XVIII საუკუნის მიწურულის ხელოვნება საფრანგეთში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

XVIII საუკუნის ბოლოს საფრანგეთშიროკოკო განმანათლებლობის იდეებმა და მომავალი რევოლუციის მოახლოებამ გადაფარა. ფრანგული ხელოვნება უფრო მეტად გადაიხარა კლასიციზმისკენ; ფრანგი არქიტექტორები უფრო მეტად მიმართავდნენ რომაული ხუროთმოძღვრების პროპორციებსა და სიცხადეს, ხოლო მხატვრები და მოქანდაკეები დიდაქტიკურ კლასიციზმს და, საზოგადოდ, კლასიკურ სტილს ანიჭებდნენ უპირატესობას.

ჟაკ ჟერმენ სუფლო. პანთეონი (წმ. ჟენევიევას ეკლესია), პარიზი, 1755-1792

არქიტექტურა

XVIII საუკუნის ბოლოს ფრანგი არქიტექტორები კლასიციზმს, ჩვეულებრივ, განიხილავდნენ არა როგორც ერთ-ერთ ალტერნატიულ, არამედ როგორც ერთადერთ ჭეშმარიტ მხატვრულ სტილს. ვინკელმანის დებულება, რომ "ანტიკური პერიოდის ხელოვანთა მიბაძვა" კარგი გემოვნების ნიშანია, საფრანგეთში ენთუზიაზმით აიტაცეს.

კლასიცისტური სტილის წამყვანი არქიტექტორის ფრანგი ჟაკ ჟერმენ სუფლოს (Jacques-Germain Soufflot, 1713-1780) წმ. ჟენევიევას ეკლესია, რომელიც დღეს ცნობილია, როგორც პანთეონი, პარიზის ყველაზე ტიპური კლასიცისტური ნაგებობაა. ამ შენობას საინტერესო ისტორია აქვს. სანამ მშენებლობა დასრულდებოდა, პარიზის მაკონტროლებელმა რევოლუციურმა ხელისუფლებამ სახელმწიფო ფონდის შესავსებად ეკლესიის საკუთრების კონფისკაცია მოახდინა. თუმცა, გაყიდვის ნაცვლად 1791 წელს გადაწყდა, რომ წმ. ჟენევიევას ეკლესია დიდების ტაძრად გადაქცეულიყო და იქ თავისუფლებისთვის დაღუპული გმირები დაეკრძალათ. ნაპოლეონ I-ის მმართველობის დროს (1799-1814) შენობა კვლავ კათოლიკური ეკლესიად აკურთხეს. ასეთად რჩებოდა ის მეფე ლუი ფილიპეს (1830-1848) და ნაპოლეონ III-ს (1852-1870) მმართველობის დროსაც. მას შემდეგ კი ტაძარი არცერთ კონფესიას აღარ ეკუთვნოდა. 1851 წელს შენობა გამოიყენებოდა, როგორც ფიზიკის ლაბორატორია. აქ, ტაძრის მაღალი გუმბათის ქვეშ დაკიდა ფრანგმა ფიზიკოსმა ჟან ბერნარ ფუკომ თავისი ცნობილი ქანქარა და მის რხევებზე დაკვირვებით დაამტკიცა საკუთარი თეორია, რომ დედამიწა თავისი ღერძის გარშემო საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნავდა. 1995 წელს, აქვე, საფრანგეთის გამოჩენილი ადამიანების პანთეონში, გადაიტანეს მარი კიურის (რომელსაც 1911 წელს ნობელის პრემია მიენიჭა ქიმიის დარგში) ფერფლი. მარი კიური პანთეონში დაკრძალული პირველი ქალი იყო. პანთეონში სუფლომ სამი ტრადიციის გაერთიანება სცადა: რომაული არქიტექტურის, რომელსაც იგი იტალიაში ყოფნისას გაეცნო, ფრანგული და ინგლისური ბაროკული კლასიციზმის და იმ დროისათვის ინგლისში აღორძინებული პალადიანური სტილის.

პანთეონის ფასადი, თავისი უზარმაზარი პორტიკით, ძველი რომაული ტაძრების ფორმებისა და პროპორციების მიხედვითაა შექმნილი. გუმბათი XVII საუკუნის არქიტექტურით, მათ შორის, სერ ქრისთოფერ რენის ლონდონის წმინდა პავლეს კათედრალითაა შთაგონებული, ხოლო ნაგებობის ცენტრული გეგმის მკაფიო გეომეტრიზმი ტაძარს ბერლინგთონის ნეო-პალადიანური სტილის ჩიზვიქ ჰაუსთან აახლოებს.

პარიზის პანთეონის ჭრილი

პანთეონი, ასევე, ქრისტიანულ ტრადიციასთან ავლენს კავშირს. თუმცა, პანთეონი არ არის ნაწილთა მარტივი კრებული. მისი რაციონალური, თანმიმდევრული გეგმა მართკუთხა, კვადრატული და წრიული ფორმებისგან შედგება, ხოლო მისი კედლების სადა სიბრტყეები სიმკაცრეს ავლენს.

ფერწერა და ქანდაკება

სანამ XVIII საუკუნის ბოლო ათწლეულებში ფრანგი მხატვრები ბუშე, ფრაგონარი და მათი მიმდევრები ჯერ კიდევ როკოკოს სტილში განაგრძობდნენ მუშაობას, 1760-იან წლებში როკოკოს წინააღმდეგ ძლიერი მოძრაობა დაიწყო. როკოკოს მთავარი მოწინააღმდეგე იყო დენი დიდრო (1713-1784), რომლის "ცოდნისა და უნარების" 32-ტომიანი კომპენდიუმი - ენციკლოპედია (შექმნილი ჟან ლე რონ დ’ალამბერთან (1717-1783) ერთად) განმანათლებლური აზრის ნამდვილ არქივს წარმოადგენდა. 1759 წელს დიდრომ პერიოდულ ბიულეტენში, რომელსაც მდიდარი მკითხველი ჰყავდა, ოფიციალური სალონის შესახებ მიმოხილვების გამოქვეყნება დაიწყო. დიდრო ხელოვნების თანამედროვე კრიტიციზმის დამფუძნებელად მოიაზრება. მას სჯეროდა, რომ ხელოვნების ჭეშმარიტი დანიშნულება ადამიანში "ღირსების გრძნობის გაღვივება და ეთიკის დაწმენდა" იყო; რასაც, მისი აზრით, როკოკო ვერაფრით შეძლებდა.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები