გარიტი ჟერარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟერარ გარიტი

ჟერარ გარიტი – (15.01.1914-27.08.1990), ცნობილი ბელგიელი მეცნიერი, კლასიკური და აღმოსავლური, ისტორიულ-ფილოლოგიური მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენელი, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ქართული ხელნაწერი ტრადიციის უდიდესი მკვლევარი.

1931 წ. დაამთავრა ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი. 1935 წ. მიენიჭა სამეცნიერო ხარისხი კლასიკური ფილოლოგიის დარგში, 1936 წ. – აღმოსავლური ფილოლოგიისა და ისტორიის, ხოლო 1940 წ. – ფილოსოფიისა და ლიტერტურის დარგში. 1938 წ. ბელგიის ეროვნულმა სამეცნიერო ცენტრმა გარიტი სამუშაოდ მიავლინა რომში, სადაც 1946 წლამდე ვატიკანის ბიბლიოთეკაში მუშაობდა.

1946 წ. გარიტი ლუვენის უნივერიტეტში დაბრუნდა. 1950 წლიდან ამ უნივერსიტეტის პროფესორის რანგში ასწავლიდა ბერძნლ პალეოგრაფიას, ბიზანტიურ ფილოლოგიასა და ისტორიას, ასევე კოპტურ, ძველქართულ, კლასიკურ სომხურ (გრაბარი) და თანამედროვე ბერძნულ ენებს. 1948 წლიდან ხელმძღვანელობდა ბელგიური გამოცემის „Corpus Scriptorum Christianorum Orientalium“-ის სომხურ განყოფილებას. 1950 წლიდან გარიტი იყო აღმოსავლეთმცოდნეობითი თემატიკის ჟურნ. „Le Museon“-ის რედაქტორი (ლუვენის უნივერიტეტის გამოცემა). 1946-1947 წლებში გამოაქვეყნა პირველი შრომები ქართველოლოგიაში, 1957 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ „ბედი ქართლისასთან“. 1960 წლიდან გარიტი ამ ჟურნალის სამეცნიერო საბჭოს მუდმივი წევრია.

გარიტმა დააარსა სომხური ენისა და ლიტერატურის კათედრები ჰარვარდისა (სადაც ის მიწვეული იყო ლექციების წასაკითხად 1950) და ლუვენის (1962) უნივერიტეტებში. 1950 წ. იუნესკოს თანადგომით, კონსულტაციებს უტარებდა, აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებულ ექსპედიციებს სინასა და იერუსალიმში იქ არსებული ხელნაწერი კოლექციების შესწავლის მიზნით. 1978 წ. ავადმყოფობის გამო, ჩამოშორდა აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობას.

მნიშვნელოვანია გარიტის დამსახურება პალესტინასთან დაკავშირებული ქართული ქრისტიანული ლიტერატურის, ასევე სასულიერო მწერლობის ქართული ძეგლების შესწავლის საქმეში. მისი ძირითადი იდეები აისახა სტატიაში „Georgienne (literature spirituelle) // DSAMDH“. შეისწავლა ღირსი ანტონი დიდის „ცხორებათა“ განსხვავებული რედაქციები და გამოსცა კოპტური (საიდური დიალექტი) და ერთ-ერთი ლათინური ვერსია, აგრეთვე ღირსი ანტონი დიდის სახელით შემორჩენილ ეპისტოლეთა ქართული თარგმანი.

ჟერარ გარიტის დამსახურებაა სინის მთის იმ დროისათვის ცნობილი სრული ქართული კოლექციის ფოტოარქივის შექმნა და ამ ხელნაწერი წიგნების ფართო სამეცნიერო მიმოქცევაში შეტანა. ჟერარ გარიტის მიერ შედგენილი სინის მთის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა Catalogue des manuscits georgiens litteraires du Mont Sinai დღემდე რჩება წერილობითი ძეგლების სამეცნიერო კატალოგიზაციის სანიმუშო შრომად, ხოლო მის მერ გამოქვეყნებული პალესტინურ-ქართული კალენდარი “Le calendrier palestino-georgien du Sinaiticus 34 (X siecles)“ ქრისტიანული მწერლობის ფუნდამენტური, ფართო ასპექტით შესწავლის ერთგვარ სახელმძღვანელოდ გვევლინება.

ჟერარ გარიტის უდიდეს დამსახურებას წარმოადგენს ქართული წერილობითი ძეგლების, ხელნაწერი ტრადიციის ბერძნულ-პალესტინური მწერლობის კონტექსტში კვლევა, ქრისტიანული აღმოსავლეთის ხალხთა წვლილის წარმოჩენა ბიზანტიური ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში. მის სამეცნიერო პუბლიკაციათა ჩამოთვლაც კი შორს წაგვიყვანს, გავიხსენებთ მხოლოდ მეცნიერის მიერ შუა საუკუნეების მთარგმნელობითი ტენდენციებისა და ლინგვისტურ-კულტურული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ ნაშრომს Traduttore traditiore, რომელშიც სრულად გამოვლინდა გარიტის მიერ აღმოსავლურ ქრისტიანული წერილობითი კულტურის ისტორიის უზადო ცოდნა.

გარიტი 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.


წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები