წყარიშ დიდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წყარიშ დიდა (მეგრ. „წყლის დედა“) – ამბივალენტური ხასიათის წყლის სული მეგრულ მითოლოგიაში. ლამაზი სახის, თეთრი ტანის (ზოგი მონაცემით, დიდძუძუებიანი) გრძელთმიანი წყლის დედა, რომელიც მდინარეში ცხოვრობს, მართავს წყლის მდინარებას, იცავს და თვალყურს ადევნებს თევზების გამრავლებას. უპირატესად ღამით იმ ადგილებში ჩნდება, სადაც ფონია და ქვეითი თუ ცხენოსანი მგზავრი გადის. მთვარიანი ღამით, როცა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას წყლის ზედაპირი ირეკლავს, იგი მდინარის შუაგულში პირაღმაა ჩაწოლილი, ცხენის აღვირს ხელს წაავლებს და მხედარს არც წინ უშვებს და არც უკან, ბოლოს წყალში ცხენიანად ღრმად ჩაითრევს. ხშირად წყლის დედას მებადურები ხვდებიან. როცა იგი ბადეში ეხვევა, განრისხებული მებადურს ახრჩობს. ყოველ ასეთ შემთხვევაში კოკისპირული წვიმა იწყება და მანამ არ გადაიღებს, სანამ წყლის დედა დამხრჩვალს თავისი მკერდიდან არ მოიშორებს და მდინარისპირზე არ გამორიყავს. წყლის დედისგან მოხიბლული მამაკაცი მისი მორჩილი საყვარელი ხდება. ასეთი მამაკაცი ოჯახში უგუნებოდ და უგულოდ არის, ვერ მუშაობს, გარე-გარე დადის და წყლის დედის სიყვარულითაა გატაცებული.

ზოგჯერ წყლის დედა, რომელაც წყლის ალს მოგვაგონებს, გაიგივებულია მდინარეთა გამგებელ ქალ-თევზასთან („ოსურ-ტოფუ“).


ლიტერატურა

  • ნ. ანთელავა. სამეგრელოს ექსპედიციის მასალები. რვ. № 13, გვ. 19-21 (ინახება ავტორთან);
  • ს. მაკალათია. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია. თბ., 1941, გვ. 337;
  • თ. სახოკია. ეთნოგრაფიული ნაწერები. თბ., 1956, გვ. 15;
  • ა. ჭანტურია. ეთნოგრაფიული ჩანაწერები. მეგრული რწმენა-წარმოდგენები და ზნე-ჩვეულებანი // თსუ შრომები. ტ. 227. ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოგრაფია. თბ., 1982, გვ. 226.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები