ჰესპერიდების ოქროს ვაშლები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰესპერიდების ოქროს ვაშლები - როდესაც ჰერაკლე თავისი მეთერთმეტე დავალების აღსასრულებლად გაემართა (მას ჰესპერიდების ბაღიდან ოქროს ვაშლები უნდა წამოეღო), გრძნეულმა ნერევსმა ურჩია, თავად კი არ მოეპარა ეს ხილი, არამედ ამის გაკეთება ატლასისათვის ეთხოვა მძიმე ტვირთისაგან, ცის თაღისაგან, მცირე ხნით განთავისუფლების სანაცვლოდ. როგორც კი ჰერაკლემ ჰესპერიდების ბაღს მიაღწია, დაინახა ბუმბერაზი ატლასი. გმირი მიუახლოვდა მას და სთხოვა, მოეტანა ჰესპერიდების ბაღიდან სამი ოქროს ვაშლი. რას არ გააკეთებდა ატლასი, ოღონდ მცირე ხნით მაინც მოეპოვებინა თავისუფლება. როდესაც გაიგო, რომ ჰერაკლე თანახმა იყო, დაეჭირა უმძიმესი ზეცა ღმერთებით, უმალ დათანხმდა, ოღონდ ბაღის მარად ფხიზელი დარაჯის, დრაკონისა ეშინოდა. ჰერაკლემ დრაკონი ლადონი განგმირა და თავის განიერ მხრებზე შეიდგა ზეცა. გახარებული გაემართა ატლასი ბაღისაკენ და სამი ვაშლით, რომელიც მისმა ქალიშვილებმა მოუწყვიტეს, დაბრუნდა უკან. თავისუფლება მას ისე სურდა, რომ ჰერაკლეს ასეთი რამ შესთავაზა: „თუ რამდენიმე თვე ჩემს მაგივრად დაიჭერ ზეცას, თავად წავუღებ ვაშლებს ევრისთევსს“. ჰერაკლემ თავი ისე მოაჩვენა გოლიათს, თითქოს თანახმა იყო: „კარგი, წაიღე – ასე მიუგო – ოღონდ ჯერ დამეხმარე, ბალიშები დავიდო მხრებზე, რომ ზეცის თაღის დაჭერა შევძლო ხანგრძლივი დროით“. მოტყუვდა გულუბრყვილო გოლიათი. ვაშლები მიწაზე დადო და კვლავ თავის ადგილზე დადგა – ცის სიმძიმეს შეეყუდა სამარადისოდ.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები