ხელაშვილი მიხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიხა ხელაშვილი

ხელაშვილი მიხა – (1900 – 1925), ქართველი სახალხო პოეტი დაიბადა სოფელ ახადში (დუშეთი, უკანაფშავი). იყო 1920-იანი წლების ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და „შეფიცულთა რაზმის“ წევრი; 1922-1924 წლებში მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთში. გავრცელებული ვერსიით საკუთარ დაბადების დღეს, 25 წლის ასაკში, მოკლა საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობარმა. სხვა ვერსიით დაიღუპა დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს.

საბჭოთა პერიოდში ხელაშვილის ლექსები იბეჭდებოდა ხალხური პოეზიის ანთოლოგიებში ავტორის მითითების გარეშე. ავტორია პოპულარული ლექსისა „ლექსო, ამოგთქომ ოხერო“, რომელიც ზეპირად ვრცელდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ მის მშობლიურ ფშავში.


ბუნება
ეს ოხერ ბუნების ძალა,
საიდან სადა ჰყვებაო,
ვერც ბრძენთა მისთვის ქება თქვეს,
ვერცრა მე გამეგებაო.
მოდის ზამთარი, ზაფხული,
თოვლი და მიწა ზედაო,
ზოგთად ოქროდ ღირს ქვეყანა,
ზოგთად კი – აღარც ბზედაო.
ოხერის საწუთროსაგან
სუყველა დაიცდებაო.
მხოლოდ ეს მთები მაკვირვებს,
სულ მუდამ ცას აჰყურებენ,
და ნისლნი – ფიქრნი ღვთიურნი,
სულ მათს გარშემო რგულობენ,
და ქარნიც ღვთივ მონაბერნი
მთის გულ-მკერდს დაჰბურბურებენ,
სულ განუწყვეტელ ზღაპარსა
ეტყვიან, დასჩურჩულებენ.
ცა თავის წესსა ასრულებს,
თავისსა მზე – მთვარიანად,
და დედამიწა თავისას,
მდუმარებს მთა-ბარიანად.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები