ჟორდანია ნოე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოე ჟორდანია

ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (ფსევდონიმები: ანი, ნარი, ნარიძე, კოსტროვი) (15.I.1868, ლანჩხუთი - 11.I.1953, პარიზი) - ქართული სოციალ-დემოკრატიის აღიარებული ლიდერი, პუბლიცისტი, თეორეტიკოსი, საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 1918-1921 წლებში.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა ხელმოკლე აზნაურის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. სწავლობდა ვარშავის ვეტერინარულ ინსტიტუტში. 1892 წელს მონაწილეობდა პირველი ქართული მარქსისტული ორგანიზაციის „მესამე დასის“ დაფუძნებაში. ორგანიზაციის მეორე კონფერენციამ (1893) მიიღო მის მიერ შემუშავებული პროგრამა, რომელიც ევროპული სოციალ-დემოკრატიული იდეების გავლენით იყო ჩამოყალიბებული. პროგრამა კაპიტალისტური სისტემის სოციალისტურად ევოლუციას ითვალისწინებდა და უარყოფდა რუსული მარქსიზმის დოქტრინას შეურიგებელი კლასობრივი ბრძოლის აუცილებლობის შესახებ. მან ადამიანთა ცხოვრების უპირველეს საფუძვლად ეკონომიკური კეთილდღეობის ფაქტორი აღიარა და ეროვნული თავისუფლების პრობლემა მჭიდროდ დაუკავშირა პიროვნების თავისუფლების საკითხს.

1893-1897 წლებში ჟენევის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში ისმენდა ლექციებს, ეცნობოდა ევრომარქსიზმის თეორიას. საქართველოში ჩამოსვლისთანავე გახდა გაზეთ „კვალის“ ფაქტობრივი რედაქტორი და ის მარქსისტულ ორგანოდ აქცია. 1900 მწვავე პოლემიკა ჰქონდა ილია ჭავჭავაძესთან და მიიჩნევდა მას ბურჟუაზიულ-თავადაზნაურული კლასების ინტერესების დამცველ რეაქციონერ მოღვაწედ. მიუხედავად გარკვეული წინააღმდეგობისა, ნ. ჟორდანიამ ხელი ვერ შეუშალა ქართული სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის შერწყმას რსდმპ-სთან.

1901-1902 წლებში ორჯერ იყო დაპატიმრებული და სასჯელს იხდიდა ჯერ თბილისის, შემდეგ ქუთაისისა და ფოთის ციხეებში, ხოლო განთავისუფლების შემდეგ საცხოვრებლად მიუჩინეს ჯერ ლანჩხუთი, შემდეგ განჯა, პოლიციის მეთვალყურეობით. 1903 წელს გადაუწყვიტეს სამი წლით გადასახლება ვიატკის გუბერნიაში, მაგრამ სასჯელს ევროპაში წასვლით დააღწია თავი. 1903 წელს იყო რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტის წევრი. იმავე წელს სათათბირო ხმით მონაწილეობდა რსდმპ II ყრილობაში და მიემხრო მენშევიკებს. ამ პერიოდიდან იძულებული გახდა, დამორჩილებოდა რუსული მარქსიზმის ნიჰილისტურ პოზიციას ეროვნული საკითხისადმი. იგი მკვეთრად დაუპირისპირდა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის მოთხოვნას, საქართველოს ავტონომიის ფორმით; მწვავედ გააკრიტიკა 1904 წელს შექმნილი საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია და ავტონომიის მომხრე ძალები. 1905-1907 წლებში ჟორდანიას ხელმძღვანელობით წარმოებდა იდეურ-ორგანიზაციული ბრძოლა ბოლშევიზმის წინააღმდეგ, რაც საქართველოში მისი მომხრეების გამარჯვებით დამთავრდა. 1905 წელს რედაქტორობდა ჟურ. „სოციალ-დემოკრატს“.

1906 წელს აირჩიეს რუსეთის I სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად და იყო სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე. სათათბიროს დათხოვნის შემდეგ იყო „ვიბორგის მოწოდების“ ერთ-ერთი ავტორი და ხელმომწერი, რის გამოც სამთვიანი პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ არალეგალურ მდგომარეობაზე გადასვლით გადაურჩა სასჯელს. რსდმპ IV და V ყრილობების მიერ არჩეული იყო ცენტრალური კომიტეტის წევრად. 1908 წლის დააპატიმრეს და 8 თვე იჯდა პეტერბურგის ციხეში. I მსოფლიო ომის წლებში მხარს უჭერდა ანტანტის ორიენტაციას, მაგრამ, იმავდროულად, ფარულად შეუთანხმდა პროგერმანული ორიენტაციის მქონე ეროვნულ ძალებს და მხარი დაუჭირა ეროვნული სახელმწიფოს აღდგენის იდეას ხელსაყრელი ვითარების შემთხვევაში.

1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციის შემდეგ სათავეში ჩაუდგა ახალი ხელისუფლების რევოლუციურ ორგანოებს - თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს და ამიერკავკასიის მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატების საბჭოს სამხარეო ცენტრს, რომლებიც რეგიონში რეალურ ძალაუფლებას ფლობდნენ.

1917 წლის ნოემბერში საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაზე ეროვნული საბჭოს, იმავდროულად, საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და პრეზიდიუმის თავმჯდომარედ აირჩიეს. საბჭოს უნდა მოემზადებინა საფუძველი ქართველი ერის სახელმწიფოებრივი ორგანიზაციისათვის, რაც მან წარმატებით განახორციელა. 1918 წლის 26 მაისს ნ. ჟორდანიამ ეროვნული საბჭოს სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. თავდაპირველად ის განაგრძობდა ეროვნული საბჭოს, როგორც საკანონმდებლო ორგანოს, თავმჯდომარეობას, იმავე წლის 24 ივნისიდან გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროებითი კოალიციური მთავრობის თავმჯდომარე და ამ პოსტზე შეცვალა ნ. რამიშვილი. იმავდროულად, იგი იყო რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენელი.

1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო, 21 მარტიდან დამფუძნებელმა კრებამ აირჩია ახლა უკვე ერთპარტიული სოციალ-დემოკრატიული მთავრობის თავმჯდომარედ. 1918 წლის ნოემბრიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიისაგან გამოყოფილი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი.

ემიგრაციაში

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობის შემდეგ დამფუძნებელი კრების მანდატით ემიგრაციაში წავიდა და საფრანგეთში ცხოვრობდა გარდაცვალებამდე. განაგრძობდა დიპლომატიურ აქტივობას საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის, მაგრამ უშედეგოდ.

1924 წელს იყო ანტირუსული აჯანყების მომხრე, თუ ქართველებთან ერთად აჯანყდებოდნენ კავკასიის სხვა ხალხებიც. II მსოფლიო ომის პერიოდში იდგა მოკავშირე ანტიფაშისტური სახელმწიფოების გამარჯვების პოზიციაზე. ემიგრაციაში განაგრძობდა პოლიტიკურ-პუბლიცისტურ მოღვაწეობას და გამოაქვეყნა 12 წიგნი, რომლებშიც მწვავედ აკრიტიკებდა საბჭოთა რუსეთის იმპერიალიზმს და ასაბუთებდა სსრკ-ის დაშლას. ერთ-ერთი ნაშრომი მიუძღვნა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“. ჰყავდა მეუღლე - ინა კორენევა და ოთხი შვილი: ასმათი, ანდრეიკა, ნათელა და რეჯები

თხზულებები

  • ნოე ჟორდანია, სოციალ-დემოკრატია და საქართველოს სახელმწიფო ორგანიზაცია, თბ.,
  • 1918; Н. Жорданиа,. За два года,Тифлис, 1919;
  • ნ.ჟორდანია, ჩემი წარსული, თბ., გამოსცა უ. სიდამონიძემ, თბ., 1990.
დიმიტრი შველიძე

ლიტერატურა

ვ. გურული, ნოე ჟორდანია, პოლიტიკური პორტრეტი, 1869-1953, თბ., 1999.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრევე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები