კრწანისი (უბანი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კრწანისიქალაქ თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანთაგანი: გაშენებულია დედაქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით. მეცნიერულად სარწმუნო ეტიმოლოგია არ მოგვეპოვება. უკანასკნელ ხანს გამოითქვა ვარაუდი ტოპონიმ კრწანისის ძველი ქართული „კაწან“- სიტყვისაგან მომდინარეობის თაობაზე. კაწანი ძველად მართლაც ნიშნავდა ეკლიან ღობეს: „ძეძვი ზეაღმართებით მოვლებული“, მაგრამ ამგვარი ვარაუდის გაზიარება ერთობ ჭირს.

პირველ რიგში ისაა გასათვალისწინებელი და ანგარიშგასაწევი რომ შუა საუკუნეებიდან მოკიდებული ყველა წყაროში გვაქვს კრწანის-ი და არც ერთხელ კწანისი ან კაწანისი, რომელთაც ი.მაისურაძე კრწანისის თავდაპირველ (ამოსავალ) ფორმებად სახავს. მართალია, ამ თვალსაზრისის მკვლევარს მოჰყავს ტოპონიმი კწანისი (იგი თეთრიწყაროს რაიონში ყოფილა ვ. ღონღაძის მიერ დასახელებული), მაგრამ საკითხის გადაჭრას ვერც ამ ტოპონიმის მოხმობა შველის. საქმე ის გახლავთ, რომ კწანისი მეორეული, გამარტივებული სახეა კრწანისისა, რომელიც სოფლის სახელად ჯერ კიდევ XIV საუკუნიდან ყოფილა ცნობილი მდ. ჭივჭივას ხეობაში, მის მარჯვენა სანაპიროზე, დღევანდელი თეთრიწყაროს რაიონში: „საბარათიანოში მდებარე სამშვილდე მისი კრწანისითურთ შაჰნავაზმა (ვახტანგ V-მ) უბოძა ელიზბარ ბოქაულთუხუცესს“; „საბარათაშვილოში სამშვილდის კრწანისი როსტომ მეფემ უბოძა სამკვიდროდ შიო მოლარეთუხუცესს". კრწანისი ყოფილა სააკაძისეული სოფელი, როსტომ მეფეს უბოძებია იორამ სააკაძისათვის; გიორგი სააკაძის „გადავარდნის“ შემდეგ იგი სახასო სოფელი გამხდარა.“ აქედან ნათლად ჩანს, რომ პირველადი (უძველესი) ფორმა ყოფილა კრწანისი. ურაეო ფორმა – (კწანისი), როგორც უკვე ვთქვით, გვიანდელი, გამარტივებული სახეა კრწანისისა: ცნობილია, რომ თანხმოვანთა ასეთ თანმიმდევრობაში (თანხმოვანი + სონორი რ + თანხმოვანი) რ ჩვეულებრივ იკარგვის: ბრძ → ბძ, ბრჯ → ბჯ, მრთ → მთ, ზრქ → ზქ → სქ, გრძ → გძ, ფრჩხ → ფჩხ, ფრთხ → ფთხ; ამავე სტრუქტურისაა კრწანისიც; რ თანხმოვნის ამ თანმიმდევრობაში დაკარგვა მოსალოდნელი იყო და იგი დაკარგულა კიდევაც.

ზემოთმოყვანილი საილუსტრაციო მასალიდან ჩვენს ყურადღებას ის გარემოებაც მიიქცევს, რომ კრწანისი ზოგადად რაღაც სამეურნეო დარგის აღმნიშვნელი სიტყვა უნდა იყოს. გამოთქმა: „სამშვილდის კრწანისი“, „სამშვილდე, მისი კრწანისითურთ“ იმაზე უნდა მიგვანიშნებდეს, რომ ძველად დიდ ქალაქებს ჰქონიათ თავისი საკუთარი „კრწანისები“ (სანადირო, სათევზაო ან საბოსტნე ნაკვეთები?) საფიქრებელია, რომ ტფილისის კრწანისიც ამავე ფუნქციისა იყო. ხომ არ უნდა ვივარაუდოთ კრწან- და კრძალ- სიტყვათა სემანტიკური ნათესაობა? მითუმეტეს, რომ წ – ძ თანხმოვანთა მონაცვლეობა ტოპონიმიაში რეგულარულად არა, მაგრამ აქა-იქ მაინც შეინიშნება: ხეკორძა – ხეკორწა, ეჩმიაძინი – ეჩმიაწინი“ და სხვ. იქნებ კრწან-ის-ი აღნიშნავდა საგანგებოდ დაცულ, კრძალ-ულ (შდრ. ნა-კრძალ-ი) ადგილებს? ძველ ქართულში ხომ კრძალვა დაცვას, მორიდებას, გაფრთხილებას ნიშნავდა! შდრ. „ალაგნი კრძალულნი აჩუენენ“; „დაშჯდე შენ ადგილსა კრძალულსა და უშიშსა“; ვეკრძალო მე უშჯულოებისა ჩემისაგან“ (I) – დავიცვა მე უშჯულოებისა ჩემისაგან“ (ფს, 17, 24). აქვე გაგვახსენდება ალბათ „შუშანიკის წამების“ ის ადგილიც, სადაც იაკობ ხუცესი დედოფალს სარწმუნოების გაფრთხილებას დაცვას შესთხოვს: „ეკრძალე სარწმუნოებასა ქრისტჱსსა“… ნიშნავს: დაიცავი, გაუფრთხილდი ქრისტეს სარწმუნოებას.

თუ ჩვენი ვარაუდი სწორია, მაშინ ტოპონიმი კრწანისი უნდა გავიგოთ როგორც „დაცული, ნაკრძალი ადგილი“, „ქალაქის შემოგარენში მდებარე სპეციალურად დაცული, ნაკრძალი ტერიტორია; სათევზაო ან ფრინველზე სანადირო ადგილები“.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები