ეკლის ხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეკლის ხე, ცრუაკაცია - Robinia pseudoacacia L.

Robinia pseudoacacia L.ეკლის ხე, ცრუაკაცია.

მეგრულად – აკაცი, ლაკაცი.

20-25 მ სიმაღლის მცენარეა 1 მ-მდე დიამეტრის ხის ტანით. ვარჯი აჟურულია, გადაშლილი, ყლორტებზე განვითარებული ეკლებით. ქერქი სქელია, მონაცრისფრო-მურა. ფოთლები კენტფრთისებრია. ყვავილები თეთრია, სურნელოვანი, შეკრებილია მტევნისებრ ყვავილედებად. ნაყოფი მოგრძო ხაზური, 4-12 სმ სიგრძის პარკია. ყვ. V-VI; ნაყ. IX-X.

სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა. ამჟამად კულტივირებულია მრავალ ქვეყანაში. დასავლეთ საქართველოში გაველურებულია. იზრდება მთის ქვედა სარტყელში, ტყეებში.

სამკურნალო ნედლეულია ყვავილები, ფოთლები და ახალგაზრდა ყლორტების ქერქი. ყვავილები შეიცავს ტანინებს, გლიკოზიდ რობლენინსა და ეთერზეთებს, რომლის შემადგენლობაშია ჰელიოტროპინი, მეთილან ტრანილატი, სალიცილმჟავას რთული ეთერები; ფოთლები – ფლავონოიდებსა და გლიკოზიდებს (აკაცეტინი, აკაცინინი, რობინინი); ქერქში აღინიშნება ტოქსიკური ალკალოიდი რობინინი, ტანინები, ცხიმოვანი ზეთები, ფიტოსტერინი და სტიგმასტერინი. მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს პექტინებსა და ლორწოს, რომლებიც ნორმალური მეტაბოლიზმის პროდუქტს წარმოადგენს, ასრულებს მნიშვნელოვან როლს უჯრედების დაყოფასა და ახალი უჯრედების ზრდაში.

ეკლის ხის პრეპარატები ხასიათდება სპაზმოლიტური, შარდმდენი, სიცხისდამწევი, ჰიპოტენზური, ნაღველმდენი, ამოსახველებელი და სუსტი სასაქმებელი მოქმედებით. თანამედროვე მედიცინის რეკომენდაციით მიიღება შარდის ბუშტის, თირკმელების, თირკმელკენჭოვანი და შარდკენჭოვანი დაავადებების, ტრომბოფლებიტის, რადიკულიტის, მიოზიტის, ოსტეოხონდროზის, რევმატიზმის, ნევრალგიის, გაციებებისა და ჭრილობების დროს.

ხალხური მედიცინა აქტიურად იყენებს რიგი დაავადებების სამკურნალოდ, კერძოდ ყვავილების ნახარშს ხმარობენ საშვილოსნოს მიომასა და საკვერცხეების ანთებისას; უნაყოფობისას – ყვავილების სპირტიან ნაყენს იყენებენ; ყვავილების წყლიან ნაყენს – ქრონიკული დიარეის, კუჭის დაავადებებისა და მეტეორიზმის, ხველებისა და გაციების სამკურნალოდ, სიცხის დამწევად; რეკომენდებულია ინსულტის გადატანის შემდეგ, აგრეთვე მაღალი წნევის შემთხვევაში, ახდენს მის ნორმალიზებას. გარეგანად ყვავილების სპირტიანი ნაყენი გამოიყენება დასაზელად ოსტეოხონდროზის, რადიკულიტის, სახსრების ტკივილებისა და ვენების ვარიკოზული გაფართოებისას.

მცენარის სხვადასხვა ნაწილში არსებული ტოქსიკური ნივთიერებების შემცველობის გამო, გამოყენებისას ზუსტად უნდა იქნეს დაცული დოზა და მიღების წესები.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები