ჰუდონი ჟან ანტუან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან ანტუან ჰუდონი. ჯორჯ ვაშინგტონი, 1788-1792; მარმარილო, სიმაღლე 1.9 მ. სახელმწიფო კაპიტოლიუმი, რიჩმონდი, ვირჯინია

ჟან ანტუან ჰუდონი – (Jean-Antoine Houdon, 1741-1828) ფრანგი მოქანდაკე. რომელიც Prix de Rome-ს მიღების შემდეგ 1764- 1768 წლებში იტალიაში სწავლობდა, კლასიკურ სტილს რეალიზმის ელფერი შესძინა. მან ეპოქის მთელი რიგი მნიშვნელოვანი პიროვნებების, მათ შორის, დიდროს, ვოლტერის, ჟან ჟაკ რუსოს, ეკატერინე დიდის, თომას ჯეფერსონის, ბენჯამინ ფრანკლინის, ლაფაიეტის (რევოლუციის გმირის) და ნაპოლეონის ქანდაკებები (ბიუსტები და ფიგურები მთელი ტანით) შექმნა.

გარდა ორიგინალების შექმნისა, ჰუდონის სტუდია სტაბილურად აწარმოებდა განმანათლებლობის ხანის მოაზროვნეთა მიერ ღირსებისა და პატრიოტიზმის მაგალითად აღიარებულ ადამიანთა სკულპტურების ასლებს. ბენჯამინ ფრანკლინის ბიუსტის შემდეგ ვირჯინიის შტატმა ჰუდონს ჯორჯ ვაშინგტონის ქანდაკება შეუკვეთა. ქანდაკება ჯეფერსონის მიერ დაპროექტებული ვირჯინიის შტატის კლასიცისტური სტილით ნაგებ სახელმწიფო კაპიტოლიუმში უნდა დაედგათ. 1785 წელს ვაშინგტონის ქანდაკებისათვის ესკიზისა და თაბაშირის ბიუსტის შესაქმნელად ჰუდონი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, ხოლო პარიზში მარმარილოს სრული ზომის ფიგურის შესასრულებლად დაბრუნდა. ისევე როგორც ბენჯამინ ვესთის გენერალი ვულფი, ვაშინგტონის ფიგურა კლასიკური მანერითაა შესრულებული, მაგრამ მას თანამედროვედ აცვია. ქანდაკება კეთილშობილების, ღირსების და სამოქალაქო პასუხისმგებლობის კლასიკურ იდეალებს გამოხატავს. ვაშინგტონს ამერიკის დამოუკიდებლობისათვის წარმოებული ომის, ე.წ. რევოლუციური ომის (1775-1783) პერიოდის გენერლის უნიფორმა აცვია; პარალელურად ქანდაკებაში ძველი რომის ძალაუფლების სიმბოლოებია ჩართული. მაგ., როგორიცაა რომაული ფასციები - წითელი ლენტებით შეკრული თელას ან არყის ხის წნელების კონა, რომელსაც ერთ მხარეს ცულის პირი ჰქონდა მიმაგრებული. ფასციები ძველ რომში უმაღლეს მაგისტრატთა და ლიქტორთა ინსიგნია იყო და მისი ფლობა დამნაშავის დასჯის ან შეწყალების უფლებას აღნიშნავდა, მოგვიანებით კი სახელმწიფოს ერთიანობის და სახელმწიფოებრიობის დაცვის სიმბოლოს განასახიერებდა. სწორედ ამერიკაში, ინგლისის ცამეტი კოლონიის ნიშნად, ცამეტი ძელისგან კონად შეკრულ ფასციებზე უდევს მარცხენა ხელი გენერალს, მარჯვენათი კი ნაჯახისპირიან კვერთხს ეყრდნობა. აქვე, ფასციებზეა მიმაგრებული ხმალი და "მშვიდობის გუთანი". მნიშვნელოვანია, რომ ჰუდონის ვაშინგტონი ხმალს არ ეხება.



წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები