ხის ხიდი
ხის ხიდი – ხიდი, რომლის მალის ნაშენი შესრულებულია მერქნისაგან. მისი ძირითადი სისტემებია: კოჭური, კოჭურ-დოინჯიანი, კოჭური გისოსებიანი წამწეებით, თაღოვანი და კომბინირებული.
ხის ხიდი ფართოდ გამოიყენება დროებითი ნაგებობებისათვის ძველი ხიდის რემონტის ან ახალი ხიდის მშენებლობისას დამხმარე გადასასვლელის მოსაწყობად. მუდმივი ხის ხიდი შენდება მცირე მალების შემთხვევაში საავტომობილო გზებზე, ქალაქებში და დასახლებულ პუნქტებში, თუმცა, მას შემდეგ, რაც პრაქტიკაში შემოვიდა მოდიფიცირებული და ნანოტექნოლოგიებით დამზადებული მერქანი, დასავლეთში დაიწყეს დიდმალიანი თაღოვანი ხის ხიდების მშენებლობა. ხის ხიდის ღირებულება გაცილებით ნაკლებია სხვა მასალებისაგან დამზადებულ ხიდებთან შედარებით, მაგრამ ძვირია ექსპლუატაციაში, ხანგამძლეობაც ნაკლები აქვს, ამიტომ მათი გამოყენება საგზაო მშენებლობაში შეზღუდულია.