რუსეთ-იაპონიის ხელშეკრულებები, კონვენციები და შეთანხმებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუსეთ-იაპონიის ხელშეკრულებები, კონვენციები და შეთანხმებები


სარჩევი

ხელშეკრულება 1855

ხელმოწერილ იქნა 26.I (7-II) სიმოდში რუსეთის ვიცე-ადმირალის ე.ე. პუტიატინისა და იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლების მ. ცუცუისა და ტ. კავაძის მიერ.

ხელშეკრულების თანახმად, რუსეთსა და იაპონიას შორის მყარდებოდა სამუდამო მშვიდობა. მხარეები ვალდებულებას იღებდნენ, დაეცვათ მათ ტერიტორიაზე მყოფი მეორე სახელმწიფოს მოქალაქის ინტერესები. ხელშეკრულებით მოხდა რუსეთ-იაპონიის საზღვრის ხელახალი დემარკაცია. საზღვარმა გაიარა კუნძულებს – იტურეპს და ურუპს შორის, ისე რომ, პირველი გადავიდა იაპონიის იურისდიქციაში, ხოლო მეორე რუსეთის საკუთრება გახდა. ხელშეკრულებით რუსეთის გემებს ნება მიეცათ, შესულიყვნენ იაპონიის პორტებში – სიმოდში, პაკოდატემი და ნაგასაკიში. ამასთანავე, პირველ ორში შესაძლებელი იყო უკვე 1856 გახსნილიყო რუსეთის საკონსულო. მოგვიანებით ხელშეკრულებას დაემატა ნაგასაკიში 12(24). X 1857 ხელმოწერილი ტრაქტატი, რომელიც არეგულირებდა რუსეთ-იაპონიას შორის არსებულ ვაჭრობის საკითხებს.

ხელშეკრულება 1858

ხელმოწერილ იქნა 7(19).VIII ედოში (თანამედროვე ტოკიო). დაადასტურა 1855 სიმოდში დადებული რუსეთ-იაპონიის ხელშეკრულება. იმავდროულად, ახალმა ხელშეკრულებამ გააუქმა ის დამატებითი მუხლები და ტრაქტატები, რომლებიც თან ერთვოდა 1855 ხელშეკრულებას. ხელშეკრულების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, შეექმნათ დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულოები. რუსეთის გემებისათვის გახსნილ პორტებში წესდებოდა რუსეთის იმპერიის საკონსულოები. 1855 ხელშეკრულებით, გათვალისწინებული სიმოდის პორტის მაგიერ, იაპონელები რუსეთის გემებისათვის ხსნიდნენ კანაგაეოს და პიოგოს პორტებს. ამასთანავე, იაპონია ვალდებულებას იღებდა, 1860 გაეხსნა კიდევ ერთი ხელსაყრელი პორტი რუსეთის გემებისათვის ნიპოსის (პონსიუ) ნაპირებზე. ხელშეკრულებამ იარსება 1895-მდე. მას. 11(23).XII.1867 დაემატა საბაჟო ტარიფის წესები.

ხელშეკრულება 1875

ხელმოწერილ იქნა 25.IV(7.V) პეტერბურგში, რუსეთსა და იაპონიას შორის სახალინის კუნძულების თაობაზე მოლაპარაკება ჯერ კიდევ 1862 მიმდინარეობდა, 1869 იაპონიამ ოფიციალურად განაცხადა უარი სახალინის კუნძულზე, რომლის ათვისება მან ვერ მოახერხა. რუსეთმა სახალინის კუნძულზე იაპონიის უარის საპასუხოდ კურილიის 18 კუნძული ცნო იაპონიის იურისდიქციაში. რუსეთ-იაპონიის საზღვარი ხელშეკრულებით წესდებოდა ლოპატინის კონცხსა და კუნძულ შუმშუს შორის სრუტეზე. იაპონიის გემებს უფლება ჰქონდათ 10 წლის განმავლობაში ყოველგვარი საბაჟო გადასახადის გარეშე შესულიყვნენ პორტ კორსაკოვში (სამხრეთ სახალინი), 10(22).VIII.1875 ტოკიოში მხარეებმა ხელი მოაწერეს კიდევ რამდენიმე დამატებით მუხლს, რომელიც უნდა დართვოდა 1675 ხელშეკრულებას.

ხელშეკრულება 1895 ვაჭრობისა და ზღვაოსნობის შესახებ

ხელმოწერილ იქნა 27.V(8.VI) პეტერბურგში. დაიდო 12 წლით. მოლაპარაკებაზე მოხდა შეთანხმება, რომ ხელშეკრულება შედიოდა ძალაში მხოლოდ ხელმოწერიდან 4 წლის შემდეგ. ხელშეკრულებამ გააუქმა რუსეთ-იაპონიის 1855, 1858 ხელშეკრულებები, სავაჭრო კონვენცია 1867 და სხვა დამატებითი შეთანხმებები. ხელშეკრულებით, რუსეთისა და იაპონიის სახელმწიფოს ქვეშევრდომებს მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნისას ეძლეოდა იგივე იურიდიული უფლებები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გააჩნდა. მათ ჰქონდათ თავისუფალი გადაადგილების, ცხოვრების, რელიგიური აღმსარებლობის უფლება. მხარეებს შეეძლოთ დაენიშნათ კონსულები და გაეხსნათ წარმომადგენლობები, უცხოელთა დასახლებები შედიოდა იაპონიის ქალაქების იურისდიქციაში და ემორჩილებოდა ადგილობრივ ხელისუფლებას.

კონვენცია 1907 თევზჭერის შესახებ

ხელმოწერილ იქნა 15(28).VII პეტერბურგში, კონვენციის თანახმად, რუსეთის მხარე უფლებას აძლევდა იაპონიის ქვეშევრდომებს, დაეჭირათ თევზი რუსეთის ტერიტორიულ წყლებში. აკრძალული იყო მხოლოდ რამდენიმე სახეობის თევზის დაჭერა. კონვენციის დანართში ჩამოთვლილი იყო ის მდინარეები და ზღვის უბნები, რომლებზეც იკრძალებოდა იაპონელ მეთევზეთა საქმიანობა. კონვენციის მეორე დანართში აღნიშნული იყო, რომ იაპონელებს უფლება ჰქონდათ, გაეხსნათ საკონსულოები ვლადივოსტოკში და ამურის ნიკოლაევსკში, ხოლო იაპონელები ნებას რთავდნენ რუსეთს საკონსულოები გაეხსნა ქალაქებში – ცურუგაში და ოტარუში.

შეთანხმება 1907 საერთო-პოლიტიკურ საკითხებზე

ხელმოწერილ იქნა 17(30).VII პეტერბურგში, შედგებოდა საჯარო და საიდუმლო ნაწილებისაგან. შეთანხმებით, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთმანეთის ტერიტორიების ხელშეუხებლობის პრინციპი. ამასთანავე, რუსეთი და იაპონია ცნობდა ჩინეთის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, შეთანხმების საიდუმლო ნაწილში კი საუბარი იყო ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის (მანჯ ურიის) გაყოფაზე. ამ ტერიტორიის ჩრდილოეთი ნაწილი შედიოდა რუსეთის, ხოლო სამხრეთი – იაპონიის გავლენის სფეროში. ამასთანავე, შეთანხმების საიდუმლო ნაწილში მითითებული იყო ამ ზონის გამყოფ სადემარკაციო ხაზზე. იაპონია ვალდებულებას იღებდა, არ მოეპოვებინა რკინიგზის და ტელეგრაფის გაყვანის კონცესიები რუსეთის გავლენის სფეროში მყოფ ტერიტორიაზე, ხოლო რუსეთი პირობას დებდა, არ ჩარეულიყო იაპონიის კუთვნილი ზონის საშინაო საქმეებში. შეთანხმებით, რუსეთმა ცნო იაპონიასა და კორეას შორის დადებული ხელშეკრულებები და აღიარა, ხელი არ შეეშალა ამ ორი ქვეყნის დაახლოებისათვის. თავის მხრივ, იაპონიამაც ცხო რუსეთის „საგანგებო ინტერესები“ შიდა მონღოლეთში.

შეთანხმება 1910

ხელმოწერილ იქნა 21.VI(4.VII) პეტერბურგში. მიზნად ისახავდა 1907 შეთანხმების გაღრმავებას და შედგებოდა ღია და ფარული ნაწილებისაგან. 1909 აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ფ. ნოკსი შეეცადა გაენეიტრალებინა რუსეთისა და იაპონიის გავლენა ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილზე. სამაგიეროდ, შეთანხმების ხელმომწერი მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყველა საშუალებით შეენარჩუნებინათ სტატუს-კვო ჩინეთის ამ ნაწილში. შეთანხმების საიდუმლო ნაწილში მხარეები შეთანხმდნენ, არ დაერღვიათ ის პირობები, რომლებიც 1907 შეთანხმებით იქნა დადგენილი ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილთან დაკავშირებით.

კონვენცია 1912 (საიდუმლო)

ხელმოწერილ იქნა 25.VI(8.VII) პეტერბურგში. მიზნად ისახავდა 1907 და 1910 შეთანხმებების გაღრმავებას.

ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლების შესუსტებამ საბაბი მისცა იმპერიალისტურ სახელმწიფოებს, გააქტიურებულიყვნენ. ამ პერიოდში შეიქმნა ინგლის-საფრანგეთ-გერმანია-ამერიკის კონსორციუმი, რომელიც მიზნად ისახავდა ჩინეთის დანაწილებას. ეს კი ეწინააღმდეგებოდა რუსეთისა და იაპონიის ინტერესებს, ამიტომ კონვენციის ხელმომწერმა მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი პატივისცემა და ერთგულება წინათ დადებული ხელშეკრულებებისადმი, კონვენციის თანახმად, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში რუსეთისა და იაპონიის გავლენის სფეროები კვლავ 1907 შეთანხმებით დადგენილი სასაზღვრო ზოლით იქნა გამიჯნული. მონღოლეთის შიდა ნაწილიც ასევე განაწილდა ორი გავლენის სფეროდ – აღმოსავლეთი შევიდა იაპონიის, ხოლო დასავლეთი – რუსეთის გავლენის ქვეშ.

ხელშეკრულება 1916

ხელმოწერილ იქნა 20.VI (3.VII) პეტერბურგში 5 წლის ვადით. შედგებოდა საჯარო და საიდუმლო ნაწილებისაგან.

ხელშეკრულების თანახმად, ხელმომწერმა მხარეებმა ვალდებულება აიღეს, მონაწილეობა არ მიეღოთ ისეთ პოლიტიკურ კავშირში, რომელიც მიმართული იქნებოდა იაპონიის ან რუსეთის წინააღმდეგ. ამასთანავე, მათ მიზანშეწონილად მიიჩნიეს, ერთობლივად განეხილათ ყველა ის საკითხი, რომელიც ხელმომწერ მხარეთა ინტერესებს შეეხებოდა.

შეთანხმების საიდუმლო ნაწილში მხარეებმა კვლავ დაადასტურეს თავიანთი სურვილი, მომავალში განეგრძოთ ურთიერთობა რუსეთ-იაპონიის მანამდე დადებული შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე. მხარეები ვალდებულებას იღებდნენ, არ დაეშვათ ჩინეთში იმ ძალის გაბატონება, რომელიც დაპირისპირებული იქნებოდა რუსეთთან ან იაპონიასთან. იმ შემთხვევაში, თუ ერთი-ერთი მხარე აღმოჩნდებოდა საომარ მდგომარეობაში მესამე სახელმწიფოსთან, მაშინ ხელმომწერი სახელმწიფოები ვალდებულებას იღებდნენ, სამხედრო ძალით დახმარებოდნენ ერთმანეთს.

იხილე აგრეთვე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები