არიანელობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არიოზელობა ანუ არიანელობა - IV საუკუნის ქრისტოლოგიური და ტრინიტოლოგიური ერესი, რომლის სახელწოდებაც ალექსანდრიელი მღვდლის, არიოსის (†336) სახელიდან მომდინარეობს.

ისტორია

არიოზი 256 წელს ალექსანდრიაში დაიბადა. განისწავლა ანტიოქიის სასულიერო სკოლაში მღვდელმოწამე ლუკიანეს, სეპტუაგინტას ცნობილი რედაქტორის, ხელმძღვანელობით. ფიქრობენ, რომ მოძღვარმა ჩაუნერგა მას თესლი, რაც შემდეგ განხეთქილების ვაშლად აღმოცენდა.

ერთხელ, 318 წელს, ალექსანდრიის ეპისკოპოს ალექსანდრეს თავის მღვდლებთან კერძო საუბარში უთქვამს: „წმ. სამება სამობით ერთია“, ე.ი. სამების თითოეული წევრი თანაარსიაო. მსმენელთაგან თურმე არიოზი შეეპასუხა: „რადგან მამამ შვა ძე, შობილის, როგორც ასეთის, არსებობას აქვს დასაბამი. მაშასადამე, იყო დრო, როდესაც ძე არ იყო და იგი თავის არსებობას იწყებს არარსებობიდან“. ასე რომ, ძე ანუ სამების მეორე ჰიპოსტასი არის წარმონაშვი და ქმნილებაო. ატყდა კამათი, რაც მაშინ დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ ქარიშხალი მალე ამოვარდა: მღვდელი თავდაჯერებას მიეცა და გამვლელ-გამომვლელთ თავის აზრებს შთააგონებდა. სასულიერო და საერო პირებმა მოითხოვეს, რომ ეპისკოპოსს აელაგმა ეს თვითნებობა და „ტვინის ჭყლეტა“. მეუფემ საგანგებო სხდომა მოიწვია, იმსჯელა და გამოიტანა დასკვნა, რომ „ძე მამის თანადროული და თანაარსია“ და არიოზს ქადაგება აუკრძალა, მაგრამ მას უკვე შეეკრიბა თანამოაზრეთა დიდი გუნდი, მათ შორის რამდენიმე ეპისკოპოსი, რომლებიც ენთუზიაზმით ავრცელებდნენ წვალებას ეგვიპტესა და მის ფარგლებს გარეთაც კი.

ალექსანდრე ალექსანდრიელმა, რადგან გადარწმუნების ყველა მამა-შვილური საშუალება ამოწურა, უკიდურეს ზომას მიმართა და ურჩი მოძღვარი კათოლიკე ეკლესიისაგან განკვეთა ერეტიკოსობის ბრალდებით.

არიოზი გაშმაგდა. მან წერილობითი საჩივრით მიმართა ნიკომიდიის მღვდელმთავარ ევსევის - თანაკურსელს ანტიოქიის სასწავლებლიდან. უკანასკნელმაც შეიწყნარა მსჯავრდებული და ქადაგების უფლება მისცა. ალექსანდრიელმა ეპისკოპოსმა საგანგებო და ვრცელი ეპისტოლე დაუგზავნა თითქმის ყველა ქალაქის ეპისკოპოსებს, სადაც ამხილა და გააცამტვერა ახალი ერესი. ერესიარქმაც არ დააყოვნა: პასუხად დაწერა და გაავრცელა წიგნი სათაურით „თალია“, რაც ნიშნავს ლხინს, ნადიმს. იქ პოეტური ფორმით, ნახევრად ლექსად, ნახევრად პროზით, ლამაზად და მიმზიდველად, ჩამოაყალიბა თავისი მოძღვრება, რომლის მიმდევართა რიცხვი ივსებოდა და მრავლდებოდა.

ვითარება დაიძაბა. საქმე გაწევ-გამოწევამდე მივიდა. ცნობა იმპერატორსაც მიაწოდეს - კონსტანტინე დიდს. მან ნეიტრალური პოზიცია დაიჭირა და თანაბარი სიყვარულით მიმართა დაპირისპირებულ მხარეებს, შეეწყვიტათ „კინკლაობა“, „მათივე გულის სიღრმეში შეენახათ“ კერძო აზრები.

ხელმწიფის ავტორიტეტმაც ვერ გაჭრა. მაშინ მეფემ ისტორიაში არსმენილ საშუალებას მიმართა: ბრძანა ეკუმენური კრების მოწვევა („ოიკუმენედ“ იწოდებოდა ცივილიზებული მსოფლიოს ის ნაწილი, სადამდეც რომის კულტურულ-პოლიტიკური გავლენა ვრცელდებოდა). ორგანიზაცია დაიგეგმა: 325 წლის ივნისის მეორე ნახევრისათვის ქ. ნიკეაში მობრძანება სთხოვეს დედამიწის ყველა ეპისკოპოსს. ასეც მოხდა: შეიკრიბა 318 მღვდელმთავარი თანმხლები პირებითურთ - სასულიერო და საერო საყდრიონით, რომლის რიცხვს, ერთი წყაროს თანახმად, „სათვალავი არ ჰქონდა“. მათ შორის ყოფილა ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე. მგზავრობის, ბინისა და კვების ხარჯები კონსტანტინემ იკისრა.

აღნიშნული წლის 4 თუ 5 ივლისს ნიკეაში ჩაბრძანდა იმპერატორი და კრებაც მეორე დღესვე გაიხსნა. სხდომები ტარდებოდა სამეფო სასახლის დიდ დარბაზში. იქვე იყო არიოზი თავისი ფრაქციით (სხვადასხვა მონაცემის მიხედვით მის მხარეზე 10, 17 თუ 22 ეპისკოპოსი იდგა). ხელისუფალი ეპისკოპოსებს შორის იჯდა. მას მიესალმა ევსევი კესარიელი (მეორე მონაცემით - ევსტათი ანტიოქიელი). საპასუხო სიტყვა წარმოითქვა ლათინურად, რაც სინქრონულად ითარგმნებოდა ბერძნულად (ჩანაწერი შემონახულია). მეფემ, თუმცა ჯერ მონათლული არ იყო, ეპისკოპოსებს ძმები და თანამოსაგრენი უწოდა; აღნიშნა, რომ ვართ სამწუხარო ფაქტის მოწმენი: დევნილების ხანაში ქრისტიანთა შორის თანხმობა და ძმობა სუფევდა, დღეს კი ერთმანეთს ვჭამთო. მისი თქმით, სარწმუნოებრივი განხეთქილება სახელმწიფოს მთლიანობას არღვევს და ეს ამბავი უფრო სავალალოა, ვიდრე გარეშე ომებიო... დაიწყო ოფიციალური კამათი. სიტყვა დავიდარაბის მიზეზს - არიოზს - დაუთმეს. მან თავმოწონებით დაადასტურა ბრალდება, რასაც საზოგადო აღშფოთება მოჰყვა. გამოვიდნენ მისი მომხრეები. ევსევი ნიკომიდიელმა წაიკითხა არიანელთა მრწამსი ანუ რწმენის სიმბოლო, მაგრამ გრაგნილი, რაზეც წარმოდგენილი იყო ტექსტი, წამში ნაფლეთებად აქციეს. მაშინ ევსევი კესარიელმა, თავდაჭერილმა არიანელმა, კრებას მეორე ვარიანტი შესთავაზა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ძე ღმერთი არის „ყოველი ქმნილების უწინარეს შობილი“.

ასე რომ, არიანელებს შორის გამოიკვეთა ორი შტო: რადიკალები (ევსევი ნიკომიდიელი) და ზომიერები (ევსევი კესარიელი). მეფემ და სულიერმა მამებმა ორივე პოზიცია დაგმეს. ჭეშმარიტი ცოდნის ჩამოყალიბების გზაზე მთავარი სიტყვა ალექსანდრე ალექსანდრიელმა და ახალგაზრდა დიაკონმა ათანასემ თქვეს. უკანასკნელი შემდეგ აფრიკის ეკლესიათა მმართველი და ღვთისმეტყველების ბურჯთაგანი გახდა: ახოვნად აღუდგა წინ ერესს და მისივე ისრით (დიალექტიკით, ელინური ფილოსოფიით, მეცნიერული აკრიბიით ანუ სიზუსტით) განგმირა იგი; გააბათილა არიოზის ყველა არგუმენტი; სხვა მამების თანამონაწილეობით ჩამოაყალიბა რწმენის სიმბოლო და მოამზადა განჩინება, რომლის ძალითაც ანათემაზე გადაეცა ანუ ეკლესიისაგან განიდევნა ყველა, ვინც ფიქრობდა და ავრცელებდა ხმას - „იყო დრო, როცა ძე არ იყო“, რომ იესო „იშვა არარსებობიდან, შეიქმნა და შეიცვალაო“. ამის საპირისპიროდ ფორუმმა ჩამოაყალიბა დოგმატი, რომ ღვთის ძე არის თანაარსი და თანასწორი მამისა და სულიწმიდისა, - „მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა“, „შობილი და არა ქმნილი“. კრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ეს თვალსაზრისი შერაცხა ღვთის სიტყვად და წმიდა სულის სუნთქვად, რაც აისახა კიდეც იმპერატორის საბოლოო სიტყვასა და სიგელში.

მართალია, სამეუფო გზამ გაიმარჯვა, მაგრამ არც მწვალებლობამ დახარა თავი. არიანელები, რომელთა დიდი ნაწილი პროვინციებში გადაასახლეს, კვლავ გააქტიურდნენ. მალე სეფეკაცებიც მოინადირეს და კონსტანტინემ გული იბრუნა მათზე. მან, დის - კონსტანტიას - თხოვნის თანახმად, ექსორიობიდან დააბრუნა არიოზი; მისი ხარისხში აღდგენა ინება და, რადგან წმ. ათანასემ უარი უთხრა, ბრძანა, დედაქალაქის ეპისკოპოსს აღესრულებინა მისი წადილი, მაგრამ ერესიარქი 336 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა.

არიანელები უფრო აღბორგდნენ. მათ მხარეზე კონსტანტინე დიდის შვილი და მემკვიდრე აღმოჩნდა - კონსტანცი. მან ნამდვილი ომი გამოუცხადა მსოფლიო კრებას და მის მიმდევრებს. მრავალი ეპისკოპოსი განდევნა და დააპატიმრა. ალექსანდრიელი ათანასეს შეპყრობაც მოიწადინა, მაგრამ მორწმუნეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და მღვდელმთავარი გადამალეს. ამის შემდეგ მას იმპერატორი „მაწანწალას“ და „შფოთისთავს“ უწოდებდა და ეძებდა მსჯავრის დასადებად. წმ. ათანასეს რომის პაპი იცავდა და მფარველობდა.

კონსტანცის შემდეგ ატმოსფერო გაუარესდა. ივლიანე განდგომილისა და ვალენტიოსის ხანა ერესების აღზვავებით აღინიშნა. მომძლავრდნენ უკიდურესი არიანელები - ევნომიანელები და ევდოკიანელები. აგრეთვე - ნახევარ არიანელები, რომლებიც ასწავლიდნენ, რომ ძე მამის მსგავსია („ჰომოიუსიოს“), მაგრამ არა თანაარსი („ჰომოუსიოს“), როგორც დაადგინა მსოფლიო კრებამ. ბობოქრობდნენ მაკედონიანელები. ისინი უარყოფდნენ წმიდა სულის ღვთაებრივობას და, მაშასადამე, სამების დოგმატს. საეკლესიო პრაქტიკაც ქაოსს მოეცვა. ანტიოქიაში, მაგალითად, ორი ეპისკოპოსი მეუფებდა: ერთი - მწვალებელი, მეორე - მართლმადიდებელი, რომის საყდრისაგან დადგინებული.

ასეთ გარემოში გამეფდა თეოდოსი დიდი, რომელმაც სატახტო ქალაქში - კონსტანტინოპოლში - 381 წელს, გრიგოლ ღვთისმეტყველის (ნაზიანზელის) მღვდელმთავრობის ჟამს, მოიწვია კრება „მთელს იმპერიაში ნიკეის სწავლების დასამტკიცებლად ყველა ერესის წინააღმდეგ“. შემადგენლობით ეს თავყრილობა ადგილობრივი იყო (მონაწილეობდა 150 ეპისკოპოსი), მაგრამ საღვთისმეტყველო საკითხების „ღირსეულად და საყურადღებოდ“ გადაწყვეტის გამო მსოფლიო კრების ავტორიტეტი მოიხვეჭა, რაც მოგვიანებით დაადასტურა კიდეც რომის პაპმა. სხდომებს პირველად მელეტი ანტიოქიელი უძღვებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ -გრიგოლ ღვთისმეტყველი, ბოლოს კი - ნექტარიოსი. აქტიურობდა გრიგოლ ნოსელიც. ძირითადად განიხილეს ორი საკითხი: მრწამსი და ერესები. დაადასტურეს ანუ კვლავ „დაბეჭდეს“ და დააზუსტეს რწმენის სიმბოლო, რაც წინა კრებამ შეიმუშავა და რაც ეკლესიათა საერთო სარწმუნოების ჭეშმარიტ ბალავერად იქცა. არიოზის მოძღვრება კვლევ უშეღავათო და უცვალებელ ანათემას მიეცა.

მეცნიერებაში დამკვიდრებულია აზრი, რომ დასავლეთის ზოგიერთ ეკლესიაში სწორედ არიანელთა, უფრო ზუსტად - მაკედონიანელთა, საპირისპიროდ დაამატეს მრწამს „ფილიოკვე“ ანუ სამების მესამე წევრის ძისაგანაც გამოსვლის დოგმა, რაც რამდენიმე საუკუნის შემდეგ ბევრი უსიამოვნების საბაბად იქცა.

V-ს-ის I ნახევარში არიანელობა ისტორიას ჩაბარდა, თუმცა მისი გავლენა დიდხანს იგრძნობოდა ზოგიერთი ტომის სარწმუნოებაზე, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში იწამეს ქრისტეს რჯული. კერძოდ - გუთების, ვანდალებისა და ბურგუნდების ეკლესიებზე. საგრძნობია, გნოსტიციზმთან ერთად, მისი როლი იმ თანამედროვე მიმდინარეობაზე, რომლის წევრები თავიანთ თავს „იეჰოვას მოწმეებს“ ეძახიან.

ძველ ქართულ საღვთისმეტყველო-ლიტურგიკულ კრებულებში - მრავალთავებში - შემონახულია ქადაგება, რომელიც, ზედწერილის მიხედვით, ჩვენს განმანათლებელ მოციქულთასწორ ნინოს წარმოუთქვამს ქრისტეს ვენახში არიანელთა ბობოქრობის ჟამს ნათლისღების ანუ სამებობის დღესასწაულზე.

ესაა თეოლოგიურ-ტრიადოლოგიური ტრაქტატი, სადაც ვკითხულობთ:

ღმრთეება ერთ არს, ბუნება იგივე არს და ძლიერება დაუსრულებელ... ყოვლისა მპყრობელობა ერთარსებით აქვს, რამეთუ სრული ღმერთი არს მამა და სრული ღმერთი არს ძე და სრული ღმერთი არს ყოვლადწმიდა სული. ბუნება ერთი არის და იგივე ღმრთეება და არა განვკვეთო. ხოლო ერთარსება არს უკვდავი, გარნა თვის-თვისება განეყო: რამეთუ მამა მარადის მამა არსს და არა იცვალების ძედ გინა თუ სულად და სული მარადის სული არსს და არა იცვალების მამად გინა თუ ძედ, რამეთუ სული არა მშობელ არს და არცა შობილ, არამედ სული ღმრთისა პირისა არს და შთაბერვა ქრისტესი ითქმის და არს გამოდინება სამარადისო და დაუწყვედელი“.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები