არხი (წყალსატარი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არხი

არხი – გრუნტში (ხრილში, ყრილში) გაყვანილი ღია ან დახურული წყალსატარი, რომელშიც წყალი თვითდინებით მიედინება. მისი დანიშნულებაა წყლის მარშრუტის შემცირება და წყლის ნაკადის გადამისამართება. იგი შეიძლება იყოს: ენერგეტიკული (სადერივაციო), სარწყავი (საირიგაციო), სანაოსნო (სანავიგაციო), სადრენაჟო (გრუნტის წყლების მოსაშორებელი, ჭაობების ამოსაშრობი), სანიჩბავი (სპორტული), წყალმომარაგების, შემკრები, ხე-ტყის საცურებელი, თევზსაჭერი, კომპლექსური და სხვ. განივკვეთის რმას (ტრაპეციული, მართკუთხა, პოლიგონალური, ნახევარ წრიული, პარაბოლური) განსაზღვრავს დანიშნულება, გრუნტის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები, მიწის სამუშაოების შესრულების პირობები და სხვ. არხთან ერთად წყალსატარ ნაგებობას მიეკუთვნება ღარი, მილსადენი და ჰიდროტექნიკური გვირაბი.

სარჩევი

მისასვლელი არხი

არხი, რომელიც ნავსადგურებთან მცირე სიღრმის უბნის ან მდინარის შესართავის გასაღრმავებლად არის მოწყობილი. მისი დანიშნულებაა ცალკეული დასახლებული პუნქტის ან სამრეწველო საწარმოს ძირითად სანაოსნო გზასთან დაკავშირება.

სადერივაციო არხი

არხი, რომლითაც წყალი მდინარიდან, ტბიდან, წყალ-საცავიდან მიედინება ჰიდრავლიკურ ტურბინებში.

სადრენაჟო არხი

არხი, რომლითაც ზედმეტი წყალი გაჰყავთ დაჭაობებული ტერიტორიებიდან, სამშენებლო მოედნიდან, სპორტული ნაგებობების სათამაშო მოედნიდან (ფეხბურთი, რაგბი, გოლფი, ბეისბოლი, კრიკეტი, დასასვენებელი პარკი), მიწის ნაკვეთებიდან და სხვ. არსებობს ღია და დახურული.

საირიგაციო არხი

სპეციალური ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა ხელოვნური ტბიდან, წყალსა-ცავიდან, ბუნებრივი წყალსატევიდან წყლის მიწოდება სარწყავ ფართობზე. ასეთი სარეყავი სისტემები იგება გვალვიანი რეგიონების ან იმ რეგიონისათვის, რომელიც საგრძნობლადაა დაშორებული წყლის წყაროებს. არხის მშენებლობისას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ფერდოების მდგრადობასა და წარეცხვას (რომ არ მოხდეს მიწის ჩამოქცევა) და წყლის დანაკარგებს გრუნტის ფილტრაციული პროცესების გამო. ამ მიზნით გამოიყენება გეოსისტემები, გეომემბრანები, ბეტონი, ქვა, გაბიონები და სხვ.

სანავიგაციო არხი

არხი, რომლითაც წყლის ორ დიდ ტევადობას (ოკეანე, ზღვა, ტბა, მდინარე) შორის მყარდება სანაოსნო მიმოსვლა გემების მეშვეობით. მსოფლიოში ცნობილი ასეთი არხებია: სუეცის, პანამის, ვოლგა-დონის, ობიენისეის და სხვ.

შემაერთებელი არხი

არხი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ორი ზღვის აუზს ან ერთი ზღვის აუზის ორ ნაწილს, რომლებიც მცირე სიღრმის უბნით ან ხმელეთით არის ერთმანეთისგან გამოყოფილი.

შემოვლითი არხი

არხი, რომელიც ეწყობა შიგა წყლების გზებზე რაიმე წინაღობის (მაგ., მდინარის ან ტბის მცირე სიღრმის უბნები) გვერდის ასავლელად.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები