ჯიქთუბანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯიქთუბანი – სოფელი საქართველოში, იმერეთში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში (ეწერის თემი). იგი გაშენებულია იმერეთის დაბლობზე მდინარე ცხენისწყლის მარცხენა მხარეზე; ზღვის დონიდან 35 მ.

შუა საუკუნეებში (XI-XI ს.ს.) ჯიქთუბანში დასავლეთ საქართველოს კათალიკოსთა ერთ-ერთი საზაფხულო სასახლე ყოფილა აგებული. აქვე იდგა მთავარანგელოზის სახელობის მონასტერი (XV ს. I ნახევარი), დღევანდელი წმ. ელიას ტერიტორიაზე. ეს შესანიშნავი, ქვით ნაგები ეკლესია, ისევე როგორც მრავალი სხვა ძველი საკულტო ნაგებობა, პირწმინდად დაინგრა და აღიგავა პირისაგან მიწისა ჩვენი საუკუნის 20-30-იან წლებში, მასობრივად გაშლილი ანტირელიგიური კომპანიის დროს.

ქართულ საისტორიო წყაროებში სოფელი ჯიქთუბანი გვიან ჩნდება. პირველი ცნობები მის შესახებ XVII საუკუნის 20-იან წლებს განეკუთვნება. „აფხაზეთის საკათალიკოზო გამოსავალის მოსაკრებლობის დავთარში“, რომელიც 1621 წელს არის შედგენილი, აღნიშნულია, რომ ჯიქთუბანის სასახლის ყმების (ჩამოთვლილია: მამაგულა კოპალეისშვილი, ივანია კოპალეისშვილი, ნასყიდა ქვარქვალიძე; სოფ. ჭანგას მცხოვრები მამაცა და მამისთვალა რუხვაძეები, გოგიჩა და სჟმონა რუხვაძეები..) გამოსაღების ჯუმალი (-ჯამი) შეადგენდა 80 კოკა ღვინოს, 8 ურემ ღომს, 14 საკლავს, 80 კოკა კიდევ სხვა ღვინოს. „სულა ყველა ღვინო ას სამოცი არის“. ამ დოკუმენტის მიხედვით ისიც ირკვევა, რომ სოფელი ჯიქთუბანი (ჯიქთობანი) ერთი კონკრეტული სოფლის სახელი კი არ ყოფილა, არამედ, როგორც საეკლესიო ცენტრი, შეიცავდა რამდენიმე ახლომდებარე უბან-სოფელს, როგორიც იყო იგივე ჭაგანი (ძეგლის მიხედვით ჭანგა!) ქოცნათი, თლია და სხვ.

ტოპონიმი ჯიქთუბანი ანთროპონიმული (გვაროვნული) წარმოშობის ერთეული ჩანს. თვით მსაზღვრელი სიტყვის, ეთნონიმ ჯიქ-ის, თ– ანიან მრავლობითში დასმა, რაც საკმაოდ ნიშანდობლივი მოვლენაა დასავლეთ საქართველოს, კერძოდ, იმერეთის ანთროპონიმულ ტოპონიმიაში (შდრ. გოლათუბანი, გუდათუბანი, ბეჟათუბანი, მაქათუბანი და მისთ.). ცხადად მიგვანიშნებს იმ ფაქტზე, რომ ტოპონიმს საფუძვლად დასდებია სხვადასხვა კუთხე-უბანთა კრებითობა და ამ უბნებში მცხოვრებ ხალხთა ერთობლიობა. ჯიქთ-უბანი||ჯიქების უბანი. უთუოდ ინტერესს აღძრავს იმის გარკვევა, ვინ იყვნენ სოფლის პირველი დამფუძნებლები – ჯიქების (ზიხების) კავკასიურ ტომის წარმომადგენლები თუ ამ ეთნონიმის მიხედვით გაფორმებული მეგრული გვარის ჯიქიების პირველი მეკომურები? ჩვენ უფრო სარწმუნოდ ეს უკანასკნელი მიგვაჩნია.

შეიძლება დავასკვნათ: ჯიქთუბანი ანთროპონიმული წარმოშობის ტოპონიმია; იგი უნდა გავიაზროთ როგორც „ჯიქიების სოფელი“, „ჯიქიების საცხოვრებელი ადგილი“. ეს კი თავისთავად გამოგვარიცხვინებს მის სატომო სახელ ჯიქი-საგან (| ზიხი) მომდინარეობის შესაძლებლობას.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები