ხაირაჯითი ახსავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხაირაჯითი ახსავ-ი (ოს. Хæйрæджыты æхсæв – „კუდიანთა ღამე“) — ოსური ტრადიციული საოჯახო წეს-ჩვეულებების ერთ-ერთი ელემენტი — ეშმაკთა სახელობის ყოველწლიური დღეობა; აღნიშნავდნენ შობასა და ახალ წელს შორის, ოთხშაბათის ღამეს, რომელსაც „ორთა შუაც“ (дыууйы астæу) ერქვა, რაკი ეს ღამე ორ დღესასწაულს შორის იყო; უწოდებდნენ ასევე дзинкъуырты æхсæв – „მზაკვრების ღამეს“ (ირონული дзинкъуыр ← ქართული მზაკვარი — „კუდიანი“, „მაქცია“). ირონელთა და დიგორელთა სადღეობო რიტუალი თითქმის არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან. ირონული წესით, ოჯახის უფროსი საღამო ჟამს სპეციალურად ნასუქ ბატკანს ცხვრის სადგომის ზღურბლთან გათხრილ ორმოზე კლავს; დიგორელები ორმოს საცხოვრებლის ზღურბლთან გათხრიან და შეწირული ბატკნის (ან შავი ქათმის) სისხლს, გულს, ცალ ფეხს, ზოგჯერ მსხვერპლის მთელ ჩონჩხს ამ ორმოში მარხავენ. მსხვერპლშეწირვის შემდეგ სუფრას გაშლიან და მოხარშულ ხორცს ქეჩას გადააფარებენ; მთელი ოჯახი სახლიდან ისე გადის, რომ შინ ძაღლს და კატას არ ტოვებს. თვლიან, რომ მზაკვრები მათთვის შეწირული ხორცის საჭმელად მოდიან. უკანმობრუნებული ოჯახის უფროსი გამოაცხადებს, რომ სუფრას ხორცის ერთი ნაჭერი აკლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხაირაგებმა მსხვერპლი მიიღეს.


ლიტერატურა

Гатиев Б. Суеверия и предрассудки у осетин // ССКГ. IX. ТФ., 1876; Баранов Е. З. Хайраджыты ахсав («ночь чертей») // Кавказ. 1900. № 112.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები