არისტოფანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: არისტოფანე '''არისტოფანე''' – (ძვ. ბერძნ. Ἀριστοφάν...)
 
(წყარო)
ხაზი 14: ხაზი 14:
 
''მაია გოშაძე''
 
''მაია გოშაძე''
  
 +
 +
==იხილე აგრეთვე==
 +
[https://catalog.nplg.gov.ge/search~S2*geo?/X{u10D0}{u10E0}{u10D8}{u10E1}{u10E2}{u10DD}{u10E4}{u10D0}{u10DC}{u10D4}&searchscope=2&SORT=DZ/X{u10D0}{u10E0}{u10D8}{u10E1}{u10E2}{u10DD}{u10E4}{u10D0}{u10DC}{u10D4}&searchscope=2&SORT=DZ&extended=0&SUBKEY=%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94/1%2C15%2C15%2CB/frameset&FF=X{u10D0}{u10E0}{u10D8}{u10E1}{u10E2}{u10DD}{u10E4}{u10D0}{u10DC}{u10D4}&searchscope=2&SORT=DZ&1%2C1%2C არისტოფანეს კომედიები]
  
 
=== წყარო ===
 
=== წყარო ===

12:48, 15 ივნისი 2023-ის ვერსია

არისტოფანე

არისტოფანე – (ძვ. ბერძნ. Ἀριστοφάνης; დ. დაახ. ძვ. წ. 446/6, ათენი – გ. დაახ. ძვ. წ. 385, დელფო), ძველი ბერძენი კომედიოგრაფი.

არისტოფანე ძველი ატიკური კომედიის ერთადერთი წარმომადგენელია, რომლის თერთმეტმა ნაწარმოებმა თითქმის სრულად მოაღწია თანამედროვეობამდე, კრატინესა და ევპოლიდეს ნაწარმოებები მხოლოდ ნაწყვეტებითაა ცნობილი. მისი ბიოგრაფიის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი გარდა იმისა, რომ ის თავისუფალი ათენელების ოჯახიდან იყო. არ არის ცნობილი მისი მშობლების ქონებრივი ცენზი ან განათლება, რომელიც კომედიოგრაფოსმა მიიღო. თუმცა, მისი კომედიებიდან გამომდინარე, ზოგიერთი გარემოების გააზრება შესაძლებელია. მაგალითად იმის, რომ ის კარგად იცნობს ბერძნულ ფოლკლორს, კომედიას და მის რიტუალურ საწყისებს. აქტიურია როგორც პოლიტიკოსი და მოქალაქე. 15 წლის ასაკში მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა სპარტელების სასტიკმა შემოჭრებმა ათენში და მისი შემოქმედება და პოლიტიკური მრწამსი განსაზღვრა. პელოპონესის ომის პირველი ტალღა პერიკლეს მმართველობის პერიოდში დაიწყო და ათენის საგარეო და საშინაო პოლიტიკის, ორი კავშირის (დელოსისა და პელოპონესის) ინტერესთა კონფლიქტის შედეგი იყო. 431 წელს პელოპონესის ომის მეორე ტალღა დაიწყო. პერიკლემ წინააღმდეგობის ორგანიზება და სპარტელებისგან თავდაცვა მოახერხა, მაგრამ ამასობაში ათენში ეპიდემია დაიწყო და 429 წ. პერიკლე გარდაიცვალა. ამ მომენტისათვის ათენმა თავისი სახელმწიფოებრივი ძლიერების, დემოკრატიული და კულტურული განვითარების მწვერვალს მიაღწია. ამავე წლიდან დაიწყო სახელმწიფოს სწრაფი უკუსვლა, რაც 404 წელს, ხუთთვიანი ალყის შემდეგ, ფერამნეს ზავის სახელით ცნობილი დოკუმენტის ხელმოწერით დასრულდა, რის საფუძველზეც ათენი კარგავდა ფლოტს, ე.წ. გრძელი სახმელეთო თავდაცვითი კედლის აგების უფლებას, ზღვისიქითა მიწებს და ა. შ. ის სრულ დანგრევას გადაურჩა და სპარტასთან კავშირი დადო, მაშინ, როდესაც კორინთო და თებე მის განადგურებას ითხოვდნენ. შესაბამისად, არისტოფანე ორ კულტურას ეკუთვნის – ათენის დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ტრადიციების მატარებელი და მისი გასახიერებაა, ის სარგებლობს ბერძნული დემოკრატიის მიერ მოპოვებული ყველა უფლებით, სიტყვის თავისუფლების ექსტრემალური გამოვლენის უფლებით, პოლიტიკური თავისუფლების გამოხატვის, დამოუკიდებელი ქცევის, ბრძოლის წარმოების უფლებებით.

მისი ლიტერატურული მოღვაწეობა 427-388 წწ. წარიმართა და, ფაქტობრივად, პელოპონესის ომის მსვლელობის პერიოდს დაემთხვა. პელოპონესის ომი (431-404) ათენის ხელმძღვანელობით არსებულ დელოსის კავშირსა და სპარტის მეთაურობით მოქმედ პელოპონესის ლიგას შორის წარმოებული ომი იყო, რომელმაც რადიკალურად შეცვალა პოლიტიკური კლიმატი ანტიკურ საბერძნეთში ხოლო სპარტის გამარჯვებამ მალევე წერტილი დაუსვა ათენური დემოკრატიის ფენომენს. ომში დამარცხებით დასრულდა ათენის ჰეგემონია ხმელთაშუაზღვისპირეთში. 404-403 წლებში ათენს 30 პროსპარტულად განწყობილი ხელისუფალი მართავდა, რაც ისტორიაში ოცდაათის ტირანიის სახელით შევიდა. მათ ხელისუფლებაში მოსვლას სპარტელმა ადმირალმა ლისანდრემ შეუწყო ხელი. ათენის დემოკრატია 211 წლის ოლიგარქიული გადატრიალებით დასრულდა, ათენზე პასუხისმგებლობა კი 400-მა ოჯახმა აიღო. საბოლოოდ, პელოპონესის ომმა ორი მოქიშპე კავშირი ისე დაასუსტა, რომ ვერცერთმა ვეღარ შეძლო წელში გამართვა, ხოლო ძვ. წ. IV საუკუნის შუა წლებისათვის საბერძნეთში ჰეგემონია მაკედონიის სამეფომ ჩაიგდო ხელში.

შეიძლება ითქვას, რომ არისტოფანეს შემოქმედება პელოპონესის ომის მოვლენების მორალური და პოლიტიკური კლიმატის ერთგვარი მატიანეა, დამცინავი და შემტევი, ძველი ატიკური კომედიის ვიტალური სიცოცხლისმოყვარულობით აღსავსე. მისი პიესები, ხშირად, საკმაოდ ორაზროვანი და სკეპტიკურია და ეპოქის საყოველთაო მსოფლმხედველობრივსა თუ იდეოლოგიურ კრიზისს ასახავს. არისტოფანეს კომედიებში შესანიშნავად გამოჩნდა ათენის ეკონომიკური და სოციალური წინააღმდეგობები, ომისა და მშვიდობის მომხრეთა მიზნები და არგუმენტები, პოლიტიკური კულტურის დევალვაცია, პირადი ინტერესების დომინირება, უხეში პოპულიზმი და მრავალი სხვა მანკიერება, რამაც, როგორც ახლო მომავალმა გვაჩვენა, დრამატულ ფინალამდე მიიყვანა ანტიკურობის პირველი დემოკრატიული სახელმწიფო.

ამავე დროს, არისტოფანეს „თეატრმა“ ათენის დემოკრატიის ხალხური სული გადმოსცა. ინვექტივასთან ერთად, მან ძველი კომედიის სიუჟეტური მხარეც განავითარა, რითაც, ატიკური კომედიის პუბლიცისტურ ასპექტთან ერთად, მისი შინაარსობრივი და იდეური მხარეეებიც გაძლიერდა და კლასიკური ტრაგედიის კომედიური „საპირწონე“ შეიქმნა, როგორც მისი აპოლონური არსის დიონისური „უკუფენა“. მისი შემოქმედება მუდმივად „დიალოგში“ იყო ოფიციალური კულტურის პრობლემებთან, თუმცა მათ გადაჭრას კომედიისთვის დამახასიათებელი ხერხებით ცდილობდა: პარადოქსული განვითარებით, პრობლემის კომიკური დევალვაციით თუ გაზვიადებით, მისი დერაციონალიზაციით და ა. შ. მაყურებლის წინაშე თანამედროვეთა „არაჩვეულებრივი გამოფენა“ იშლებოდა. ისინი სრულიად პროზაული, პრაქტიკული და, ამავე დროს, სრულიად ფანტასტიკური საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი, მშვიდობის, სამოქალაქო თანხმობის, ვითარების დაუფლების მასხრულ, თაღლითურ სქემებს მიმართავდნენ. ატიკური კომედიის ლოგიკა „ფორმალური ლოგიკის“ სივრცეს ამოყირავებული სამყაროს არგუმენტებით უპირისპირდებოდა. ერთობლიობაში ეს ყოველივე ათენური რეალობის ძალზე საინტერესო სურათს ქმნიდა, გვაჩვენებდა თავისუფალ საზოგადოებას, გვაგზავნიდა ტრადიციისა და რიტუალისკენ, უპირისპირდებოდა პოლიტიკურ სამიზნესა და ა.შ.

არისტოფანე პერიკლეს ეპოქის ათენში, სავარაუდოდ, ძვ.წ. 445 წელს დაიბადა. ის შეძლებული ათენური ოჯახიდან იყო წარმოშობით და, როგორც ჩანს, შესაბამისი განათლებაც მიიღო. კომედიოგრაფოსთა შეჯიბრში მონაწილეობა სრულიად ახალგაზრდამ, 427 წელს დაიწყო, ჯერ სხვისი სახელით გამოდიოდა, ხოლო 425 წელს „აქარნელები“ საკუთარი სახელით წარმოადგინა და პირველი ადგილიც დაიკავა. მისი პირველივე წარმოდგენა რადიკალურად პოლიტიკური და პელოპონესის ომის საწინააღმდეგო იყო.

მაია გოშაძე


იხილე აგრეთვე

არისტოფანეს კომედიები

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები