ჩილაჩავა რაულ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჩილაჩავა რაულ“ გადაიტანა გვერდზე „რაულ ჩილაჩავა“)

12:31, 26 აპრილი 2022-ის ვერსია

რაულ ჩილაჩავა

ჩილაჩავა რაულ − (1948) ქართველი დიპლომატი, მთარგმნელი, პოეტი, ჟურნალისტი. დაიბადა სოფელ ჭითაწყარში (ზუგდიდი). 1970 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. 1967 წელს მიავლინეს უკრაინული ენისა და ლიტერატურის შესასწავლად კიევში და 1970 წლიდან ცხოვრობს იქ. მუშაობდა უკრაინულ პრესაში ჟურნალისტად, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის სახელობის უნივერსიტეტში ლექტორად, პარალელურად უკრაინის დედაქალაქის წამყვან უნივერსიტეტებში ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას; კიევის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო აკადემიაში ხელმძღვანელობდა უკრაინული და მსოფლიო ლიტერატურის კათედრას, დავით გურამიშვილის სახელობის საქართველო-უკრაინის კულტურულ ურთიერთობათა საერთაშორისო ასოციაციას; 2005-2010 წლებში იყო უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში. არის საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ლატვიის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს, უკრაინის, ლატვიისა და საერთაშორისო ლიტერატურული პრემიების ლაურეატი. გამოცემული აქვს წიგნები: „დასაწყისი”, „ბორჯღალი”, „ბუნიობა”, „მზის ჩასვლის მერე“ (1979), „რჩეული”, „მზეკაბანი“ (1987), „ანგელოზების გადაფრენა”, „მოხეტიალე კუნძული”, „საქართველოვ ვიდრე ხვალ”, „ოცდამეხუთე კადრი“ (2003), „ქვიშის საათი”, „თბილისის დროით“ (1991), „უვადო მივლინება“ (2008), „შნო” (2012), „ბედის ფორმულა” (2018). თარგმნილი აქვს უკრაინული და ლატვიური პოეზიის არაერთი წარმომადგენლის პოეზია ქართულად.


ბოლო სანთელი
ტორტზე სანთლების ჩაქრობას ახლა
სჭირდება მთელი სახანძრო რაზმი
და საგანგებოდ აწეულ სასმისს
სითბოსთან ერთად ტკივილიც ახლავს.
თვალი ყველაფრის შემჩნევას ასწრებს:
გაქრა მასპინძლის სათნო სახიდან
ღიმილი... თითქოს სახლი გაყიდა...
მოუწყენიათ ლარნაკში ასტრებს.
ვისაც ნატრობდა, ყველა აქა ზის,
მაინც აკლია ეშხი საუბარს.
რათა მოსმურებს მხარი აუბას,
სამზადის კარებს ფხოჭნის ნაგაზი.
გადის ზმორებით დღე დღევანდელი,
თითქოს უთითებს ცისფერ განთიადს,
შეკვამლულ ტორტზე როგორ ანთია
ჯერ ჩაუმქრალი ბოლო სანთელი.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები