ხორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრთოსანი ხორი ამარცხებს სეთს

ხორი(ეგვიპტ.) ოსირისის ძე, მისი შურისმგებელი. ისისს ხორი სასწაულებრივ ჩაესახა მკვდარი მამისგან, დაიბადა ნილოსის ჭაობებში და ყველასაგან ფარულად იზრდებოდა. როცა სრულწლოვანი გახდა, მან მამის შური იძია სეთისზე, ოსირისის მკვლელზე, მოკლა იგი და ეგვიპტის მეფობა, რომელიც სეთს ოსირისისგან ჰქონდა მიტაცებული, დაიბრუნა.

ხორი თავის თავს „შევარდენს“ უწოდებს: „მე – ხორი შევარდენი ვარ საიდუმლო სახელი სახლის კედლებზე! მე გავფრინდი ჰორიზონტამდე!... შორს არის ჩემი ადგილი სეთისაგან, ჩემი მამის ოსირისის მტრისაგან... მე ცამდე ვიწევ ჩემი ფრენისას! არ არის ღმერთი მქმნელი იმისა, რასაც მე ვქმნი! მე მოვიგერიებ ჩემი მამის ოსირისის მტერს და ჩემს ფეხთა ქვეშ მოვაქცევ! მე ვარ ხორი, ისისის ნაშობი!... მე ხორი ვარ, შორსა ვარ ადამიანთაგან და ღმერთთაგან! მე ხორი ვარ, ძე ისისისა!“

სხვა გადმოცემით, სეთმა და ხორმა დავის გადასაწყვეტად ღმერთების საკრებულის მიმართეს. კითხვა ასე დაისვა: ვის ეკუთვნის ოსირისის ადგილი და ღირსება? ჯერ სეთი ალაპარაკეს, სეთმა თქვა: როცა არის უფროსი ძმა, უმცროსს რატომ უნდა ეკუთვნოდეს მეფობა? უფროსში თავის თავს გულისხმობდა, უმცროსში – ხორს. ახლა ხორს მისცეს სიტყვა და მოახსენა ხორმა: ნუთუ მეფობა ძმას უნდა მიეცეს დედის მხრიდან, როცა ღვიძლი შვილი ცოცხალია? ნუთუ ოსირისის ღირსება სეთს მიეცემა, როცა მისი ძე ხორი ცოცხალია? ღმერთებმა ვერ გადაწყვიტეს დავა, ვერ გააჩინეს სამართალი. ერთნი სეთს ემხრობოდნენ, მეორენი – ხორს. მაშინ ისისი მშვენიერი ქალწულის სახით გამოეცხადა სეთს. სეთმა ვინაობა ჰკითხა. ისისმა ეს უამბო: „მე მწყემსის ქვრივი ვარ. ჩემმა შვილმა ჩაიბარა მამის ნახირი და ისიც მწყემსი გახდა. ამ დროს მოვიდა უცხოელი და ჩემს შვილს დაემუქრა, რომ ნახირს წაართმევს და გააგდებს აქედან. დაიცავი ჩემი შვილი უცხოელისგან“. სეთი განრისხდა და უთხრა: „ნუთუ ნახირი უცხოელს მიეცემა, როცა პატრონის ვაჟი ცოცხალია?“ ეს რომ ათქმევინა სეთს, ისისი ძერად გადაიქცა, ხის წვერზე მოექცა და იქიდან ჩამოსძახა: „ახლა იხტუნე, შენმავე ბაგემ გამოგიტანა განაჩენი“. ღმერთებს მოეწონათ ისისის ოინი და ოსირისის ღირსება ხორს გადაულოცეს.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები