ჟინვალი (დაბა)
ჟინვალი – დაბა საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირას, საქართველოს სამხედრო გზაზე. სადაბო საკრებულოს ცენტრი (შედის ჟინვალი, სოფლები: არანისი, ბზიკურთკარი, ბოდავი, გუდრუხი, ეთვალისი, ზემო ხორხი, თვალივი, ლაუშა, მენესო, ნეძიხი, სონდისველა, სწროფავი, უბანი, ფუძნარი, ქვემო ხორხი, ჩინთი, ხარტიშო, ხირაუშა). განლაგებულია ჟინვალის წყალსაცავის სამხრეთით, ზღვის დონიდან 760 მ სიმაღლეზე. დუშეთიდან 15 კმ.
ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით სოფელ ჟინვალი ძველი სამოსახლოდან აიყარა და ორ ახალ პუნქტად დასახლდა. ერთ-ერთ მათგანს დაბა ჟინვალი ეწოდა (აქაა ჰიდროკომპლექსის მშენებლობის ადმინისტრაცია შესაბამისი დაწესებულებებით: სკოლა, კინოთეატრი, აფთიაქი, საავადმყოფო, ფოსტა-ტელეგრაფი, სავაჭრო ცენტრი…) დაბაში აიგო თანამედროვე მრავალსართულიანი სახლები საინჟინრო და ტექნიკური პერსონალისათვის, მუშა-მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისათვის. სოფლის მკვიდრი მოსახლეობა კი ძირითადად განსახლდა ძველი ჟინვალის ბაღ-ვენახებში, არაგვის დაყოლებით, მდინარის მარცხენა სანაპიროზე.