხოლოდ ამონის ტაძარს 250 000კგ. ვერცხლი და ამდენივე ელექტრუმი (ოქროს და ვერცხლის შენადნობი) შესწირა.

1906 წელს ბასტეტის ტაძრის სიახლოვეს აღმოჩენილი იქნა დიდი განძი ოქროს სამკაულები და ჭურჭელი. როგორც ბასტეტის ქალაქი, ბუბასტისი დაკვშირებული იყო სიყვარულის დღესასწაულებთან და ღრეობასთან. შემთხვევითი არაა, რომ ადრეელინისტურ ეგვიპტურ მოთხრობაში რამსეს II-ის ბრძენი ვაჟიშვილის, სატნე-ხამუასის შესახებ მას ეროტიკული თავგადასავალი სწორედ ბუბასტისში გადახვდება თავს, ბასტეტის მისნის ქალიშვილის ოქროს ჭურჭლით სავსე სახლში, სადაც იატაკებიც კი ლილაქვის იყო.


[რედაქტირება] წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები