ჰორები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰორები(ბერძნ.) ქალღმერთები, რომლებიც წარმართავდნენ წლის დროთა ცვლას, იცავდნენ წესრიგს სამყაროში. მითოსის გავრცელებული ვერსიის თანახმად, ისინი ზევსისა და თემისის ასულები იყვნენ, ხოლო მათ დებად ასახელებდნენ მოირებსა და ქარიტებს.

ჰომეროსი, რომელიც არ გვამცნობს ჰორათა სახელებს, აღნიშნავდა, რომ ისინი ოლიმპოსის ღრუბლებით დაბურულ კარიბჭეს დარაჯობდნენ, უვლიდნენ ჰერას ეტლსა და მის ცხენებს.

საბერძნეთში, თავდაპირველად, წელიწადის ორ, შემდეგ სამსა და სულ ბოლოს, ოთხ დროს ითვლიდნენ. შესაბამისად იზრდებოდა ჰორათა რაოდენობაც. ასე მაგალითად, არქაულ ათენში უძველესი ხანებიდან მოყოლებული, ორ ჰორას მიაგებდნენ პატივს. ესენი იყვნენ: გაზაფხულის ჰორა თალო (აყვავებული) და ზაფხულის ჰორა კარპო (მრავალნაყოფიანი). ისინი აფროდიტეს თანამავლებად ითვლებოდნენ, ვითარცა ნაყოფიერების ქალღმერთები. ჰესიოდესამ ჰორას მოიხსენიებს: ევნომიას (კეთილკანონიერებას), დიკეს (სამართლიანობას) და ეირენეს (მშვიდობას). გვიანი ხანის მითოგრაფოსები კი უკვე ოთხ ჰორას ასახელებენ. სხვადასხვა ავტორი სხვადასხვაგვარად წარმოადგენს ამ ოთხეულს. გავრცელებული ვერსიით, ჰორათა ამ სახელებს კიდევ ერთი ემატება – აუქსო (ზრდა).

რომში განსაკუთრებით სცემდნენ თაყვანს ერთ ჰორას – ეირენეს, რომელსაც პაქსთან აიგივებდნენ.

ჰორებს უხვი ნაყოფით ან ყვავილებით დამშვენებულ ქალწულებად წარმოსახავდნენ.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები