წრთობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წრთობა – მასალების (ლითონი, ლითონის შენადნობები, მინა) თერმული დამუშავება კრიტიკულზე მაღალ ტემპერატურაზე შემდეგი სწრაფი გაცივებით, მასალისთვის განსაზღვრული თვისებების მისანიჭებლად. თერმოდამუშავება თავიდან გვაცილებს ისეთ არასასურველ დაბალტემპერატურულ პროცესებს, როგორიცაა ფაზური გარდაქმნები.

წრთობა მიმდინარეობს წყალში ან ზეთში, აგრეთვე მყარი თბომატარებლის ფსევდომდუღარე შრეში, შეკუმშული ჰაერის ნაკადში, წყლის ნისლში, თხევად პოლიმერულ და ინერტული აირების გარემოში და სხვ. განასხვავებენ წრთობას პოლიმერული გარდაქმნებით, ფოლადებისათვის, და წრთობას პოლიმერული გარდაქმნების გარეშე, ფერადი ლითონებისათვის. უმეტესი მასალებისათვის წრთობის ტემპერატურა იცვლება ზღვრებში – 815-900°C. არათანაბარი გახურება ან გადახურების მინიმიზაცია საშუალებას იძლევა მასალას მიეცეს საჭირო თვისებები. წრთობის შემდეგ რკინა ან ფოლადის შენადნობი ხდება მაგარი და მყიფე მარტენსიტის სიჭარბის გამო, ამიტომ ჭარბი სიმაგრისა (სისალის) და სიმყიფის შესამცირებლად მიმართავენ მასალის ხელმეორედ გახურებას კრიტიკულზე დაბალ ტემპერატურაზე დროის გარკვეულ შუალედში და შემდეგ აცივებენ უძრავი ჰაერის გარემოში. არსებობს წრთობის სახეები: ადგილობრივი, აირული, ალით, არასრული, აუსტენიტზე, ბეინიტზე, ბურღის, გამჭოლი, ელექტროთერმული, ელექტრონულ-სხივური, ელექტროლიტში, ერთ გამაცივებელში, ზედაპირული, ზედაპირულ-მოცულობითი, ზეთში, ზესწრაფი, ზომიერი, თვითმოშვებით, თხევადი მდგომარეობიდან, იზოთერმული, იმპულსური, ინდუქციური, კოკილში, კომბინირებული, კონტაქტური, ლაზერული, ლაზერული გახურებით, მარილის აბაზანაში, მარტენსიტზე, მაღალსიხშირული, მაღალტემპერატურული, მაცივრებში, მეორეული, მკვეთრი, მოცულობითი, მოცულობითი ზედაპირული, მყარ ხსნარზე, ნადნობიდან, ნაწილობრივი, ორ არეში, ორმაგი, ჟანგბადაცეტილენის ალით, პოლიმორფული გარდაქმნისას, პოლიმერული გარდაქმნის გარეშე, საფეხუროვანი, ციცივით დამუშავებისას, სრული, ტეხილი, ტყვიის აბაზანაში, უდეფორმაციო, ცხელ არეში, ჩამოსხმისას, წნევისას, წყალში, წყალხსნარებში, წყვეტილი, ჭავლური, ჰაერზე და სხვ.

სარჩევი

ერთ გამაცივებელში წრთობა

წრთობის სახეობა, როცა განსაზღვრულ ტემპერატურამდე გახურებულ დეტალს ათავსებენ საწრთობ სითხეში, სადაც ის რჩება სრულ გაცივებამდე. გამოიყენება ნახშირბადიანი და ლეგირებული ფოლადებისათვის.

იზოთერმული წრთობა

წრთობა, როდესაც ნაკეთობის გაცივების პროცესი მიმდინარეობს მუდმივ ტემპერატურაზე. გამოიყენება წრთობის ძაბვების შესამცირებლად და ფოლადის განსაზღვრული სტრუქტურის მისაღებად – უმეტესად ბეინიტის სტრუქტურის (ბეინიტური წრთობა).

ლაზერული წრთობა

ლითონებისა და მათი შენადნობების თერმული განმტკიცება ლაზერის სხივის გამოყენებით, რომელიც ემყარება სხეულის ზედაპირული უბნის ლოკალურ გაცხელებას ამ სხივებით და შემდეგ მის გაცივებას ზეკრიტიკული სიჩქარით, რაც იწვევს შიგა ფენებიდან სითბოს სწრაფ მოცილებას. ლითონების თერმული განმტკიცების სხვა ცნობილი მეთოდებისაგან განსხვავებით ლაზერული წრთობა არის არა მოცულობითი, არამედ ზედაპირული პროცესი.

საფეხუროვანი წრთობა

წრთობა, როდესაც დეტალი ცივდება საწრთობ გარემოში, რომლის ტემპერატურა მეტია მარტენსიტურ წერტილზე მოცემული ფოლადისათვის. დეტალს აჩერებენ მანამ, ვიდრე მისი ყველა წერტილის ტემპერატურა არ გაუთაბრდება საწრთობი აბაზანის ტემპერატურას. შემდეგ ხდება თანდათანობითი საბოლოო გაცივება, რომლის პროცეშიც მიმდინარეობს წრთობა, ანუ აუსტენიტი გარდაიქმნება მარტენსიტად.

წყვეტილი წრთობა

წრთობის სახეობა, როდესაც განსაზღვრულ ტემპერატურამდე გახურებულ დეტალს სწრაფად აცივებენ გამაცივებელ გარემოში (მაგ., წყალში), ხოლო შემდეგ კი ნელ-ნელა სხვა გამაცივებელში (მაგ., ზეთში). გამოიყენება უხვადლეგირებული ფოლადებისათვის.

ჭავლური წრთობა

წრთობა, რომელიც წარმოებს წყლის ინტენსიური ჭავლის შესხურებით. გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა დეტალის ნაწილის წრთობა. ასეთი წრთობა ტარდება მაღალი სიხშირის დანადგარის ინდუქტორში.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები