ცხოვრების ხე
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მსოფლიო ხე“ გადაიტანა გვერდზე „ცხოვრების ხე“ გადამისამართება...) |
|
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) |
მიმდინარე ცვლილება 13:14, 17 მაისი 2023 მდგომარეობით
ცხოვრების ხე, (მსოფლიო ხე) – მსოფლიო წესრიგის სიმბოლური სახე საკაცობრიო მითოლოგიაში. განასახიერებდა სამყაროს მთლიანობას, ქვეყნიერების ნაწილთა სივრცობრივ-სტრუქტურულ ურთიერთკავშირს. სამყაროს მთლიანობა განხილული იყო როგორც ერთმანეთის საპირისპირო ნიშანთა მქონე ელემენტების ერთობლიობა (მაგ., ზესკნელი-ქვესკნელი).
მითოლოგიური ვერსიის თანახმად, ცხოვრების ხე დგას სამყაროს ცენტრში და მოიცავს კოსმოსის სამ სარტყელს. ფესვები მოქცეულია ქვესკნელში, ტანი – სკნელზე, ხოლო წვერი ზეცაში. ამ ელემენტების უძველესი სიმბოლიკა ცხოველური სახისა იყო.
ცხოვრების ხისადმი მიძღვნილ დღესასწაულებზე სრულდებოდა სხვადასხვა საწესო ქმედებანი: ფერხული, ორპირული სიმღერა, კვდომა-აღდგომის ინსცენირება, მსხვერპლშეწირვა.
ქართველთა წარმოდგენა-შეხედულებანი ცხოვრების ხის შესახებ გამოირჩევა დიდი მრავალფეროვნებით. ცნობილია საკულტო ხეები (ლაშარის ჯვრის მუხა, ხატის კარზე ან მარანში მდგომი ხე, „ხემხვივანი“ და ა.შ.). მისი ნაკვალევი გვხვდება ქრისტიანულ მსოფლმხედველობაშიც (სვეტიცხოველი, საკულტო ცენტრებში აღმართული ჯვრები, ხატების საბრძანისი ხეები და სხვ.).