ახალი კვალი (ჟურნალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ახალი კვალი“ (1918-1921) - ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის ორგანო. ყოველკვირეული სამეცნიერო და პოლიტიკური ჟურნალი, გამოიცემოდა თბილისში. მასში თანამშრომლობდნენ: კ. ბაქრაძე, მ. გოგიბერიძე, მ.ხუნდაძე, მ. ჩაჩუა, ს. მიხელაძე, ბ. რამიშვილი და სხვ.

ჟურნალის მთავარი ტენდენციაა თანადროულ საქართველოში, ასევე, ამიერკავკასიასა და რუსეთში მიმდინარე პროცესების ანალიზი მარქსისტული თვალთახედვით; პუბლიკაციებში განხილულია რუსეთის ცარისტული იმპერიის ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, რუსეთის რევოლუციისა და მარქსიზმის იდეების გავლენა ხალხის მასებზე, მოვლენათა პოლიტიკურ-ეკონომიკური ანალიზი. ეროვნული პრობლემის მარქსისტული ხედვაა წარმოჩენილი მ. ხუნდაძის სტატიაში „ეროვნული პრობლემა და მარქსიზმი“, 1918 წლით თარიღდება ამავე ავტორის წერილები: „პოლიტიკური პერსპექტივები“, „ამიერკავკასიის სეიმი“, „ჩვენი სეიმი და ზავი“ და სხვ.

თანამედროვე კაპიალიზმის განვითარების თავისებურებები და ტენდენციებია განხილული გ. ნინოშვილის სტატიებში: „კოლონიალური პოლიტიკის დასაწყისი და სამი საფეხური კაპიტალიზმის განვითარებაში“, „თანამედროვე კაპიტალიზმის განვითარების ფორმები და სოციალიზმი“.

ცალკეული პუბლიკაციები შეეხება თებერვლის რევოლუციის შემდგომ განათლების თემას, სოციალური რევოლუციის მიმართებას სინამდვილესთან, მაგ., მ. ჩაჩუას „რევოლუცია და სწავლა-განათლების საქმე“, „მარქსიზმი და მუშათა მოძრაობა“ და სხვ.

კოოპერატიული მოძრაობის რეალობა და პერსპექტივებია განხილული ს. მიხელაძის წერილებში: „კოოპერაცია და ქართველი ს.-ფედერალისტები“, „სოც. დემოკრატია - „მტერი“ კოოპერაციისა“, „მარქსიზმი და კოოპერაცია“, „საწარმოო კოოპერატივთა ბედი“.

ჟურნალში იბეჭდება იდეოლოგიური ხასიათის ნაშრომები: კ. ბაქრაძის „მარქსიზმის ფილოსოფიიდან“, მ. გოგიბერიძის „პლეხანოვი და ორთოდოქსალური მარქსიზმი“. ბოლშევიზმისა და მარქსიზმის ურთიერთმიმართებას წარმოაჩენს: არ. მექანარიშვილის „სადღეისო კითხვები, აზრები და შენიშვნები“. „კიდევ ძველი და ახალი ბოლშევიზმის შესახებ“. მარქსიზმის თეორიული ანალიზია შემოთავაზებული ბ. რამიშვილის სტატიებში: „ისტორიული მატერიალიზმი და ფაქტორების თეორია“, „მარქსი და მარქსიზმი“. შ. დუდუჩავას მარქსიზმის ფილოსოფიიდან“ და სხვ.

გამოცემა აქვეყნებს პუბლიკაციებს ახალგაზრდა მარქსისტული ორგანიზაციის მუშაობის შესახებ. მაგ., „მოწოდება საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციებს!“ - გორში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, ასევე, საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა კონფერენციის დასრულების შემდეგ კარლ კაუცკისთან გაგზავნილი წერილის ტექსტს. საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წესდებას და სხვ.

ჟურნალში დაბეჭდილი ლიტერატურული მასალიდან აღსანიშნავია აკაკი წერეთლის გარდაცვალების სამი წლისთავისადმი მიძღვნილი არ. მექანარიშვილის კრიტიკული ეტიუდი „აკაკი“, ასევე, კ. კაუცკის ლექსი „ზეიმი“, გ. სასირელის, ვ. მირზაშვილის, ვ. რუხაძის და სხვათა ლექსები.

მარი წერეთელი



ლიტერატურა

  • ჟურ. „ახალი კვალი“, 1918-1921;
  • გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, თბ., 1947;

იხილე აგრეთვე

ქართული პერიოდიკა.1849 1945. ბიბლიოგრაფია


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები