ჰეკაბე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰეკაბე(ბერძნ.) ფრიგიის მეფე დიმასის ასული. მეფე პრიამოსის მეუღლე. მრავალი შვილის დედა, რომელთაგან შედარებით ცნობილია ჰექტორი, პარისი, ჰელენოსი, პოლიქსენე, კასანდრა, ტროილოსი და სხვა. რომაულ სამყაროში ჰეკაბეს უწოდეს ჰეკუბე.

როდესაც ტროა დაეცა, ნადავლის გაყოფის დროს ჰეკაბე წილად ხვდა ოდისევსს, რომელმაც იგი თრაკიის ხერსონესში წაიყვანა. მითის ერთი ვერსიის მიხედვით, იქ ჰეკაბე ბერძენთა შესახებ საშინელ ამბებს ყვებოდა, მათ ბარბაროსობასა და მკრეხელობაში ადანაშაულებდა. ამის გამო ხალხმა შეიძულა იგი და სიცოცხლეს გამოასალმა. მისი აჩრდილი კი შავ ძუკნად გარდაისახა და ქალღმერთ ჰეკატეს დასს შეერია.

მითის სხვა ვერსიის თანახმად, საბერძნეთისაკენ მიმავალ გზაზე, თრაკიის სანაპიროსთან ჰეკაბე წააწყდა თავისი შვილის, პოლიდოროსის გვამს. მის სიძეს, თრაკიის მეფე პოლიმესტორს მოეკლა იგი, რათა იმ ოქროს დაპატრონებოდა, პრიამოსს რომ გამოეგზავნა თავისი ვაჟის აღზრდა-განათლების საზღაურად. ეს რომ ჰეკაბემ გაიგო, მოკლა მეფისწულები, ხოლო პოლიმესტორს თვალები დასთხარა. თრაკიელებმა დააპირეს ტროას დედოფლის ქვებით ჩაქოლვა, მაგრამ ღმერთებმა გონება დაბინდული ქალი ძუკნა ძაღლად გარდასახეს.

საბედისწერო ომში შვილისა და მეუღლის დამკარგავი ჰეკაბეს სახე მრავალ ქმნილებაში აისახა. მათ შორის: ევრიპიდეს „ტროელ ქალებში“. შექსპირის „ჰამლეტში“ მოხეტიალე მსახიობები კითხულობენ ლექსებს უბედურ ჰეკაბეზე.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები