ჯერი ძუარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯერი ძუარ-ი (ოს. Джеры дзуар) – სულით ავადმყოფთა მკურნალი ღვთაება, რომლის სალოცავს ჯავის რაიონის სოფ. გერთან ახლოს (აქედან მომდინარეობს ღვთაებისა და მისი სალოცავის სახელწოდება) ქრისტიანული ეკლესიის ნანგრევები წარმოადგენს. ჯერი ძუარს ოსებთან ერთად თაყვანს სცემდა ადგილობრივი ქართული მოსახლეობა (ეს უკანასკნელი მას „გერიჯვარს“ – გერის ეკლესიას უწოდებდა). იმდენად ძლიერი იყო გერიჯვრის (ჯერი ძუარის) მიმართ რწმენა, რომ აქ სალოცავად საქართველოს შორეული პროვინციებიდანაც მოდიოდნენ. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ იგი ქართული წარმომავლობისაა, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის ბარისა და ნაწილობრივ მთიანი ზოლის (განსაკუთრებით კუდარის ხეობის) სალოცავები. გ. ჩურსინმა, რომელმაც ჯერი ძუარის (გერიჯვრის) სალოცავი 1924 წ. მოინახულა, იქ დაცულ მრავალ საგანთა შორის ნახა რკინის ორი პატარა ფეხი და რკინისავე ხელი, რომლებიც მლოცველთა მიერ დაავადებული ხელ-ფეხის განკურნების მიზნით ყოფილა შეწირული. როგორც ჩანს, ჯერი ძუარი არამარტო სულიერ, არამედ სხვა დაავადებათა მკურნალიც იყო. აღნიშნულ სალოცავში მლოცველთა ნაკადი მაისიდან ზამთრის დადგომამდე არ წყდებოდა. სამსხვერპლოდ მოჰყავდათ თეთრი ფერის ცხვარი, რომელსაც იქვე კლავდნენ (ნახევარს თავად ჭამდნენ, ნახევარს იქ მყოფთ ურიგებდნენ). მსხვერპლშეწირვამდე ფრიად საინტერესო რიტუალი სრულდებოდა: სულით ავადმყოფს თოკით შეკრავდნენ, სალოცავთან მდებარე უფსრკულში ჩაკიდებდნენ და ავადმყოფს იმ ბოროტი სულის დასახელებას მოსთხოვდნენ, რომელიც მასში იყო ჩასახლებული, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრსკულში ჩაგდებით დაემუქრებოდნენ. ავადმყოფის მიერ დასახელებული ავსულის სახელს ქაღალდზე დაწერდნენ და დაწვავდნენ, რის შემდეგაც, მლოცველთა რწმენით, ავადმყოფი აუცილებლად უნდა გამოჯანმრთელებულიყო.

ჯერი ძუარის (გერიჯვარის) დღეობას ოსები და ქართველები წელიწადში ორჯერ, აგვისტოს ბოლოს და გიორგობის ნოემბრის დღესასწაულზე, ზეიმობდნენ. დღეობაზე, რომელიც ზოგჯერ რამდენიმე კვირა გრძელდებოდა, ჯერი ძუარს (გერიჯვარს) ხარებსა და ცხვრებს სწირავდნენ და ავადმყოფის გამოჯანმრთელებას შესთხოვდნენ. რამდენადაც ჯერი ძუარში (გერიჯვარში) სალოცავად სიარული მაისის თვის დადგომიდან იწყებოდა, რაც ძველი სტილით გიორგობის გაზაფხულის დღესასწაულზე მოდიოდა, და წმ. გიორგის სახელობის ნოემბრის დღესასწაულით მთავრდებოდა (ამავე პერიოდში იყო ჯერი ძუარის ანუ გორიჯვრის დღეობაც), საეჭვო არ უნდა იყოს, რომ სოფ. გერის ეკლესია წმ. გიორგის სახელობის უნდა ყოფილიყო. ეს გარემოება მოგვიანებით დავიწყებული იქნა და ღვთაებისა და სალოცავის სახელად ადგილის (სოფ. გერის) სახელწოდება გაფორმდა, რაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო ოსურ და ქართულ სინამდვილეში. აქვე უნდა ითქვას, რომ წმ. გიორგის, როგორც მკურნალის კულტი, საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული.


ლიტერატურა

  • Чурсин Г. Ф. Осетины. Этнографический очерк. Тф., 1925;
  • Чибиров Л. А. Народный земледельческий календарь осетин. Цхинвали, 1976;
  • Уарзиати В. С., Чибиров Л. А. Календарная и праздничная обрядность // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები