დედამთილი (ტერენციუსის კომედია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„დედამთილი“ – ძველრომაელი დრამატურგის ტერენციუსის კომედია.

ტერენციუსის, როგორც ადამიანის ჰუმანურ ბუნებაში რწმენით აღსავსე მწერლის თავისებურება, ყველაზე მკვეთრად კომედია „დედამთილში“ ვლინდება. „დედამთილის“ პირველი ორი დადგმა მეტად წარუმატებელი აღმოჩნდა – მაყურებელი ხან მოკრივეების, ხან კი გლადიატორების საცქერად გაქცეულა. მხოლოდ მოგვიანებით, ხუთი წლის შემდეგ, 160 წლის განხორციელებული დადგმა აღმოჩნდა მეტ-ნაკლებად წარმატებული. ტერენციუსი ამჯერადაც სიუჟეტის დინამიკური განვითარების ხერხს უარყოფს და ყურადღებას მთლიანად კრიტიკულ ვითარებაში ადამიანის შინაგანი ბუნების გამოვლენის წარმოჩენაზე ამახვილებს.

ჰეტერა ბაკქისში შეყვარებული ყმაწვილი პამფილუსი, მშვენიერ ქალიშვილ ფილუმენაზე ქორწინდება. ჰეტერასადმი ტრფობის გამო თავის ახალგაზრდა ცოლს არ ეკარება, მაგრამ დროთა განმავლობაში საყვარლის მზარდი მომთხოვნელობის ფონზე, მომთმენ და მორჩილ ცოლს დააფასებს და შეიყვარებს. თავდაპირველად არასასურველად მიჩნეული ქორწინებით, მოულოდნელად გაბედნიერებული პამფილუსი ცოტა ხნით ქალაქიდან საქმეზე გაემგზავრება, ჩამოსვლისას კი ცოლი მშობლების სახლში გაურკვეველი მიზეზით დაბრუნებული დახვდება. რძლის წასვლის გამო, გარემომცველები ფილუმენას დედამთილს, სოსტრატას ადანაშაულებენ. ისედაც დადარდიანებული პამფილუსი მისთვის კიდევ უფრო მწარე სიმართლეს შეიტყობს. ქორწინებამდე, ვიღაც უცნობი მოძალადის მიერ დაორსულებულ ფილუმენას მშობიარობის დრომ მოუწია და სწორედ თავისი მდგომარეობის დასაფარად დაბრუნებულა სახლში. პამფილუსს არც სხვისგან დაფეხმძიმებული ცოლის უკან მიღება სურს და ამავდროულად ფილუმენას დანდობის მიზნით მისი მდგომარეობის გამხელასაც თავს არიდებს. საბოლოოდ კონფლიქტის მომგვარებლის როლში მოულოდნელად ჰეტერა ბაკქისი აღმოჩნდება. შემთხვევითობის წყალობით, ჰეტერა ყოფილი საყვარლის ცოლში პამფილუსისვე ძალადობის მსხვერპლს, შესაბამისად კი მისივე შვილის დედას ამოიცნობს, კვლავ გაბედნიერებული პამფილუსი თავის ცოლს უბრუნდება. პიესაში, დაფარული სიმართლის შედეგად წარმოქმნილი გაუგებრობების უპირველეს მსხვერპლად სოსტრატა ექცევა, რომელსაც გარემომცველები, უპირველესად კი მისივე ქმარი, რძლისადმი არაკეთილგანწყობასა და მისადმი ეჭვიანობაში ადანაშაულებენ, მაგრამ უსამართლოდ დამნაშავედ მიჩნეული დედამთილი უპირველესად შვილის ბედნიერებაზე ფიქრობს. დაუმსახურებელი ბრალდებების მიუხედავად, სოსტრატა მზად არის, რძალს მოუბოდიშოს და გაუგებარი კონფლიქტი ნებისმიერი დათმობის ხარჯზე მოაგვაროს. საბოლოოდ, სოსტრატა შვილის ბედნიერებისთვის სოფლად დასახლებასაც კი გადაწყვეტს და ამით ახალგაზრდებისთვის სრული თავისუფლების მინიჭებას ცდილობს. ასეთივე სულგრძელობასა და კეთილშობილებას ავლენს პამფილუსი, რომელიც ცოლის ღირსების დასაცავად მზადაა, გულცივობაში ბრალდება აიტანოს. კრიტიკულ ვითარებაში კეთილშობილებას ავლენს ჰეტერა ბაკქისი და ყოფილი საყვარლის გაბედნიერებას სრულიად უანგაროდ ხელს უწყობს.

ადამიანის დიდბუნებოვნებაში რწმენით აღსავსე პიესა „დედამთილს“ ხშირად ოჯახურ დრამადაც მოიხსენიებენ და ძალზე პირობითად მიაკუთვნებენ კომედიის ჟანრს. პიესაში არც სიტუაციებია კომიკური და არც ადამიანები ახდენენ კომიკურ შთაბეჭდილებებს. პიესის გმირები ერთმანეთს თითქოს სულგრძელობაში ეჯიბრებიან და ამ თვალსაზრისით ადამიანის შინაგანი რესურსების ამოუწურავობას წარმოაჩენენ – ნებისმიერი სახის სიყვარულის სწორედ გამაკეთილშობილებელი ძალის ზემოქმედებას განიცდიან.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები