კონსტანტინე I (კახეთის მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონსტანტინე I − (დ. დაახლოებით 1566 – გ. 22 ოქტომბერი, 1605) კახეთის მეფე, ალექსანდრე II-ის და თინათინ დედოფლის ძე.

იგი 7 წლის იყო, როდესაც ირანში წაიყვანეს მძევლად და იქ გაამაჰმადიანეს. 1605 წლის დასაწყისში შაჰ აბასმა მასთან მყოფი ალექსანდრე კახეთის მეფე საქართველოში გამოუშვა და თან გასპარსებული შვილი კონსტანტინე მირზა გამოაყოლა. შვილს საიდუმლო დავალება ჰქონდა - მოეკლა მამა თუკი ეს უკანასკნელი შაჰის საწინააღმდეგო ნაბიჯს გადადგამდა. ალექსანდრე და კონსტანტინე კახეთში მარტის დასაწყისში მოვიდნენ. შაჰის ბრძანებით კახეთის მეფეს შირვანზე უნდა ელაშქრა და გამარჯვების შემთხვევაში იქ კონსტანტინე უნდა დაესვათ. ამავე დროს, კახეთში რუსეთის ელჩები იმყოფებოდნენ და კახთ ბატონს შამხალზე სალაშქროდ აგულიანებდნენ. 12 მარტს კონსტანტინე თავისი მხლებლებით მამას ეწვია. გაიმართა თათბირი, რომლის დროსაც კონსტანტინემ ყიზილბაშებს მოაკვლევინა მამა და ძმა. ამას შემდეგ მან თავი მეფედ გამოაცხადა.

ცხადია, მამისა და ძმის მკვლელს კახელები ვერ იგუებდნენ, მაგრამ ჯერ ამის დრო არ იყო და მათაც მოჩვენებითი ერთგულება დაანახეს კონსტანტინე მირზას. სულ მალე კონსტანტინე კახელებისა და ყიზილბაშების გაერთიანებული ჯარით შარვანისკენ დაიძრა და შემახას შემოადგა. ქალაქის აღება ვერ მოახერხა. ქართველებმა გადაწყვიტეს ამით ესარგებლათ და ღამით კონსტანტინეს კარავში შეიჭრნენ, მამის მკვლელმა გაქცევით უშველა თავს და შაჰ აბასს დახმარება სთხოვა. ირანის მბრძანებელი ამ დროს ოსმალებთან გადამწყვეტი ბრძოლისათვის ემზადებოდა და კახეთის საქმეების მოსაგვარებლად არ ეცალა.

კონსტანტინემ გადაწყვიტა საკუთარი ძალებით დაემორჩილებინა კახეთი და დიდი ჯარი დაიქირავა. დავით მეფის ქვრივმა, ქეთევან დედოფალმა დახმარებისათვის ქართლის მეფე გიორგი X-ს მიმართა. ამ უკანასკნელმაც ზემო ქართლის ჯარი გამოუგზავნა კახელებს პაპუნა ამილახვრის სარდლობით. გადამწყვეტი ბრძოლა 22 ოქტომბერს მოხდა ბელაქნის წყალზე. ქართველებმა დავით ჯანდიერისა და ბებურ ვაჩნაძის მეთაურობით დაამარცხეს მტერი. რეგენტი კონსტანტინე ბრძოლის ველზე მოკლეს.


წყაროები და ლიტერატურა

  • გ. ჯამბურია, ირან-ოსმალეთის ახალი ომი და ქართლ-კახეთის სამეფოები, სინ. ტ. IV, თბ., 1973;
  • ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები. ტ. IV თბ., 1967;

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები