ლევანი (კახეთის მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ლევანი''' – კახეთის მეფე 1518-1574 წლებში, [[გიორგი II (კახეთის მეფე)|გ...)
 

მიმდინარე ცვლილება 20:47, 27 ივნისი 2024 მდგომარეობით

ლევანი – კახეთის მეფე 1518-1574 წლებში, გიორგი II-ისა და დედოფალ ელენეს ძე. დაიბადა 1506 წელს.

1513 წელს, ავ-გიორგის დატყვევების მერე, კახეთი ქართლის მეფე დავით X-მ დაიკავა. ლევანი დედასთან ერთად, ჯერ სახლთუხუცეს გარსევან ჩოლოყაშვილთან იმალებოდა, შემდგომ კი ოჩინის ციხეში.

1518 წელს კახელმა თავადებმა ლევანი ბოდბეში მეფედ აკურთხეს. ქართლის მეფე ასე ადვილად არ თმობდა კახეთს და ორი წლის შემდეგ გაილაშქრა, ალყა შემოარტყა მაღრანის ციხეს, რომელშიც ლევანი იყო გამაგრებული, მაგრამ ქართლში ოსმალთა შემიჭრის გამო იძულებული გახდა, ალყა მოეხსნა და თავისი სამეფო საქმეებისთვის მიეხედა. ამავე წელს მაღაროსთან ბრძოლაში ლევანმა დაამარცხა დავით X და კახეთი შეინარჩუნა. ქართლის მეფე იძულებული გახდა ზავი დაედო.

ლევანის მეფობის დროს კახეთში მშვიდობა სუფევდა. კახთ ბატონმა მოახერხა ურთიერთობის მოგვარება შამხალთან. დაიმორჩილა გამდგარი ფშავ-ხევსურები და თუშები. ყიზილბაშურ ირანთან ურთიერთობაში, ლევანი მოჩვენებითი ერთგულებისა და დათმობის პოლიტიკას ატარებდა.

1551 წელს კახეთის მეფე შაჰ-თამაზს დაეხმარა შაქის აღებაში. შაქის მფლობელები ლევანის მოწინააღმდეგეები იყვნენ, მაგრამ შაქში ყიზილბაშთა გაბატონება საქართველოს მომავალში საფრთხეს უქმნიდა. ამასიის ზავის შემდგომ (1555) შაჰმა კახეთს წუქეთი მოსწყვიტა. მალე ლევანი იძულებული გახდა თავისი ძე იესე დიდი ძღვენით შაჰის კარზე გაეგზავნა ერთგულების დასამტკიცებლად (იესემ ჯერ მიიღო მაჰმადიანობა და ისახანად იწოდა, მაგრამ შემდეგ კვლავ უარყო და ირანიდან გამოქცევა განიზრახა. შაჰის ბრძანებით ის შეიპყრეს და ალამუთის ციხეში გამოკეტეს).

1563 წელ ლევანმა რუსეთის მეფე ივანე IV-სთან ელჩობა გაგზავნა იაკობის მეთაურობით დახმარების სათხოვნელად. მალე კახეთში რუსთა მცირე რაზმი ჩამოვიდა, რომელიც მეფემ ციხესიმაგრეებში ჩააყენა. ივანე IV ჩრდილოეთ კავკასიაშიც ცდილობდა პოზიციების განმტკიცებას და მდინარე თერგის ხეობაში ციხესიმაგრე ააშენებინა. რუსეთის ასეთმა გააქტიურებამ კავკასიაში მეტად შეაშფოთა ირანი და ოსმალეთი, სულთანის მოთხოვნით, რუსებმა თერგის ციხიდან ჯარი გაიყვანეს (წინააღმდეგ შემთხვევაში ოსმალეთი ომით იმუქრებოდა). შაჰმა კი ლევან მეფეს უბრძანა რუსთა რაზმი უკანვე გაეგზავნა. კახეთის მეფე იძულებული გახდა დამორჩილებოდა ირანის მბრძანებელს.

1574 წელს ლევანი გარდაიცვალა და მის მემკვიდრეებს შორის ბრძოლა ატყდა ტახტის დაუფლებისთვის.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები