ჯავრიშვილი დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით ჯავრიშვილი

დავით ჯავრიშვილი – (დ. 17 იანვარი, 1894, სოფ. ერთაწმინდა, კასპის რაიონი — გ. 21 ნოემბერი, 1971, თბილისი) — ქართველი ქორეოგრაფი, სპორტსმენი, პედაგოგი, ქართული მხატვრული ტანვარჯიშის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ბალეტმეისტერი.

ბიოგრაფია

დაიბადა 1894 წელს კასპის რაიონის სოფელ ერთაწმინდაში. 1914 წელს დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია და იმავე წელს შევიდა თბილისის სამხედრო სასწავლებელში. სასწავლებლის დამთავრებისთანავე გააგზავნეს თურქეთის ფრონტზე. 1917 წელს დავით ჯავრიშვილი, მეგობარ გაიოზ ბერელაშვილთან ერთად, გაწევრიანდა საქართველოს სამხედრო კავშირში და ორივეს დაჟინებული თხოვნით სამხედრო კავშირმა დააარსა სპორტსაზოგადოება „ამირანი“, რომლის ვარჯიშთავი გაიოზ ბერელაშვილი იყო, მოადგილე — დავით ჯავრიშვილი. სხვადასხვა მიზეზის გამო ეს საზოგადოება მალევე დაიშალა და მის ნაცვლად დაარსდა სპორტსაზოგადოება „შევარდენი“ — გიორგი ნიკოლაძის, გიორგი ეგნატაშვილის, გაიოზ ბერელაშვილის, დავით ჯავრიშვილისა და სხვათა მოთავეობით. 1919 წლიდან დავით ჯავრიშვილი მუშაობს ქუთაისის ვაჟთა პირველ და წმიდა ნინოს სახელობის გიმნაზიებში.

1921 წელს გადადის ბათუმში და წლების განმავლობაში ეწევა უაღრესად საინტერესო და მრავალფეროვან სპორტულ საქმიანობას. 1928 წელს შალვა თაქთაქიშვილის მუსიკისა და თავისივე ლიბრეტოს მიხედვით დადგა ანტიკური ხასიათის მხატვრულ-ტანვარჯიშული სპექტაკლი „ელადაში“. ეს იყო გრანდიოზული სპექტაკლი 90-მდე მონაწილით. სწორედ ამ პერიოდში დაებადა აზრი სპორტის ამ სახეობაში შეეტანა ქართული ხალხური ცეკვის ელემენტები და თავისუფალი ვარჯიში შესრულებულიყო მუსიკის აკოპანემენტით. საბალეტო ილეთები მან ბალეტმაისტერ ვაკარეცთან შეისწავლა, შემდეგ კი ხელი მოჰკიდა ხალხური ცეკვების შეგროვება-შესწავლას. ქართული ხალხური ცეკვის საკითხებში ცოდნას ივანე ჯავახიშვილთან იღრმავებდა. ექსპედიციებით მოიარა ჯერ მთიანი აჭარა, შემდეგ — სვანეთი (1934 წელს). ექსპედიციებში სწავლობდა საცეკვაო ილეთებსა და მოძრაობებს, იწერდა მოცეკვავეთა კომენტარებსა და განმარტებებს, ფერხულთა ტექსტებს. კინოფირზე აღბეჭდა უამრავი მასალა. ორ პროფესიას შორის ქორეოგრაფიის სასარგებლოდ საბოლოო არჩევანი სწორედ მაშინ გააკეთა და ცეკვა გახდა მისი ცხოვრებისა და შემოქმედების განუყოფელი ნაწილი.

დავით ჯავრიშვილის თაოსნობით 1928 წელს ბათუმში დაარსდა ქორეოგრაფიული ექსპერიმენტული სტუდია, რომელსაც იმავე წელს შეუერთდა აჭარის მომღერალთა გუნდი და მათ ბაზაზე შეიქმნა აჭარის სიმღერისა და ცეკვის პირველი ანსამბლი. იმ დროს სიმღერისა და ცეკვის შერწყმა ახალი სიტყვა იყო, რასაც შესანიშნავად გაართვეს თავი დავით ჯავრიშვილმა და ლოტბარმა მიხეილ კუხიანიძემ. ამ ანსამბლმა 1936 წელს საქართველოს რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე პირველი ადგილი აიღო და უფლება მიეცა კონცერტები გაემართა საბჭოთა კავშირის ქალაქებში.

დავით ჯავრიშვილი 1935 წელს ლონდონის საერთაშორისო ფესტივალზე ქართველ მოცეკვავეთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ეს იყო პირველი გასვლა საზღვარგარეთ. გამოცდილ ქორეოგრაფს მიანდეს 1951 წლის ბერლინის საერთაშორისო და 1955 წლის ვარშავის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა V მსოფლიო ფესტივალებზე ქართველ მოცეკვავეთა ხელმძღვანელობა. საქართველოში არც ერთი ფესტივალი, ოლიმპიადა თუ სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება არ ჩატარებულა, რომლებშიც ჯავრიშვილს თავისი წვლილი არ შეეტანოს. ოლიმპიადების უკეთ ჩატარებისათვის მან საინსტრუქციო მეთოდური წერილებიც კი დაწერა (მათ დღესაც არ დაუკარგავთ აქტუალობა და სათანადო კუპირებით შეტანილია ამ გამოცემაში — რედ.). 1937 წელს მოსკოვში ქართული კულტურისა და ხელოვნების დეკადის წარმატებით ჩატარების შემდეგ, მოსკოვის განსახკომის განკარგულებით, მიმდინარე სეზონში ქართული ოპერები შევიდა საბჭოთა კავშირის ყველა თეატრის რეპერტუარში, დავით ჯავრიშვილი კი „საპატიო ნიშნის“ ორდენით დაჯილდოვდა. დავით ჯავრიშვილი პირველი ქორეოგრაფია, რომელმაც მოსკოვის, პეტერბურგის, ხარკოვისა და ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრებში დადგმულ ქართულ ოპერებში დადგა ქართული ცეკვები. 1937 წელს მიიწვიეს მოსკოვის დიდ თეატრში ოპერა „აბესალომ და ეთერში“ ცეკვების დასადგმელად, 1945 წელს — ამ ცეკვების აღსადგენად. დავით ჯავრიშვილმა ცეკვები დადგა: ხარკოვის ოპერისა და ბალეტის თეატრში („დემონი“ — 1937); ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრში („დაისი“ — 1941); საბჭოთა კავშირის ცეკვის ანსამბლში (1954). 1952-53 წლებში ქართული ხალხური ცეკვების შესახებ ატარებდა სემინარებს მოსკოვისა და ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებლებში.

ქართულ ქორეოგრაფიაში ხანგრძლივმა მუშაობამ დავით ჯავრიშვილი დაარწმუნა, რომ ქართული ხალხური ქორეოგრაფია მდიდარ მასალას იძლევა ეროვნული საბალეტო ხელოვნების შექმნისა და განვითარებისათვის. 1933-1953 წლებში, 20 წელი ოპერისა და ბალეტის თეატრში ბალეტმაისტერად მუშაობისას, დავით ჯავრიშვილმა დადგა ცეკვები ოპერებისათვის: „აბესალომ და ეთერი“, „ქეთო და კოტე“, „დარეჯან ცბიერი“, „სამშობლო“, „პატარა კახი“, „დედა და შვილი“, „კაკო ყაჩაღი“, „ლაშქარა“, „ლადო კეცხოველი“, „ბაში აჩუკი“, „ღალატი“, „დემონი“, „ხევისბერი გოჩა“, „მზია“, „ბახტრიონი“, „იავნანამ რა ჰქმნა?!“ 1938 წელს ვ. ლიტვინენკოსთან ერთად დადგა შალვა თაქთაქიშვილის „მალთაყვა“ — პირველი ქართული ბალეტი თანამედროვეობის თემაზე.

პროფესიულ მოცეკვავეთა კადრების შესაქმნელად, დავით ჯავრიშვილმა 1934 წელს თბილისში გახსნა უფასო ქორეოგრაფიული სტუდია, რომელსაც მალე მარია პერინის კერძო სტუდია შეუერთდა. 1935 წელს ეს სტუდია სახელმწიფო სასწავლებლად გადაკეთდა და 1952 წლამდე მისი დირექტორი დავით ჯავრიშვილი იყო, შემდეგ კი იგი ვახტანგ ჭაბუკიანმა შეცვალა. 1957 წელს სასწავლებელს ქორეოგრაფიული საბალეტო სტატუსი მიენიჭა და დღემდე ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობისაა. 1936 წელს ქორეოგრაფიული სტუდიის ძალებით დავით ჯავრიშვილმა დადგა პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტი „მაკნატუნა“ და სამუშაოდ მიიწვია ევგენი მიქელაძე და სოლიკო ვირსალაძე. 1936-37 წლებში ხელმძღვანელობდა დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფიულ ნაწილს. 1944-56 წლებში კი შეთავსებით მუშაობდა შოთა რუსთაველი სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში სასცენო მოძრაობის კათედრის გამგედ, პროფესორად.

დავით ჯავრიშვილს მრავალფეროვან შემოქმედებით ცხოვრებაში გულისწყვეტაც არ დაჰკლებია. ქორეოგრაფიულ სტუდიაში 15-წლიანი ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ ხელოვნების სამმართველომ აღმოაჩინა „ნაკლოვანებები“: დავით ჯავრიშვილი საკუთარი განცხადების საფუძველზე დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან და მის მაგივრად დანიშნეს ვახტანგ ჭაბუკიანი. ოპერისა და ბალეტის თეატრშიც 20-წლიანი მუშაობის შემდეგ კვლავ საკუთარი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს ბალეტმაისტერის თანამდებობიდან. ამას მოჰყვა ჯანმრთელობის გაუარესებაც. მიუხედავად ამისა, დიდ ხელოვანს ფარ-ხმალი არ დაუყრია და 1952 წლიდან მთელი თავისი ნიჭითა და ენერგიით ჩაერთო თბილისის მხატვრული თვითმოქმედების კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლის შემოქმედებით საქმიანობაში. იგი ამ სასწავლებლის ქორეოგრაფიული განყოფილების დამაარსებელი, ორგანიზატორი და სიცოცხლის ბოლომდე ამ განყოფილების ხელმძღვანელი იყო.

70 წლის საიუბილეოდ დიდ მამულიშვილ ჰაიდარ აბაშიძეს თავისი წიგნი უსახსოვრებია მრავლისმთქმელი მიძღვნით: ღვაწლმოსილ დავით ჯავრიშვილს! ჩემო დავით! თქვენ ნამდვილად ჩვენი ქართველი ერის სასიქადულო შვილი ხართ. თქვენ თქვენი ოქროს ხანა აჭარის ახალგაზრდობის აღზრდას მოახმარეთ. თქვენ ქართული ქორეოგრაფიის მამას გიწოდებენ, სპორტის კი, — ჯადოქარს.

მიიღეთ საჩუქრად ჩემი პატარა მოკრძალებული საქმიანობის ამსახველი წერილები. გკოცნი, გეხვევი თქვენი პატ. ჰაიდარ აბაშიძე.

დავით ჯავრიშვილმა ღირსეულად მოიხადა ვალი ქართველი ერის წინაშე და ქართულ ქორეოგრაფიაში ლოდითავკიდური დადო. დიდი მკვლევარი და მამულიშვილი გარდაიცვალა 1971 წლის 21 ნოემბერს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


წყარო

ქართული ხალხური ცეკვა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები