ხამილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჴამილ-ი (ადიღ. Къамыл – შცირპუს ლაცუსტრის – „ტბის ლელქაში“) – ადიღური ნართული ეპოსის ჯადოსნური მუსიკალური ინსტრუმენტი – სალამური, რომელთანაც დაკავშირებულ მითებში თვალი მიედევნება სამყაროს მითოლოგიური კონცეფციის ერთ-ერთ ფუძემდებლურ მოტივს – სუნთქვის საკრალურობას.

ადიღურ მითოლოგიაში სალამურის გამოგონება ნართული თქმულებების ერთ-ერთ მთავარ გმირს – აშამეზს, მიეწერება. თქმულების თანახმად, ნადირობით დაღლილ აშამეზს ტყეში ხის ქვეშ ჩაეძინა. ისე ღმად ეძინა, რომ იგი ვერც ქარიშხალმა და ვერც მეხთატეხამ ვერ გამოაღვიძა, სიფხიზლე მხოლოდ არაჩვეულებრივმა ხმიანობამ მოგვარა, – ეს ქარი უბერავდა გატეხილ ტოტში, რომლის გული ჭიებს გამოეღრნა და ქერქზე რამდენიმე ნახვრეტიც გაეკეთებინა. ასე იბადებოდა პირველი მუსიკალური ბგერები.

აშამეზმა ტოტი მოჭრა და ჩაჰბერა, ქვეყნიერება საოცარმა ჰანგებმა მოიცვა. აშამეზის სალამურს თეთრი და შავი დაბოლოებები ჰქონდა. თუ სალამურს თეთრი ბოლოდან დაუკრავდი, ქვეყანა აყვავდებოდა, ჯოგი გამრავლდებოდა და ჭირნახულიც დახვავდებოდა, მაგრამ თუკი შავიდან ჩაჰბერავდი – საქონელი იღუპებოდა, დედამიწა ცარიელდებოდა.

როგორც ვხედავთ, სამყაროს მითოსურ აღქმაში განსაკუთრებულ როლს ქარის სუნთქვა თამაშობს. იგი ბადებს პირველ მუსიკალურ ჰანგს, ანუ სამყაროს გახმოვანების აქტს ახორციელებს და წარმოდგება როგორც ქალური საწყისი: ბადებს რა პირველ მუსიკალურ ბგერებს, იგი ასულიერებს ქვეყნიერებას, გმირს. ამდენად, ნართული სალამურის ხმიანობა გვევლინება, როგორც სამყაროს მითოსური სივრცისა და დროის შესაქმის აქტი. შესაძლებელი ხდება სამყაროს „ამოსუნთქვა“ და „ჩასუნთქვა“, მისი "შექმნა“ და მასში „განზავება“. მაგრამ აქ მთავარ როლს ასრულებს არა ინსტრუმენტალისტი (პოტენციური „შემოქმედი“), არამედ თვით ინსტრუმენტი.

ჩერქეზები ჴამილს, როგორც მისტიკურ მუსიკალურ ინსტრუმენტს, დაკავშირებულს ღვთაებრივ ძალებთან და ადამიანის სულთან, მრავალგვარ შემთხვევებში იყენებდნენ („ფსიხაღე“).


ლიტერატურა

  • Кагажева Б. С. Морфология адыгских музыкальных инструментов // Культура и быт адыгов (этнографические исследования). Майкоп, 1991. Вып. 8;
  • Хараева-Гвашева Ф. Ф. Мистицизм Тембра (к вопрсу мифологии музыкальных инструментов) // Этюды по истории и культуре адыгов. Вып. 2. Майкоп, 1999;
  • Хараева Ф. Ф. Традиционные музыкальныеинструменты и инструментальная музыка адыгов. Дис. ... канд. искусствоведения. М., 2000;
  • Нарты. Кабардинский эпос. Нальчик, 2002.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები